ათენის მეორე საზღვაო კავშირი

ათენის მეორე საზღვაო კავშირიძველბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება ათენის ხელმძღვანელობით.

ათენის მეორე საზღვაო კავშირის რუკა

პელოპონესის ომში ათენის საბოლოო განადგურების შემდეგ (ძვ. წ. 404) ათენის პირველი საზღვაო კავშირი (ე.წ. დელოსის კავშირი) ოფიციალურად დაიშალა. ამის მიუხედავად, მეოთხედი საუკუნის შემდეგ, როდესაც ათენმა მეტ-ნაკლებად აღიდგინა თავისი საზღვაო კავშირები და სამხედრო ძალა, წამოიწყო ადრინდელი სამხედრო-პოლიტიკური ერთობის აღდგენის მცდელობა. ძვ. წ. 378 წელს ათენის სახალხო კრების დადგენილებით გამოცხადდა ახალი, ათენის მეორე საზღვაო კავშირის შექმნა, რომლის რელიგიურ ცენტრად დელოსი დარჩა. კავშირის ორგანიზაცია აშენდა ხაზგასმულად თანასწორუფლებიანობის საწყისებზე: ყველა საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო ერთობლივად — ათენის სახალხო კრებისა და საკავშირო საბჭოს (სინედრიონის) მიერ. მოკავშირეებთან არასასურველი კოლიზიების აცილების მიზნით, ათენელებს დაევალათ არ შეექმნათ მოკავშირე ქალაქების მიწებზე კლერუქიები, არ განეთავსებინათ ამ ქალაქებში თავისი გარნიზონი, არ გადაეხდევინებინა სკავშირო გამოსაღები — ფოროსი. კავშირში შევიდა 75-მდე ქალაქი. ახალი გაერთიანება ერთობ არამტკიცე აღმოჩნდა: ათენელები მალევე დაუბრუნდნენ საკუთარ დიდმპყრობელურ პოლიტიკას (მოხალისეობრივი შენატანის — სინტაქსისის — სახით აღადგინეს ფულადი გამოსაღების პრაქტიკა, მოკავშირეთა მიწებზე დაიწყეს კლერუქიების შექმნა და ა.შ.), და 357 წელს ქალაქების ნაწილი (ქიოსი, როდოსი, კოსი და ბიზანტიონი) განუდგნენ ათენს. ათენის მცდელობები, მორჩილებაში მოეყვანა აჯანყებულები (ე.წ. მოკავშირეთა ომი, 357–355), წარმატებით ვერ დასრულდა. ზომით ძლიერ შემცირებული ათენის მეორე საზღვაო კავშირი არსებობდა ძვ. წ. 338 წლამდე, სანამ ბერძნების დამმარცხებელი მაკედონელი მეფის, ფილიპე II-ის მოთხოვნით, იგი არ გაუქმდა.[1]

  1. Фролов Э. Д. Делосский союз // Большая российская энциклопедия. т. 8. — М., 2007. — стр. 478.