ათანასე ნიკიტინის ძეგლი (ტვერი)

ათანასე ნიკიტინის ძეგლი (რუს. Памятник Афанасию Никитину) — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძეგლი ტვერში, ათანასე ნიკიტინის სამშობლოში, პირველი ევროპელი მოგზაურისა, რომელმაც ინდოეთში სავაჭრო გზა გახსნა.

ათანასე ნიკიტინის ძეგლი
კოორდინატები 56°51′56″ ჩ. გ. 35°54′16″ ა. გ. / 56.86556° ჩ. გ. 35.90444° ა. გ. / 56.86556; 35.90444
მდებარეობა ტვერი, რუსეთი
მოქანდაკე სერგეი ორლოვი,
ანატოლი ზავალოვი
მასალა ბრინჯაო
სიმაღლე 4 მ.
გახსნის თარიღი 1955
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6900136000

ძეგლი მდებარეობს ათანასე ნიკიტინის სანაპიროზე, მდინარე ვოლგის მარცხენა ნაპირზე. ის არის ბრინჯაოს ოთხმეტრიანი ქანდაკება გრანიტის კვარცხლბეკზე, რომელიც დამონტაჟებულია მრგვალ თუჯის პლატფორმაზე. ძეგლი დგას ფართო, გემბანთან სტილიზებულ სათვალთვალო მოედანზე. ათანასე ნიკიტინი სიმაღლიდან ამაყად გადაჰყურებს ვოლგას და ქალაქის პარკს. მას ხელში სიგელი უჭირავს, რომელიც მიხეილ ბორისის ძემ (1453-1505, ტვერის დიდმა მთავარმა 1461-1485 წლებში) გადასცა. მეორე ვერსიით, ეს არის გრაგნილი სავაჭრო გარიგებებისთვის. ქამარზე მიმაგრებული აქვს ქისა ფულით. რადგან არქიტექტურულ კომპლექსზე ძირითადი ხედი ნაპირიდან იშლება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვაჭარი ხომალდის გემბანზე დგას, წუთი-წუთზე გაუშვებს მას ზღვაში და გაემგზავრება შორეულ მოგზაურობაში.

ძეგლი შექმნეს მოქანდაკეებმა სერგეი ორლოვმა და ანატოლი ზავალოვმა არქიტექტორ გრიგორი ზახაროვის პროექტით და გაიხსნა 1955 წლის ივნისში. გახსნის ცერემონიას ესწრებოდა ინდოეთის ელჩი სსრკ-ში იმ დროისთვის - კუმარ მენონი.[1] მან აღნიშნა, რომ ნიკიტინი უდიდესი მოგზაური იყო, რომელმაც ახალი მიწა მაშინ აღმოაჩინა, როცა ევროპაში ინდოეთის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი იცოდნენ.[2]

ძეგლის უკან არის ქრისტეს აღდგომის ეკლესია (სამი აღმსარებლის).[3] ძეგლი ქალაქელებისთვის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. მისი შექმნის იდეა ჯერ კიდევ 1930-იან წლებში აღმოცენდა, მაგრამ დიდმა სამამულო ომმა გეგმების განხორციელებას ხელი შეუშალა. საინტერესოა, რომ ტვერის ღირსშესანიშნაობა, რომელმაც ქალაქს სახელი გაუთქვა, ყველაზე ახალგაზრდაა. ყველა არქიტექტურული ქმნილება, რომელიც გამოარჩევს ტვერს რუსეთის სხვა ქალაქებისგან, მხოლოდ 1763 წლის ხანძრის შემდეგ გაჩნდა, ეკატერინე II-ს ბრძანებით.

ქალაქური ლეგენდები

რედაქტირება

ათანასე ნიკიტინის ძეგლთან დაკავშირებულია რამდენიმე ლეგენდა. ყვებიან, თითქოს 1955 წელს, ნიკიტა ხრუშჩოვის ინდოეთში ვიზიტის დროს, ჯავაჰარლალ ნერუს უკითხავს მისთვის: არის თუ არა ვაჭრის სამშობლოში მისი ძეგლი? ხრუშჩოვმა დამაჯერებლად უპასუხა, რომ ძეგლი დიდი ხანია დგას, სინამდვილეში კი ეს ასე არ იყო. სახლში დაბრუნების შემდეგ ხრუშჩოვმა განკარგულება გასცა, რომ ტვერში სასწრაფოდ დაედგათ ათანასე ნიკიტინის ძეგლი. კიდევ ერთი ლეგენდის მიხედვით, პირველად უნდოდათ სადკოს ძეგლის დადგმა, მაგრამ ინდოეთში ხრუშჩოვის დამამახსოვრებელი ვიზიტის შემდეგ სადკო სასწრაფოდ გადააკეთეს ათანასე ნიკიტინად, ბარბითი კი გრაგნილად.

სინამდვილეში ხრუშჩოვის ვიზიტი ინდოეთში ძეგლის დადგმიდან ნახევარი წლის შემდეგ შედგა.

ათანასე ნიკიტინის ძეგლები

რედაქტირება

ცნობილი ტვერელი ვაჭრის და მოგზაურის, ათანასე ნიკიტინის პატივსაცემად მსოფლიოში სამი მემორიალი აღმართეს. მათი ადგილმდებარეობა მოგზაურის სავაჭრო გზის სიმბოლიზირებას ახდენს და თავისებურ წრეს ქმნის: ტვერი, ინდოეთი და ფეოდოსია. [4] ერთად ისინი იმეორებენ ნიკიტინის გზას „სამი ზღვის იქით“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება