აზია-წყნარი ოკეანის საბჭო
აზია-წყნარი ოკეანის საბჭო (ინგლ. Asian and Pacific Councile (ASPAC) — რეგიონული პოლიტიკურ-ეკონომიკური ორგანიზაცია.
შეიქმნა დამფუძნებელ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში 1966 წლის 14-16 ივნისს. კონფერენციაზე ცხრა არაკომუნისტურმა სახელმწიფომ გამოხატა საერთო გადაწყვეტილება, რომ შეინარჩუნოს თავიანთი მთლიანობა და სუვერენიტეტი გარე საფრთხის წინაშე.
ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში.
აზია-წყნარი ოკეანის საბჭოს უმაღლესი ორგანოა საგარეო საქმეთა მინისტრების სესია (1973 წლის მერე აღარ მოუწვევიათ). ყოველწლიურ სესიებს შორის საკონსულტაციო და საკოორდინაციო ორგანოა მუდმივმოქმედი კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მონაწილე ქვეყნების ელჩები, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თავმჯდომარეობით, რომლის ტერიტორიაზეც დაგეგმილია ორგანიზაციის შემდეგი სხდომა.
თავდაპირველად საბჭოს შემადგენლობაში შედიოდა იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ტაილანდი, ფილიპინები, მალაიზია, ტაივანი, სამხრეთი კორეა, სამხრეთი ვიეტნამი. დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა ლაოსი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ, ავსტრალიამ და მისმა ზოგიერთმა წევრმა მოითხოვეს აზია-წყნარი ოკეანის საბჭოს სამხედრო ბლოკად გადაქცევა.
ინდოჩინეთში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამარჯვებისა და საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის პოლიტიკის შედეგად, აზია-წყნარი ოკეანის საბჭომ მწვავე პოლიტიკური კრიზისი განიცადა. 1973 წელს მისი რიგებიდან გავიდა მალაიზია, 1975 წელს დაიშალა საიგონის მარიონეტული რეჟიმი ნგუენ ვან თჰიეუს ხელმძღვანელობით. მთელმა რიგმა წევრმა ქვეყნებმა გამოთქვეს საბჭოს დაშლის ან ძირეული რეორგანიზაციის სურვილი. აზია-წყნარი ოკეანის საბჭოს მოღვაწეობა პრაქტიკულად პარალიზებული აღმოჩნდა.