ავგუსტ დე ბოარნე
ავგუსტ დე ბოარნე (ფრანგ. Auguste de Beauharnais, პორტ. Augusto de Beauharnais; დ. 9 დეკემბერი, 1810 — გ. 28 მარტი, 1835) — ბოარნეების დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის იმპერატრიცა ჟოზეფინ დე ბოარნეს შვილიშვილი. ლოიხტენბერგის ჰერცოგი 1824-1835 წლებში როგორც ევგენი ბოარნეს უფროსი ვაჟი. პორტუგალიის პრინც-კონსორტი 1835 წლის იანვრიდან მარტამდე როგორც დედოფალ მარია II-ის პირველი მეუღლე.
ავგუსტ დე ბოარნე | |
---|---|
ავგუსტი 1835 წელს | |
პორტუგალიის პრინც-კონსორტი | |
მმართ. დასაწყისი: | 26 იანვარი, 1835 |
მმართ. დასასრული: | 28 მარტი, 1838 |
წინამორბედი: | მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი (როგორც დედოფალ-კონსორტი) |
მემკვიდრე: | ფერდინანდ საქსენ-კობურგ-გოთელი (როგორც მეფე-კონსორტი) |
ლოიხტენბერგის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 21 თებერვალი, 1824 |
მმართ. დასასრული: | 28 მარტი, 1835 |
წინამორბედი: | ევგენი |
მემკვიდრე: | მაქსიმილიანი |
სხვა წოდებები: | სანტა-კრუზის ჰერცოგი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 9 დეკემბერი, 1810 |
დაბ. ადგილი: | მილანი, იტალია |
გარდ. თარიღი: | 28 მარტი, 1835, (24 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლისაბონი, პორტუგალია |
მეუღლე: | მარია II, პორტუგალიის დედოფალი |
სრული სახელი: | ავგუსტ შარლ ევგენი ნაპოლეონ დე ბოარნე |
დინასტია: | ბოარნეები |
მამა: | ევგენი, ლოიხტენბერგის ჰერცოგი |
დედა: | ავგუსტა ბავარიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაავგუსტი დაიბადა 1810 წლის 9 დეკემბერს მილანში. იგი იყო იტალიის მეფის ნაცვალ ევგენი ბოარნესა და მისი ცოლის, ავგუსტა ბავარიელის უფროსი ვაჟი. მამამისი იყო საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის გერი, როგორც მისი პირველი ცოლის, იმპერატრიცა ჟოზეფინ ბოარნეს ვაჟი პირველი ქორწინებიდან. ავგუსტის დედა კი იყო ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ავგუსტა ვილჰელმინა მარია ჰესენ-დარმშტადტელის ქალიშვილი. მას მრავალი და-ძმა ჰყავდა, რომელთაგანა აღსანიშნავია ბრაზილიის იმპერატრიცა ამალია და შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი ჟოზეფინა. 1815 წელს, ნაპოლეონის დამხობის შემდეგ მამამისს ჩამოერთვა იტალიის მეფის ნაცვლობა, რის შემდეგაც ევგენი ოჯახთან ერთად ბავარიაში გაიქცა. აქ მას სიმამრმა 1817 წელს ლოიხტენბერგის ჰერცოგობა უბოძა. 1824 წელს, ევგენის გარდაცვალების შემდეგ, ავგუსტს, როგორც უფროს ვაჟს დარჩა ლოიხტენბერგის ჰერცოგობა.
1834 წლის 5 ნოემბერს, მიუნხენში შედგა ავგუსტისა და პორტუგალიის დედოფალ მარია II-ის მარიონეტული ქორწინება. მარია იყო ავგუსტის დის, ამალიას გერი, რომელიც თავისი სილამაზითა და განათლებით იყო ცნობილი, ამასთან სამეფო ტახტზეც იჯდა, რაც მას ყველასთვის სასურველ პატარძლად აქცევდა. ამის შემდეგ, ავგუსტმა დატოვა ბავარია და პორტუგალიაში გადასახლდა, სადაც 1835 წლის 26 იანვარს, ლისაბონში შედგა მისი და მარიას ნამდვილი ქორწინება, რის შემდეგაც მას პორტუგალიის პრინც-კონსორტისა და სანტა-კრუზის ჰერცოგის წოდება მიენიჭა.
ქორწინებიდან სულ რაღაც ორ თვეში ავგუსტს სტენოკარდია განუვითარდა და 1835 წლის 28 მარტს, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა უშვილოდ. იგი ლისაბონში, ბრაგანსების საგვარეულო აკლდამაში დაკრძალეს. მარიას, რომელსაც იგი ძალიან უყვარდა, ძალიან გაუჭირდა მასთან გამოთხოვება, მაგრამ გრძნობები დასძლია და მემკვიდრის გასაჩენად მეორედ გათხოვდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Neuer Nekrolog der Deutschen. Band 13, Teil 1, Weimar 1837, S. 343–347.