ადენოიდური ჰიპერტროფია

ადენოიდები, ადენოიდური ჰიპერტროფია, ადენოიდების გადიდება (ლათ. adenoides < ძვ. ბერძნ. ἀδήν — „ჯირკვალი“ + εἶδος — „სახე“) — ეწოდება ცხვირ-ხახის მუშურა ჯირკვლის პათოლოგიურ გადიდებას. ის ბავშვების დაავადებად ითვლება, მაგრამ იშვიათად ზრდასრულებსა და მოხუცებს შორისაც გვხვდება. განსაკუთრებით ხშირად ავადდებიან 3-10 წლამდე ასაკის ბავშვები. პატარები საბავშვო ბაღსა თუ სხვა ხალხმრავალ დაწესებულებებში (სპორტულ სექციებში) მეტწილად 3 წლიდან მიჰყავთ, ამიტომ ამ ასაკიდან იმატებს გადამდები ინფექციებით დასნებოვნების ალბათობა. იმუნიტეტიც აქტიურ მოქმედებას იწყებს და თუ მშობლებმა სათანადო ყურადღება არ მიაქციეს და სრულფასოვნად არ უმკურნალეს გრიპითა თუ სხვა ინფექციით დაავადებულ ბავშვს, იქმნება ადენოიდების გადადების წინაპირობა.

დაახლოებით 12 წლიდან მუშურა ჯირკვლები პატარავდება, ხოლო 16-20 წლისათვის ადენოიდური ქსოვილი ორგანიზმში პრაქტიკულად აღარ არის.

სიმპტომები

რედაქტირება

ადენოიდი ბავშვის ორგანიზმში დარღვევათა მთელ წყებას იწვევს:

  • ძნელდება ცხვირით სუნთქვა, რაც შესაძლოა ჰიპოქსიის მიზეზად იქცეს. შედეგად ფერხდება გონებრივი განვითარება;
  • ზედა ყბა ზრდაში ჩამორჩება, თანკბილვის პრობლემებს იწვევს. ბავშვს უყალიბდება სპეციფიკური სახე: ქვედა ყბა წინ არის წამოწეული, პირი ხშირად არის ღია. ვითარდება მეტყველების დარღვევა;
  • ქვეითდება სმენა. შესაძლოა, ადენოიდი ცხვირით სუნთქვას ხელს არ უშლიდეს, მაგრამ ევსტაქის მილი დაახშოს. ეს აფერხებს შუა ყურამდე ჰაერის თავისუფალ დინებას და ბავშვს ცუდად ესმის. გარდა ამისა, შუა ყურის მიდამოში ხელსაყრელი პირობები იქმნება კატარული და ჩირქოვანი ინფექციების განვითარებისათვის;
  • ცხვირიდან ლორწოს გამოყოფის ფუნქციის დარღვევის გამო, ორაგნიზმში ჩნდება ინფექციის მუდმივი წყარო, რომელიც ხელს უწყობს ანთებითი პროცესების განვითარებას როგორც უშუალოდ მუშურა ჯირკვალში (ადენოიტი), ასევე, ცხვირ-ხახასა და ქვედა სასუნთქი გზების სხვა უბნებში. ადენოიდებიან ბავშვს ხშირად ემართება სხვა ინფექციურ-ანთებითი და ალერგიული პათოლოგიებიც.

განასხვავებენ ადენოიდების გადიდების სამ ხარისხს:

  • I ხარისხი - ბავშვი დღისით თავისუფლად სუნთქავს, ღამით კი ცხვირით სუნთქვა უჭირს (წოლისას ადენოიდები უფრო მეტად ახშობს სასუნთქ გზებს);
  • II ხარისხი - ადენოიდები, პრაქტიკულად, სანახევროდ ფარავს ცხვირის ჰაერგამტარ გზას. ამიტომ ბავშვები ხშირად ხვრინავენ ძილში, დღისით კი იძულებული არიან პირით ისუნთქონ;
  • III ხარისხი - ადენოიდები მთლიანად კეტავს ცხვირის ჰაერგამტარ გზას და ხელს უშლის ჰაერის ცხვირიდან სასულეში გადასვლას. ბავშვი მხოლოდ პირით სუნთქავს.

მკურნალობა

რედაქტირება

კონსერვატიული მკურნალობა შესაძლებელია დაავადების საწყის ეტაპზე, პირველ სტადიაში. შედეგიანია ლაზეროთერაპია მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად. რაც შეეხება ხალხურ მეთოდებს, ისინი ხსნის დაავადების გამოვლინებას, მაგრამ ვერაფერს აკლებს მიზეზს.

ადენოიდების ოპერაციული ჩვენებაა ცხვირით სუნთქვის გაძნელება, სმენის დაქვეითება ან ორივე ერთად. ოპერაციას ადენოტომია ეწოდება. სპეციალური ხელსაწყოთი, პირის ღრუს გავლით შედიან ცხვირ-ხახაში და ადენოიდებს კვეთენ.

არის შემთხვევები, როცა ადენოიდები ხელახლა ჩნდება. რეციდივის მრავალი მიზეზი არსებობს. მთავარი - არაკვალიფიციურად ჩატარებული ოპერაციაა. სხვა მიზეზებს შორის შეიძლება გამოვყოთ ოპერაციის გაკეთება ადრეულ (3 წლამდე) ასაკში, ალერგიისკენ მიდრეკილება, ადენოიდური ქსოვილის ზრდისკენ მიდრეკილება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე!