ადამ ბობღიაშვილი
ადამ იასონის ძე ბობღიაშვილი (ფსევდონიმი — ალვანელი) (დ. 22 მაისი, 1912, სოფ. ზემო ალვანი, ახლანდ. ახმეტის მუნიციპალიტეტი, — გ. 18 მარტი, 1943, იქვე) — ქართველი მწერალი, ანტისაბჭოთა პოლიტიკური აქტივისტი, ეთნიკურად წოვა-თუში.
დაამთავრა ერევნის ვეტერინარული ინსტიტუტი (1935). საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ხევსურეთში (ბარისახო), ზემო სვანეთში, შემდეგ კი შირაქის მომთაბარე ვეტპუნქტში ექიმის თანამდებობაზე. 1938 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. II მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ დაუკავშირდა საიდუმლო პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომლის მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. შეთქმულების გაცემის შემდეგ ბობღიაშვილმა თუშეთს შეაფარა თავი, სადაც სათავეში ჩაუდგა „სამანელთა“ ადგილობრივ იატაკქვეშა დაჯგუფებას. მოკლეს თორღვის ხეობაში.
ბობღიაშვილის პირველი ლექსი „დედის ბარათი“ დაიბეჭდა ჟურნალ „ჩვენს თაობაში“ (1940, № 1). მისი ლექსები პოპულარული იყო თუშეთში. 1976 წელს მისი შემორჩენილი ლექსები თვითგამოცემით ჟურნალ „ოქროს საწმისში“ (№ 4) დაიბეჭდა, 1989 წლიდან კი ოფიციალურად დაუბრუნდა ქართულ მწერლობას.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- გრიგალო იყუჩე... : ლექსები, მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ლომისი, 1993. - 144გვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩხეიძე რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 450.