აგროკლიმატური რუკა

აგროკლიმატური რუკა — თემატიკური რუკა, რომელშიც ასახულია გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო კლიმატური რესურსებისა და ამინდის პირობების სივრცითი და სივრცით-დროული ცვალებადობა. აგროკლიმატური ცნობარებისაგან განსხვავებით ეს რუკები ინფორმაციას იძლევა არა მარტო იმ პუნქტებისათვის, რომლებშიც წარმოებს დაკვირვება მეტეოროლოგიურ და ფენოლოგიურ მოვლენებზე, სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზრდა-განვითარებასა და მოსავლიანობის მდგომარეობაზე, არამედ ამ ტერიტორიის ნებისმიერი პუნქტისათვისაც. ეს განაპირობებს აგროკლიმატური რუკის დიდ მეცნიერულ და პრაქტიკულ მნიშვნელობას ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო წარმოების სწორად დაგეგმვასა და გაძღოლაში.

აგროკლიმატური რუკის თემატიკა მრავალფეროვანია:

  1. სავეგეტაციო პერიოდის უზრუნველყოფა სითბოთი და სინოტივით;
  2. ამინდის უარყოფითი პირობები სავეგეტაციო და ზამთრის პერიოდში;
  3. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა წარმოების კლიმატური პირობები და ვადები;
  4. სასოფლო-სამეურნეო კულტურების აღმოცენებისა და განვითარების კლიმატური პირობები (ცალკეული კულტურების მიხედვით);
  5. სასოფლო-სამეურნეო კულტურების განვითარების ფაზების დადგომის პირობები და ვადები.

აგროკლიმატური რუკის თემატიკა აგროკლიმატოლოგიის განვითარების კვალდაკვალ იზრდება. მისი მრავალფეროვნების გამო აუცილებელი ხდება აგროკლიმატური ატლასების შექმნა.

ლიტერატურა რედაქტირება