აგეურთის კოშკი
აგეურთის კოშკი – კოშკი ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ნასოფლარ აგეურთის ტერიტორიაზე (ომალოს თემში). განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
გეგმით კოშკი თითქმის კვადრატულია (3,9 X 3,6 მ), ზემოთ შევიწროვებული. ნაგებია ფიქალით. წყობა მშრალია. მესამე სართულის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლები გარედან მიწანარევი ნაკელით ყოფილა შელესილი. კოშკი დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა. მონგრეულია IV სართულის კედლების ზედა ნაწილი.
I სართულზე შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი თაღოვანია. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში განიერი თაღოვანი კარია, ხოლო დასავლეთ და სამხრეთ კედლებში - თითო თაღოვანი სარკმელი. III სართულის ჩრდილოეთ კედელში ორი სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, დანარჩენ კედლებში თითო სარკმელია. IV სართულზე, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში სალოდეებია მოწყობილი, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში კი - თითო სათოფური. კოშკის სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული (შემორჩენილია კოჭების ბუდეები).
ლიტერატურა
რედაქტირება- თოფურია ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 44-45.