აბულმუგი
აბულმუგი, აბულმუქი — ნასოფლარი დმანისის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე მაშავერას შენაკად ხინწისხევის მარცხენა მხარეზე, სოფელ ბალიჭის მახლობლად.
აღწერა
რედაქტირებააბულმუგი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 315,19), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 713), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 52), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 228, 401; საქ. სიძ. 1909: 360).
ვახუშტი ბაგრატიონი აბულმუგის შესახებ გადმოგვცემს: „დბანისს ქუეით არს ჩდილოთ კერძ ხინწის ხევი. მას ქუეით დაბა აბულმუგი. აქ ითხრების ლითონი რკინისა, სპილენძისა და ლაჟვარდისა“ (ქც 4: 315,18-20).
XVIII საუკუნეში აბულმუგი საბარათიანოში შედიოდა და წარმოადგენდა სახასო სოფელს (ბაგრატიონი 1986: 52).
1721 წელს ხალხის აღწერის დავთარში აბულმუგის ცხრა მებატონე და 20 გამომღები ყმაა დასახლებული.
1975 წ. აბულმუგის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არახლო-კაზრეთის ექსპედიციამ (ხელმძღ. მ. სინაურიძე). გათხრების შედეგად იქ გამოვლინდა შუა საუკუნეების აბანო (სინაურიძე 1977: 136). 1985-1986 წწ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მაშავერას ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. კ. კახიანი) აბულმუგის ხეობაში შეისწავლა ელინისტური ხანის სამაროვანი. სამაროვანი „აბულმუგი I“ მდებარეობს ნაქალაქარ დმანისის მახლობლად (ჩრდილოეთით), აბულბუქის ხევის მარცხენა მხარეს. სამაროვანზე გაითხარა ქვის ფილებით ნაგები 25 სამარხი და ქვის ფილით გადახურული 2 ორმოსამარხი. სამარხებში მიცვალებულები დაუკრძალავთ კიდურებმოხრილი, მარჯვენა გვერდზე, თავით ჩრდილო-აღმოსავლეთით. დადასტურდა სამარხთა მეორადი გამოყენების შემთხვევებიც (NN 3, 4, 6, 12, 16, 18, 19). სამ სამარხში (NN 11, 12, 24) აღმოჩნდა წვრილფეხა საქონლის ძვლები (აღაპი). N 22 სამარხში მიცვალებულს ზემოდან ეფარა კევრი. სამარხებში აღმოჩნდა: წითლად შეღებილი, მოხატული და ანგობირებული მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ჭურჭელი (დერგები, დოქები, ხელადები, ქოთნები, კოჭობები, ჯამები, ფიალები, სამარილეები. სულ 61 ერთეული). საბრძოლო-სამეურნეო იარაღებიდან აღსანიშნავია: რკინის შუბისპირები, ისრისპირი, ცულები, დანები; სამკაულიდან გვხვდება: ბრინჯაოს სამაჯურები, საკინძები, სასაფეთქლე რგოლები, საკიდები, ვარდული, საკისრე რგოლი; სარდიონის, მინის, გიშრის მძივები. სამაროვანი თარიღდება ძვ. წ. IV ს-ის დასასრულითა და III ს-ის დასაწყისით (ძნელაძე 2001: 140-164; ხოხობაშვილი, ძნელაძე 2008). მასალა ინახება დმანისის არქეო ლოგიური ექსპედიციის ბაზაში. აბულმუგის აბანო ქვით ნაშენი ნაგებობაა, რომელიც შედგება საცეცხლე განყოფილების, საკუთრივ აბა ნოსა და მის წინ მდებარე ნიშებიანი ოთახისაგან (საერთო სიგრძე 9 მ). აბანო წარმოადგენს კვადრატულ ოთახს, რომელიც გადახურულია გუმბათით. ოთახი კირითაა შელესილი. კედლებში დატანილია წყლის მილები და საკვამურები. აბანოს დასავლეთით მოწყობილია საქვაბე, რომლის ზემოთ მოთავსებულია ცხელი წყლის აუზი. მასში შეყვანილია მილი, რომელიც აბანოს წყლით ამარაგებდა. წყალსადენის მეორე ხაზი შეყვანილია აბანოს ჩრდილო კედელში და ჩადის აუზში. აქვე აღმოჩნდა თონე, რომელიც აბანოს დანგრევის შემდეგ ყოფილა გამართული. ნაგებობის სამხრეთ კედელში არსებული კარის წინ აღმოჩნდა რუსუდან მეფის (1222-1245) მონეტა. აბანოს ტერიტორიაზე გამოვლინდა მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები. აბანო თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით (სინაურიძე 1977: 136). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
აბულმუგის ეკლესია მდებარეობს სოფ. ბალიჭის პირდაპირ, მდ. მაშავერას მარცხენა ნაპირას. ეკლესია დარბაზულია (9,6X6,1მ). გვიან შუა საუკუნეებში გადაუკეთებიათ. ეკლესიის დასავლეთ კედელში, სარკმლის ძირის ქვად გამოყენებულია ძველი წარწერიანი ფილა. რვასტრიქონიანი ასომთავრული წარწერა არ იკითხება. ასოთა მოხაზულობით წარწერა თარიღდება X-XI სს-ით (მუსხელიშვილი 1941: 25). დასავლეთ კედელში გარედან ჩასმულია ჯვრისგამოსახულებიანი მედალიონი, რომლის ქვემოთ ბერძნული მთავრულით გამოსახულია „ალფა“ და „ომეგა“. ქვა არასწორადაა ჩადგმული. ჩანს, ძველი მასალა (დაახ. VI-VII სს-ის) შემდგომში გამოუყენებიათ (ყაუხჩიშვილი 1951: 293).
აბულმუგის მახლობლად დაახლ. 0,4-0,5 კმ-ზე მდ. მაშავერას მარცხენა ნაპირას დგას „ორსაყდრის ეკლესია“ (ორი საყდარი), რომელთაგან ქვემო ეკლესია დარბაზულია (7,0X4,1 მ). ეკლესიის ფასადებში ჩაშენებულია ჩუქურთმიანი სტელების 11 ნატეხი, რომლებიც VI ს-ით თარიღდება. საკუთრივ ეკლესია გვიანდელი ნაგებობაა (ჯაფარიძე 1982: 33). ორსაყდრიდან 1 კმ მანძილზე ორი პატარა ეკლესიის ნანგრევია. პირველს, მცირე შენობას „დაქცეულ საყდარს“ უწოდებენ; მეორე, მოყვითალო ქვით ნაგები, დარბაზული ტიპის ე. წ. სვეტიცხოვლის ტაძარია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ტაძრის შიგნით, შესასვლელთან დევს საფლავის ქვა მხედრული წარწერით, რომელიც თარიღდება 1658 წლით (მუსხელიშვილი 1941: 29).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირებაბაგრატიონი 1986: 52; ბერძენიშვილი 1979: 13; კახიანი ... 1991: 51-59; ლორთქიფანიძე 1935; 1938; მასალანი საქ. სტატ...... 1907: 228, 401; მუსხელიშვილი 1941: 25, 29; საქ. სიძ. 1909: 360; სინაურიძე 1977: 129-141; ქც 4: 315, 19; ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 713; ძნელაძე, ხუბულური 1989: 42-47; ძნელაძე 2001: 140-164; ყაუხჩიშვილი 1951: 40; ხოხობაშვილი, ძნელაძე 2008; ჯაფარიძე 1982.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლორთქიფანიძე ი., „ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში“, ნაწ. 1-4, ტფ., 1935-1938;
- მუსხელიშვილი ლ., „არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავერის ხეობაში“, თბ., 1941;
- ბერძენიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 46.