აბდ ალ-კადირის აჯანყება

აბდ ალ-კადირის აჯანყება — სახალხო აჯანყება ალჟირში ფრანგ ოკუპანტთა წინააღმდეგ 1832-1847 წლებში აბდ ალ-კადირის მეთაურობით. ორანის პროვინციის აჯანყებულმა არაბულ-ბერბერულმა ტომებმა რამდენიმეჯერ დაამარცხეს ფრანგები და აიძულეს დაედოთ ზავი (დემიშელის ხელშეკრულება, 1834 წლის თბერვალი). საფრანგეთმა ცნო აჯანყებულთა მიერ დასავლეთ ალჟირში შექმნილი სახელმწიფო (საამირო). 1835 წელს ომი განახლდა. 1835 წლის ივნისში მაქტასთან და 1836 წლის აპრილში ტაფნასთან დამარცხებამ გენერალი ბიუჟო აიძულა 1837 წლის მაისში ხელი მოეწერა ტაფნის საზავო ხეშეკრულებისათვის, რომლის ძალითაც საამიროს ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა. საამირო დაიყო პროვინციებად, შეიქმნა რეგულარული არმია, დაიწყო იარაღის წარმოება. საფანგეთმა დაარღვია ტაფნის ხელშეკრულება და 1838 წელს საფრანგეთის 100-ათასიანმა არმიამ ხელთ იგდო მსხვილი ფეოდალების ღალატით დასუსტებული საამირო. აბდ ალ-კადირი მაროკოში გაიხიზნა და არაბებს დამპყრობთა წინააღმდეგ საღვთო ომისკენ მოუწოდა. 1844 წლის სექტემბერში ისლის ბრძოლაში დამარცხებული მაროკოს სულთანი იძულებული გახდა ზავი დაედო. 1845 წელს აბდ ალ-კადირი დაბრუნდა ალჟირში და 1845-1846 წლებში ისევ აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. 1847 წელს აჯანყებულები დამარცხდნენ. აბდ ალ-კადირი ფრანგებმა ტყვედ ჩაიგდეს.

ლიტერატურა

რედაქტირება