ვახუშტი აბაშიძე
ვახუშტი ლევანის ძე აბაშიძე (გ. 1746) — ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVIII საუკუნის პირველ ნახევარში, ვახტანგ VI-ის პოლიტიკის მიმდევარი. 1711 აბაშიძე იმერეთიდან ქართლს გადავიდა, ვახტანგს ეყმო და მისგან მიიღო უძეოდ გადაგებული პაატა აბაშიძის მამული (ქვიშხეთი, ტაშისკარი, ციხისძირი, მონასტერი და სხვ.). ამასთან ვახუშტის მამულიც (იმერეთის სოფელი ვახანი, ციხით, მიმდგომი ადგილებითა და ყმებითურთ) ქართლის სამეფოს ფარგლებში შევიდა. ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ოსმალო და ლეკ მოთარეშეთაგან ქართლის დასავლეთ საზღვრების დასაცავად (ვახანზე გადიოდა ახალციხიდან ქართლისაკენ მიმავალი ერთ-ერთი გზა). 1712 წელს ვახტანგ VI-მ აბაშიძეს მიათხოვა თავისი ასული ანუკა ბატონიშვილი (დ. 1698 — გ. 1746, თბილისის სიონი). XVIII საუკუნის 40-იან წლებში აბაშიძე სხვა თავადებთან ერთად მეთაურობდა ქართლის აჯანყებას ნადირ შაჰის წინააღმდეგ.
ლიტერატურა
რედაქტირება- კაკაბაძე ს., იმერეთის ციხისთავთა შესახებ მე-17 საუკუნეში, «საისტორიო მოამბე», 1925, ტ. 1
- სოსელია ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 19-20.
- სოსელია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 21-22.