აბაქირდი აბაქირდ — ისტორიული სოფელი გურჯისტანის ვილაიეთის არტანუჯის ლივის არტანუჯის ნაჰიეში. სოფელი მოხსენიებულია 1574 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“. აბაქირდი მოხსენიებულია სხვადასხვა სახელწოდებებით: ისნაქრიდი, ანაქერდ (XVI ს. არტ. დავთ.), ანაკერდი (არტ. დავთ. 1595), 10 ვერსიან რუკაზე იგი დატანილია როგორც ანაგერტი. ასევე განსხვავებული სახელწოდებითაა აღნუსხული ძველ, ქართულ კარტოგრაფიულ წყაროებში: ანაგერტ (ჯავახიშვილი 1922), ანაკერტი (ჯავახიშვილი 1923).

დავთრის მიხედვით სოფელში ცხოვრობდა 81 კომლი. ყველა ისფენჯის გადამხდელი და შესაბამისად ქრისტიანი, თუმცა შვიდს მიწერილი აქვს მუსლიმი. კომლთა უფროსების დაახლოებით 1/2-ს ერქვა ქართველებისათვის, ქრისტიანებისათვის დამახასიათებელი სახელი: აბრამ, ბაბუნა, გაბრიელ, გიორგი, გოგიჩა, გრიგოლ, დიმიტრი, ზაქარია, იასონ, ივანე, იორდან, იოსებ, ლაზარ, მახარებელ, ოქროპირ, სიმონ, რომანოზ. მამის სახელად გვხვდება: ბუბა, ბუსია, გიორგი, გრიგოლი, გოგიჩა, ივანე, იოსებ, მახარა, როსტევან, ქავთარა. აღსანიშნავია, რომ ქრისტიანებზე გაწერილი გადასახადების ჯამური რაოდენობით სოფელი პირველ ადგილზეა ნაჰიეში.

სამეურნეო გადასახადებზე მოდიოდა 3385 ახჩა, რაც ჯამური გადასახადების საერთო რაოდენობის 56%-ზე მეტია. მეურნეობის ძირითადი დარგები იყო: მემარცვლეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა (მსხვილფეხა პირუტყვი, მეცხვარეობა), მეფუტკრეობა. მაღალი იყო გადასახადი შირაზეც, რაზეც სამეურნეო გადასახადის (მემარცვლეობის გამოკლებით) საერთო რაოდენობის 33% მოდიოდა. ამ მხრივ, იგი გამორჩეული იყო ნაჰიეში შემავალი სოფლების უმეტესობისაგან, სადაც მემარცვლეობაზე გაცილებით მეტი წილი მოდიოდა. შირას, სავარაუდოდ, ხილისაგან ამზადებდნენ, თუმცა გადასახადი ხილზე არც ისე მაღალი იყო. მეცხოველეობაზე მოდიოდა სამეურნეო გადასახადის (მემარცვლეობის გამოკლებით) საერთო რაოდენობის 48%. განსაკუთრებით განვითარებული იყო მეცხვარეობა. სოფლის მცხოვრებლებს დაახლოებით 600 სულამდე ცხვარი უნდა ჰყოლოდათ. ასევე მნიშვნელოვანი დარგი უნდა ყოფილიყო მეფუტკრეობაც, თითქმის 7%.

აბაქირდის მეურნეობა („გურჯ. დავთ. - 1574“)
გადასახადი ქილა ახჩა ახჩა ერთ
კომლზე
%
1 ხორბალი 200 1600 19,8 26,7
2 ქერი 100 600 7,4 30,1
3 ფეტვი 20 120 1,5 2,0
4 ბოსტანი, ხილი 120 1,5 2,0
5 შირა (უშრი) 355 4,4 5,9
6 იონჯა, თივა 180 2,2 3,0
7 იალაღი 40 0,5 0,7
8 ცხვარი 300 3,7 5,0
9 ფუტკარი 70 0,9 1,2
10 ისფენჯი (81 კომლი) 2025 25,0 33,7
11 მურახასიე 120 1,5 2,0
12 თაფუ, დეშთიბანი 120 1,5 2,0
13 ბადიჰავა, არუსანე 350 4,3 5,8
ჯამი/
საშუალო
320 6000 5,7 100

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დ. ნიკოლაიშვილი, დ. სართანია, ა. უჯმაჯურიძე, დ. კირთაძე, მ. კვეტენაძე. მესხეთი ოსმალური დავთრების მიხედვით. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი", თბ., უნივერსალი, 2021, გვ. 1425