აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 9)

არქიტექტურული ძეგლი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX-XX საუკუნეში.

ადრეული ხანიდან ცნობილ ციხე-ქალაქ ოძრხეს[1][2] სიძველეს ნაშთებს შორის აბასთუმნის შემოსასვლელში შემორჩენილია XIII-XIV საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია, საძვალე და სხვა სამონასტრო შენობათა ნანგრევები. აქვე, განაშენიანება მდინარე ოცხეს მარცხენა სანაპიროზე გამავალ რუსთაველის ქუჩას ორსავე მხარეს მეჩხერად მიყვება და ერთ მონაკვეთში განლაგებული ისტორიული შენობებით გამოცალკევებულ უბანს ქმნის, სადაც XIX საუკუნის ბოლო ათწლეულებში რუსული ჯარისთვის აგებულ მილიტარული კომპლექსის სხვადასხვა დანიშნულების მასშტაბურ, ყაზარმული ტიპის გრძელ ნაგებობებთან ერთად არის, ასევე, საკმაოდ მასშტაბური საცხოვრებელი შენობებიც. ქუჩიდან ოდნავ შეწეულ ადგილას, რომელიც წმინდა გიორგის ეკლესიის ჩრდილოეთით მდგარი სახლისკენ მიმავალ შუკას ესაზღვრება, დგას დღეს საცხოვრებლად გამოყენებული შემინულაივნიანი ბელეტაჟი. ადგილობრივი კლდის ქვის უხეშად თლილი კვადრების სწორხაზოვანი წყობით ნაშენი გეგმით წაგრძელებული მართკუთხედის ფორმის სახლის კუთხეების ამოსაყვანად და სწორკუთხა ღიობთა ირგვლივ სხვადასხვა ფერის სუფთად გათლილი კვადრებია გამოყენებული. ნალექის გადაყვანის მიზნით შვერილი სახურავის ქანობის საყრდენ კოჭებს დაბოლოება პროფილირებული აქვს. გრძელი ფასადის კომპოზიციის საგულისხმო თავისებურებას წარმოადგენს გარედან მიდგმული თლილი ქვის ორი ორმხრივმარშიანი კიბე. შუშაბანდი კუთხეჩამოთლილ სვეტებს შორის ჩართული შემინული ჩარჩოების ერთგვაროვანი დანაწევრებით ხასიათდება, რომელსაც ქვედა ნაწილში სიმაღლით განსხვავებული ერთმანეთის პარალელური და გადამკვეთი ძელაკებისგან შემდგარი მარტივი სქემის მოაჯირები გასდევს. სქელკედლებიანი შენობა ორ რიგად განლაგებული ოთახებისგან შედგება, რომლებსაც ორმაგჩარჩოიანი ფანჯრები აქვს. ინტერიერი დამუშავებულია პროფილირებული კარნიზებით და კედლის ღრმა ნიშნებით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6280
  1. ჭილაშვილი ლ., ქალაქები ფეოდალურ საქართველოში, ტ. 1, თბ., 1968
  2. ბერძენიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 625.