აბასთუმნის წმინდა გიორგის ეკლესია
აბასთუმნის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში.
აბასთუმნის წმინდა გიორგის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
ადგილმდებარეობა | ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
უძველეს ციხე-ქალაქ ოძრხეს მიდამოებში, რომელიც აბასთუმნის ტერიტორიასაც შეიცავდა, შემორჩენილ ეკლესია-მონასტრებს შორის არის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც დასახლების დასაწყისში, რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით, მდინარე ოცხეს მარცხენა სანაპიროს მოვაკებულ მდელოსა და მოსაზღვრე ტყიან ფერდობს შორის შემაღლებულ, მოშანდაკებულ ბექობზე დგას. თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია კარგად შერჩეული მდებარეობის გამო შორიდანვე ექცევა ხედვის არეში. კლდის მასივი, რომელზეც ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეა დაფუძნებული, ნაწილობრივ კედელშიც არის ჩართული. ეკლესიის სამხრეთითა და დასავლეთით მცირე ბაქანია. ამავე მხრიდანაა მისასვლელი და ეკლესიის კარიც. სათანადოდ, დასავლეთის ფასადის პერანგის ქვების თლა, ფერადოვნება და დეკორაციული მორთულობა უფრო დახვეწილი და საზეიმოა. დანარჩენი ფასადების წყობა განსხვავებულია - შედარებით უხეშად დამუშავებული ერთი ტონალობის მორუხო-ჩალისფერი არათანაბარი ზომის ქვები არც ისე მჭიდროდ არის ერთმანეთთან მორგებული, ხოლო ზედა რიგებში მეტად წვრილი ქვებია გამოყენებული. ეკლესიის ნახევარწრიული აბსიდი გეგმის გარე სწორკუთხედშია მოქცეული. კამარით დასრულებული სივრცის დარბაზული ნაწილი ორსაფეხურიანი წყვილი პილასტრით და კამარის საბჯენი თაღით არის გაყოფილი, გრძივ კედლებს პილასტრების ორივე მხარეს გადაყვანილი დეკორაციული თაღები ანაწევრებს. ნაგებობას დასავლეთით აქვს შიგნით და გარეთ ბრტყელთაღოვანი კარი.
ინტერიერს თაღოვანი მოყვანილობის, შიგნით გაგანიერებულწირთხლებიანი ოთხი სარკმელი ანათებს, რომელთაგან ერთი საკურთხეველშია, ორი დასავლეთით, ხოლო ერთი - სამხრეთის კედელში, საკურთხევლის კუთხესთან ახლოს. შელესილ-შეთეთრებული კედლების ერთადერთ სამკაულს ამჟამად სატრიუმფო თაღის, პილასტრების და კედლის თაღების კაპიტელები წარმოადგენს, რომლებსაც თარო - ლილვი - დახრილი სიბრტყის კომბინაციით შედგენილი მარტივი, თუმცა განსხვავებული პროფილები ამკობს. ჩამოცვენილ ბათქაშს ქვეშ საბჯენ თაღზე და დასავლეთ კედლის მარჯვენა ნაწილში, სარკმლის ქვეშ არსებული გამოსახულებები აშკარას ხდის, რომ ეკლესიის კედლებს მოხატულობა ფარავდა. დასავლეთ კედელზე ყავისფერი ფარდთო ზოლით გაყოფილი ორი რეგისტრის ფრაგმენტი მოჩანს - ზედა რეგისტრში შარავანდედიანი, მოქნილი ხაზით გამოყვანილი ორი მჯდომარე ფიგურაა. მათგან შედარებით სრულად გახსნილი მარჯვენა ფიგურა ქალისაა და ის მოწითალო-ყავისფერ სამოსშია გამოსახული, ხოლო ქვემოთ ჭადრაკულად განლაგებული რუხი და მოყავისფრო კვადრატების ზოლია. საინტერესოა ეკლესიის დასავლეთის ფასადის მხატვრული დამუშავება, სადაც ბაზალტის რუხი და მოსალათისფრო-მოვარდისფრო ტონალობის მომცრო ზომის თანაბარი კვადრები ერთმანეთს მჭიდროდ არის მორგებული. შუაში განთავსებული კარის ზემოთ, ორ სარკმელს შორის ამავე დონეზე განთავსებული მაღალი ჯვარია გამოკვეთილი. მისი განივი მკლავები კარნიზის ხაზს უახლოვდება. წვრილ ლილვებს შორის მოქცეული ვიწრო, ამობურცული არე წნული ორნამენტითაა დაფარული, ხოლო მკლავთა გადაკვეთის ადგილას ჭვირული კვეთაა გამოყვანილი.
სარკმლის საპირის დამუშავება, გარე ჩარჩოსთვის გამოყენებული შეწყვილებული ლილვის გარდა, ანალოგიურია. მიუხედავად ვიწრო ზოლებად განაწილებული ჩუქურთმის დაბალი ჭრისა და გარკვეული სიმშრალისა სუფთად დამუშავებული კედლის გლუვ ფონზე განთავსებული ეს დეკორაციული სქემა კარგად იკითხება, რასაც ლილვების ტერაკოტისფერი შეფერილობაც ეხმარება. ეკლესიის შიდა სივრცის დანაწევრება სუსტი კედლის თაღებითა და პილასტრებით, დასავლეთ ფასადის გაფორმების სქემა, ჯვრის მასშტაბი, სარკმლების საპირეები, ორნამენტის ჭრის გარკვეულ სიმშრალესა და მოტივებთან ერთად XIII-XIV საუკუნეებზე მიგვანიშნებს. წმინდა გიორგის ეკლესიის კედლებს აღდგენა-გადაკეთების კვალი ატყვია, რაზეც მიუთითებს წვრილი ქვის წყობა გვერდითი კედლების ზედა ნაწილებში, გამონგრეული და გაფართოებული სამხრეთის სარკმელი, მოხატული ინტერიერის შელესილ-შეთეთრებული კედელ-კამარა და წინფრის რკინის კონსტრუქცია დასავლეთ კარის თავზე, რაც XIX საუკუნეში ამ ტერიტორიაზე სამხედრო ნაწილის განთავსების პერიოდში უნდა განეხორციელებინათ მათთვის ეკლესიაში წირვა-ლოცვის ჩატარების უზრუნველსაყოფად. ამჟამად მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების შედეგად სამხრეთის სარკმელს თავდაპირველი ფორმა დაუბრუნდა, ხოლო დაკარგული ავთენტური კარნიზი თაროს პროფილის დახერხილი ქვებით შესრულდა, რომლის ფორმა და მასშტაბი არ შეესაბამება ნაგებობას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6207