აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ზ. ფალიაშვილის 18)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნეში. ნაგებობა ერთი საკარმიდამო კომპლექსის შემადგენელი ნაწილია და ის თავდაპირველად საჯინიბოს წარმოადგენდა. კარ-მიდამო სამეფო ოჯახის ახლობელს ეკუთვნოდა, ხოლო საჯინიბო ცოტა მოშორებით, მდინარე ოცხეს ზემო წელზე განთავსებულ რომანოვების სასახლეთა კომპლექსს ემსახურებოდა. ფლეთილი კლდის ქვით მკვიდრად ნაგები ეს მიწისპირა ერთსართულიანი შენობა, რომელიც გეგმით წაგრძელებულ მართკუთხედს წარმოადგენს, თავისი არქიტექტურული კომპოზიციისა და საფასადო მორთულობის სისადავით სავსებით პასუხობს თავდაპირველ ფუნქციას. შენობის გაფორმება სწორკუთხა ღიობთა ირგვლივ თლილი ქვის გამოყენებასა და კედლებიდან მკვეთრად შვერილი ორქანობა გადახურვის დამჭერი კოჭების პროფილირებული ნამუშევრებით იფარგლება, ქუჩის მხრიდან შენობას მხოლოდ ფანჯრები აქვს, კარები კი ეზოს მხრიდან - როგორც ვიწრო, ისე გრძელი ფასადებისკენაა დატანებული. შენობის ქუჩის ფასადის ზედა კუთხესთან შემორჩენილია მასზე უშუალოდ მიდგმული საკმაოდ განიერი კედლის ნანგრევი, რაც კარ-მიდამოს ძველი ქვის ზღუდის გადარჩენილ ფრაგმენტს წარმოადგენს. ნაგებობაზე მარცხენა მხრიდან ბლოკით მიშენებულია ახალი, უსახური და უმეტყველო მოცულობა, რაც არღვევს მხატვრულ მთლიანობას, შენობას სიგრძეს მატებს და მასშტაბს უკარგავს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6287