აბანოსხევის მეორე ნამოსახლარი და სამაროვანი
აბანოსხევის მეორე ნამოსახლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოსხევთან. მდინარე აბანოსხევის მარჯვენა ნაპირზე. ბულაჩაურის წყალსადენის ნაკრძალის ტერიტორიაზე. დაზიანდა წყალსადენის მილების გაყვანის დროს. თარიღდება ადრინდელი ბრინჯაოს ხანის შუა საუკუნეებით. 1982 წელს გათხრები ჩაატარა ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ქვედა დონეზე გამოვლინდა საშუალო ზომის სამეურნეო ორმოები. ორმოებში და ფენაში აღმოჩნდა დერგების, ქილების, ხუფების, ქოთნების, ქვაბ-ქოთნების, კოჭბების, გადასატანი კერის და პირგადაშლილი ტაფისებრი ჭურჭლების ნატეხები, რომლებიც სამეურნეო, სამზარეულო და საკულტო დანიშნებულებისაა. გვხვდება ქვისა და ძვლის იარაღები. მომდევნო ფენაში აღმოჩნდა სამეურნეო ორმო, ნახშირიანი ფენა, ალიზის ნაშთები, ხელსაფქვავი, თიხის ჭურჭლისა და კრამიტის ნატეხები, რომლებიც მიეკუთვნება ნამოსახლარს. ამავე დონეზეა გათხრილი სამი ორმოსამარხი, სადაც დაკრძალული იყო თითო მიცვალებული.ერთ სამარხში აღმოჩნდა გატეხილი თიხის ხელადა. ზედა ფენაში, რომელიც ძლიერ არის დაზიანებული, გამოვლინდა სამეურნეო ხარო,უინვენტარო ორმოსამარხი, ადრინდელი და განვითარებული შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი სხვადასხვა დანიშნულების თიხის ჭურჭლის ნატეხები. არქეოლოგიური მასალა ინახება აკც-ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩიქოვანი გ., ლომიძე ც., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 197.