აბანოსხევის არქეოლოგიური ძეგლები
აბანოსხევის არქეოლოგიური ძეგლები — სხვადასხვა დროისა და კატეგორიის ძეგლები დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოსხევის ტერიტორიაზე.
აღწერა
რედაქტირებატერიტორია გაითხარა 1977-1987 წლებში (ხელმძღ. რ. რამიშვილი). სოფლის 3 პუნქტში შესწავლილია ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურული (ძვ. წ. V ათასწლეულის II ნახევარი) მასალის შემცველი ფენა. გამოვლენილია თიხის ჭურჭლის ნატეხები, ობსიდიანის, კაჟისა და ძვლის იარაღი, შინაური ცხოველების ძვლები, მ. შ. არქაული ხარისა. მომდევნო მტკვარ-არაქსის კულტურულ ფენაში (ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლო — ძვ. წ. III ათასწლეულის I ნახევარი) გამოვლენილია ორმოები (55), კერა-საკურთხევლები (6), ინდივიდუალური ორმოსამარხები (8). ორმოებში იყო სუფრის, სამზარეულო და სამეურნეო დანიშნულების ჭურჭელი. მცირე რაოდენობით ლითონისა და ქვის იარაღი. რამდენიმე სამარხში ნაპოვნია თიხის ჭურჭელი და ძვლის იარაღი.
სოფლის სამხრეთ ნაწილში ე. წ. ნაქალაქარ ხიდარის ტერიტორიაზე, გამოვლინდა ბედენური კულტურის (ძვ. წ. XXIV-XXIII საუკუნეები) ყორღანული ორმოსამარხები. ქვაყრილი სიბრტყეზე იყო განფენილი, დასაკრძალავი კამერა გარშემორტყმული იყო 1 მეტრ სიგანის რიყის ქვებისაგან შემდგარი წესით. მიცვალებულის ჩონჩხთან ერთად სამარხში აღმოჩნდა სხვადასხვა დანიშნულების, ძირითადად შავპრიალა კერამიკის ჭურჭელი, ლითონის ყუნწიანი ბრტყელი სატევარი, სარდიონის, პასტის და ოქროს მძივები, ქვასანაყი, როდინი, ობსიდიანის ანატკეცი და ცხვრის ძვლები.
სოფლის სამხრეთ-დასავლეთით მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე ე. წ. ხიმშიაანთ მიწებზე, გაითხარა მრავალფენიანი (ადრინდელი, შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანისა და III-VII საუკუნეების) სამაროვანი. შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XVIII-XVI საუკუნეები) სამარხები 2 ჯგუფად იყოფა — ქვაყრილიანი ორმოსამარხები და კატაკომბური ორმოსამარხები — ე. წ. თაროსამარხები, რომლებსაც ახასიათებს ვერტიკალური დრომოსები და თაროები. მეორე ჯგუფის სამარხთა უმრავლესობა კენოტაფია. მათში დაუკრძალავთ ცხვრები. სამარხეული ინვენტარი: კერამიკული ნაწარმი, სარდიონის, გიშრის და პასტის მძივები, ბრინჯაოს სატევრისპირი და რამდენიმე საკინძი. I ჯგუფის სამარხები ძირითადად თრიალეთის კერამიკას შეიცავს. II ჯგუფისა კი — ე. წ. მესხურ თიხის ჭურჭელს. გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი (ძვ. წ. XIV-XII საუკუნეები) შეიცავს ქვაყრილიან და წრიულქვაყრილიან ორმოსამარხებს, რომლებშიც მიცვალებულები მოკუნტული ესვენენ. სამარხეული მასალა: უმთავრესად ლეგად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, სარდიონისა და ბრინჯაოს მძივები. ამავე ყორღანში აღმოჩნდა ძვ. წ. VII-VI საუკუნეების ჩაშვებული სამარხი მასალა: რკინის დანის ფრაგმენტი, ბრინჯაოს ორფრთიანი ისრის-პირი ყუნწიანი დეზით, ქვის გახვრეტილი სალესი. აბანოსხევში ორ ადგილას შესწავლილია ადრინდელი შუა საუკუნეების სმაროვანი. ხიმშიაანთ მიწების სამაროვანზე გათხრილ IV-VI საუკუნის სამარხებში აღმოჩნდა ოქროს, ვერცხლისა და მინის სამკაული.
სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე არაგვის მარცხენა მხარეს, გაითხარა 3 ტიპის სამარხი: ორმოსამარხი, ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები და ქვის სამარხები. მათში აღმოჩნდა V-VII საუკუნეების სარდიონის მძივებით შემკული ბრინჯაოს საკინძები და მშვილდსაკინძები. იქვე, წყალსაცავის ზონაში არის ხუროთმოძღვრების ძეგლი აბანოსხევის ჯვარპატიოსნის ეკლესია. მხატვრულ სტილისტიკური ანალიზით ძეგლი VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობას აღმოსავლეთით გამოვლენილია XI-XIV საუკუნეების ორმოსამარხები, ქვის სამარხები, ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები. არქეოლოგიური მასალა: მინის სამაჯურები და მძივები, ბრინჯაოს ბეჭდები, ორი ჯვარი და ღილები.
სოფლეში ისტორიული ნოკორნისხევის ნარჯვენა ნაპირზე, დგას განვითარებული შუა საუკუნეების დასაწყისის გეგმით წაგრძელებული მართკუთხედის ფორმის აბანოსხევის დარბაზული ეკლესია. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ქრისტიანული სამაროვანია.
სოფლის სამხრეთ აღმოსავლეთით, მაღნარის ქედის დასავლეთ კალთაზე, სახელოსნო უბანია. აღმოჩენილია თონე, ჭურჭლისა და დამწვარი ძვლის ნატეხები, მოჭიქული და მოუჭიქავი ჭურჭლისა და ღარიანი კრამიტის ნატეხები. გამოვლენილია ძელებით ნაგები სათავსის ნანგრევები. მის გარეთ — რკინის წიდით სავსე თიხის ქოთანი. სავარაუდოა, აქ სამჭედლო იყო. არქეოლოგიური მასალით იგი XI-XIII საუკუნეებით თარიღდება.
გათხრილია აგრეთვე რიყისა და კლდის ნატეხი ქვითა და დუღაბით ნაგები განვითარებული შუა საუკუნეების საწნახელი, ქვითკირის თაღარი, სამი საქაჩავი. საწნახელი შეუკეთებიათ გვიანდელ შუა საუკუნეებში.
სოფლის ჩრდილო დასავლეთით მდებარეობს XVII-XVIII საუკუნეების აბანოსხევის ციხე. შემოვლებული აქვს გალავანი, რომლის კუთხეებში ცილინდრული ფორმის ორსართულიანი კოშკები ყოფილა. ყოველ სართულზე არის ბუხარი, თახჩები, სათოფურები.
სოფელზე გადიოდა ძველი სავაჭრო-სატრანზიტო გზა, რომელიც შიდა ქართლიდან არაგვისა და ივრის ხეობების გავლით ალაზნის ველისკენ მიემართებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. ჩიქოვანი, გ. გოგოჭური, ც. ლომიძე, ქ. ბუაჩიძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 13-14.