აბანოსხევის ჯვარპატიოსნის ეკლესია
აბანოსხევის ჯვარპატიოსნის ეკლესია — არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ აბანოსხევიდან ჩრდილო-დასავლეთით 2 კმ-ზე. მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე. ძეგლი 1981-1983 წლებში გაითხარა იაე ინსტიტუტის აკც-ის ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღვ. რ. რამიშვილი).
ძეგლის აღწერა
რედაქტირებაეკლესია დარბაზულია (8х5 მ), სამხრეთიდან, მთელ სიგრძეზე გვიანდელი მინაშენი ეკვრის. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კონქი, დანგრეულია მინაშენის დიდი ნაწილი. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია თლილი შირმი. შესასვლელი სამხრეთიდან მინაშენადაა. კარის ღიობი ტიმპანითაა დასრულებული და ორივე მხრიდან ნახევარწრიული თაღი აქვს. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, გარეთკენ შევიწროებული თაღოვანი სარკმელია. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში სწორკუთხა ნიშია. დარბაზის სამხრეთი კედლის სარკმელი ამჟამად ამოშენებულია. შემორჩენილია კონქის თაღის ორივე ქუსლის ნაწილი და იმპოსტი. იმპოსტების პროფილს შეადგენს თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე. აფსიდის ბაქანი დარბაზის იატაკის მიმართ საფეხურითაა შემაღლებული და დარბაზის სივრცეშია შეჭრილი. დარბაზის ჩრდილო და დასავლეთ კედლებზე თითო ფართო და მაღალი ნახევარწრიული თაღია. სამხრეთ კედელი თაღის გარეშეა, მას მთელს სიგრძეზე საფეხური გასდევს. ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესილია. მინაშენს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, სარკმლის წირთხლების ნაწილებია შემორჩენილი. აფსიდში დგას ტრაპეზი. შენობა ბრტყელი და ღარიანი კრამიტით ყოფილა გადახურული.
სამაროვნები
რედაქტირებაეკლესიის შეგნით და გარშემო დადასტურდა სამარხები. აღმოსავლეთის ფასადის წინ აღმოჩნდა სამ სართულად, მჭიდროდ განლაგებული სამარხები. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. ქვედა სართულის ოვალური ფორმის სამარხები ფუძეგანიერია და ქვის ფილებითაა გადახურული. კამარა ამოჭრილია თიხნარში 1,5–2მ სიღრმეზე. გვხვდება საოჯახო და ინდივიდუალური სამარხები სტრატიგრაფიითა და ინვენტარით (მინის სამაჯურები, მძივები, ბრინჯაოს ბეჭდები, ჯვრები და სხვა). ისინი XI-XIII საუკუნეს განეკუთვნება.
მეორე სართულის ორმოსამარხები კლდისა და რიყის ქვით ნაშენი ქვისსამარხები (XIII-XIV სს.) მდებარეობს 0,8–1,4მ სიღრმეზე და მოიცავს მცირერიცხოვან ინვენტარს (ბრინჯაოს ღილები). ამავე დონეზე გამოვლენილია ხის გათლილი ფიცრებით ნაგები სამარხები.
მესამე სართულის ქვის სამარხები მცირე სიღრმეზეა, ძირითადად ბავშვებისაა, უინვენტაროა და განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესიის ტერიტორიაზე გათხრებისას აღმოჩნდა მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის, ხელადების, ჩაფების, სასმისების, ჯამების ნატეხები, მინის სააფთიაქო ჭურჭელი, სპილენძის თასი და სხვა, რომლებიც განვითარებულ და გვიან შუასაუკუნეებს განეკუთვნება. ეკლესიისა და სამაროვნის შემომზღუდავი გალავნის მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ც. ლომიძე, კ. წერეთელი, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 198-199.