ნიტრარია (ლათ. Nitraria) — ჰალოფილური მცენარეების გვარი ნიტრარიასებრთა ოჯახისა. ადრე მიეკუთვნებოდა ორყურასებრთა ოჯახს. ბუჩქებია, ზოგჯერ ეკლიანი, მორიგეობით განლაგებული მთლიანი და ხორციანი ფოთლებით. ყვავილები ორსქესიანია, 5-ნაკვთიანი, მოყვითალო ან თეთრი, ფაშარ ციმოზურ ყვავილედებში; ნაყოფი კურკიანასებური, დიდი ნაწილი წვნიანი. ცნობილია 10-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ევრაზიაში (ევროპაში — მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში), ჩრდილოეთ აფრიკასა და ავსტრალიაში.[1] საქართველოში გვხვდება შობერის ნიტრარია (N. schoberi),[2] რომელიც იზრდება უდაბნოებში, ნახევარუდაბნოებში, იშვიათად სტეპის მლაშე ნიადაგებზე, ადგილ-ადგილ წარმოქმნის სუფთა რაყებს. ნიტრარიას ნაყოფი გამოიყენება შინაური ცხოველებისა და ფრინველების საკვებად, ზოგჯერ საკვებადაც ხმარობენ. მისი ნაცარი შეიცავს პოტაშს.[1]