BMW

(გადამისამართდა გვერდიდან BMW AG)

Bayerische Motoren Werke AG (BMW) — გერმანული კომპანია, რომელიც ავტომობილებს, მოტოციკლებსა და ძრავებს აწარმოებს. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს მიუნხენში. „ბეემვეს“ აქციები ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე განლაგებულ DAX-ზე იყიდება.

Bayerische Motoren Werke AG
ტიპი სააქციო საზოგადოება
დარგი ავტოინდუსტრია
დაფუძნდა 7 მარტი 1916
როგორც Bayerische Flugzeug-Werke
სათავო ოფისი მიუნხენი, გერმანიის დროშა გერმანია
მმართველი
ნორბერტ რაიტჰოფერი(დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე)
იოახიმ მილბერგი (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე)
პროდუქცია ავტომობილები, მოტოციკლები, ძრავები, ფინანსური მომსახურებები
შემოსავალი 53,197 მლრდ. ევრო (2008)
თანამშრომელი 122,244 (2015)

დაარსების ისტორია

რედაქტირება
 
„ოთხი ცილინდრი“ - BMW-ს შტაბ-ბინა მიუნხენში. მის წინ კი გასაღების ფორმის BMW-ს მუზეუმია

კომპანიის დაარსების ოფიციალურ თარიღად 1917 წლის 21 ივლისი ითვლება, თუმცა „ბეემვეს“ ისტორია რამდენიმე წლით ადრე დაიწყო.

1913 წელს მიუნხენში ორი პატარა ფირმა გამოჩნდა, რომლებსაც სათავეში კარლ რაპი და გუსტავ ოტო (იმ ნიკოლაუს ოტოს შვილი, რომელმაც შიდა წვის ძრავა შექმნა) ედგნენ. აღნიშნული ორი ფირმა პირველი მსოფლიო ომის დროს იძულებით გაერთიანდა და თვითმფრინავის ძრავების გამოშვება დაიწყო.

1916 წელს კომპანიამ სახელი გადაირქვა და „ბაირიშე მოტორენ ვერკე“ ეწოდა. 1917 წელს „ბეემვეს“ ემბლემაც შემუშავდა – მოტრიალე პროპელერის სიმბოლო. ამავე წელს კომპანიის მთავარმა ინჟინერმა, მაქს ფრიცმა 6-ცილინდრიანი საავიაციო ძრავა – ტურ-3ა შექმნა, შემდეგ კი – მოტორ-4, რომლითაც 1919 წელს ფრანც დიმერმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა სიმაღლეზე ხტომაში, როცა ცაში 9 670 მეტრზე ავიდა.

მაქს ფრიცმა გამჭრიახობა 1918 წელსაც გამოიჩინა, როდესაც ვერსალის ხელშეკრულებით საავიაციო ძრავების გამოშვება აიკრძალა. „ბეემვეს“ გაკოტრება ემუქრებოდა, მაგრამ მაქსმა მოტოციკლების წარმოება დაიწყო. მან გამოუშვა R-32, რომლის სერიული წარმოება 1923 წელს დაიწყო და მალევე გახდა პოპულარული.

ხუთი წლის შემდეგ კომპანიამ დაბა აიზენახში (გერმანია) პატარა ავტომობილების მწარმოებელი ქარხანა შეიძინა, რომელიც 1904 წლიდან უშვებდა მინიატურულ დიქსებს (Dixi). ხელშეკრულების თანახმად, ქარხანა უშვებდა „ოსტინ დიქსის” მარკის ავტომობილებს. ახალი დიქსი დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა. ამიტომ „ბეემვე“ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა ამ მოდელს.

1932 წელს კომპანიამ საკუთარი ავტომობილი გამოუშვა. ეს იყო მოდელი 3210, რომელსაც ორიგინალურად შემუშავებული ძრავა ჰქონდა. მისი სიმძლავრე 20 ცხენის ძალა იყო, ხოლო სიჩქარე – 80 კმ/სთ. პირველად სწორედ ბეემვე-303-ს დაუმონტაჟდა გამოზნექილი ლითონის ბადე რადიატორის წინ (დიზაინის ამ ელემენტით ბეემვე დღესაც იწონებს თავს) და მისი სიჩქარე 90კმ/სთ იყო. სპორტული ავტომობილების რამდენიმე მოდელის გამოშვების შემდეგ, „ბეემვეს“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მაღალი კლასის ავტომობილების წარმოებაც. კონსტრუქტორებმა დასახულ მიზანს მალე მიაღწიეს და გამოუშვეს ბეემვე-326, რომელიც Mercedes-Benz-საც კი უწევდა კონკურენციას. დიდი მოთხოვნილების გამო, ასეთი 16 000 ცალი მოდელი აიწყო.

1936 წლისათვის კომპანიამ წარმოადგინა პირველი ღირებული სპორტული ავტომობილი – ორადგილიანი როდსტერ-328. ეს ავტომობილი სპეციალურად შეიქმნა იმ დროს მეტად პოპულარულ მილე-მილიას (იტალ. Mille Miglia „ათასი მილი“) რბოლაში მონაწილეობისთვის. ბეემვე-328-მ თავისი „მოვალეობა” პირნათლად შეასრულა 1940 წელს, როცა ამ მოდელმა ათასმილიანი მანძილი რეკორდულ დროში დაფარა (166.7 კმ/სთ). ავტოწარმოების განვითარებასთან ერთად, ვითარდებოდა მოტოციკლებიც. 1937 წელს ერნსტ ჰენემ ბეემვეს მოტოციკლით მსოფლიო რეკორდი მოხსნა, როდესაც 279.5 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ, „ბეემვეს“ რამდენიმე ქარხანა დაზარალდა და იგი გაკოტრების წინაშე დადგა. ამიტომ „ბეემვე“ ისევ მოტოციკლების წარმოებაზე გადავიდა.

1951 წლიდან დაიწყო ბეემვეს ახალი მოდელის წარმოება. ბეემვე-501 თავისი კლასის მოდელებისგან კომფორტულობით გამოირჩეოდა, თუმცა საკმაოდ მძიმე იყო და მის ძრავას ამვომობილის მასის ტარება უჭირდა. სამი წლის შემდეგ კონსტრუქტორებმა 8-ცილინდრიანი ძრავა შექმნეს, რომელიც კარგად მოერგო 501-ს. ავტომობილი 160 კმ/სთ-ს ავითარებდა.

1955 წლისათვის კომპანიამ საკმაოდ უცნაური მოდელი – იესტა შექმნა. მას ერთი კარი და 13-ცხენისძალიანი ძრავა ჰქონდა, მხოლოდ 80 კმ/სთ-ს ავითარებდა, მაგრამ დაბალი ფასის გამო, საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მოგვიანებით ბეემვემ ძვირადღირებული სპორტული მოდელები – 503 და 507 შექმნა. ავტომობილებს გარკვეული ხარვეზები აღმოაჩნდა. გაჟონა ინფორმაციამ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფირმა ფინანსურ კრიზისს განიცდიდა. ამიტომ „დაიმლერ-ბენცმა“ „ბეემვეს“ აქციების ყიდვა მოინდომა, მაგრამ კომპანიამ გადაწყვიტა სხვისი დახმარების გარეშე ეშოვა ფული ახალი მოდელის შესაქმნელად. 1961 წელს შეიქმნა ახალი იაფი, მაგრამ კომფორტული სედანი 1.4-ლიტრიანი ძრავით. ფასმა და კომფორტულობამ მომხმარებელზე სათანადო ეფექტი მოახდინა. შედეგად, კომპანიამ ერთბაშად 20 000 ცალის შეკვეთა მიიღო. ასე დაიწყო ბეემვეს მორიგი აღმავლობა.

1966 წელს კომპანიამ ახალი ბეემვე-2000 წარადგინა. ამ მოდელმა საფუძველი ჩაუყარა მესამე სერიის ბეემვეების გამოშვებას. მალე შეიქმნა მეხუთე სერიის ბეემვე. 1970-იანი წლების ბოლოს ზედიზედ გამოვიდა მეექვსე და მეშვიდე სერიის ავტომობილები.

ბეემვე-3-ის სედანების მეოთხე თაობას საქარხნო ინდექსით – E30 აწარმოებდნენ 1982 წლის ნოემბრიდან 1991 წლის ბოლომდე. ეს იყო საქართველოშიც საყოველთაოდ ცნობილი „ხულიგანკა“. ამ მოდელში ავტომიბილში და, ზოგადად, ბეემვეში, მაქსიმალური კომფორტით სარგებლობენ მძროლი და მის გვერდით მჯდომი მგზავრი. ბეემვეს ხელსაწყოთა პანელის გაფორმება მრავალი წლის განმვალობაში ითვლებოდა ეტალონად ბევრი ავტომწარმოებლისთვის.

2006 წელს ბეემვე პირველად ჩაება ფორმულა ერთის ასპარეზობებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=BMW&oldid=4527556“-დან