ჰოვანეს-სმბატ III (სომხ. Հովհաննես-Սմբատ; გ. 1041) — ბაგრატუნების დინასტიის წარმომადგენელი. სომხეთის მეფე 1020-1041 წლებში. მეფე გაგიკ I-ისა და დედოფალ კატრანიდეს ძე.

ჰოვანეს-სმბატ III

ჰოვანეს-სმბატი იმპერატორ ბასილი II-თან თავისი ამალით
სომხეთის მეფე
მმართ. წლები: 1020-1041
წინამორბედი: გაგიკ I
მემკვიდრე: გაგიკ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 1041
დინასტია: ბაგრატუნები
მამა: გაგიკ I
დედა: კატრანიდე
რელიგია: სომხური სამოციქულო ეკლესია

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰოვანეს-სმბატის დაბადების თარიღი და ადგილი უცნობია. იგი იყო ბაგრატუნების სომხეთის მეფე გაგიკ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ კატრანიდეს შუათანა ძე. ცნობილია, რომ დედამისი სიუნიქის მხარის მმართველის ქალიშვილი და ერთ-ერთი ძლევამოსი სომეხი დიდებული იყო. მას ერთი უმცროსი ძმა ჰყავდა უფლისწულ აშოტის სახით და მის გარდა, ასევე ჰყავდა ერთი უმცროსი დაც, პრინცესა ხუშუში, რომელიც შემდეგში ვასპურაკანის მეფეს მიათხოვეს.

1020 წელს მამამისი, მეფე გაგიკ I გარდაიცვალა და იგი, როგორც მისი უფროსი ძე, მონარქიული კანონების თანახმად სომხეთის ახალი მეფე გახდა ჰოვანეს-სმბატ III-ის სახელით. ამ ფაქტით ერთობ უკმაყოფილო დარჩა მისი ძმა, უფლისწული აშოტი, რომელსაც თავადაც სურდა მეფობა. ამის გამო, მან სასწრაფოდ აამხედრა სომეხ დიდებულთა ნაწილი, შეკრიბა ლაშქარი და დედაქალაქ ანისს ალყა შემოარტყა, სადაც იმყოფებოდა თავად ჰოვანეს-სმბატიც. დიდებულთა ალყას დედაქალაქმა დიდ ხანს ვერ გაუძლო და დაეცა, რის შემდეგაც აშოტს მისი დამხობა სურდა, თუმცა კანონი ჰოვანეს-სმბატის მხარეს იყო, ამიტომაც დიდებულებმა უარი თქვეს მირონცხებული მეფის მოკვლასა და დამხობაზე.

ამგვარი სიტუაციის გამო, 1021 წელს ორი ძმა იძულებული გახდა რაიმენაირად ენახათ კომპრომისული გამოსავალი, რაც შემდეგში გამოიხატა: ჰოვანეს-სმბატს დარჩა ანისი, დვინი, ყარსი და სხვა მთავარი ქალაქები მათი პროვინციებითურთ, ასევე შეინარჩუნა მეფობა, თუმცა მისი ძმა, ასევე მეფედ გამოცხადდა აშოტ IV-ის სახელით და სამართავად გადაეცა საქართველოსა და სპარსეთთან მდებარე სომხური პროვინციები.

იქიდან გამომდინარე, რომ აშოტი ერთობ ამბიციური იყო, ჰოვანეს-სმბატმა იცოდა, რომ იგი საზღვრისპირა პროვინციების მეფობით არ დაკმაყოფილდებოდა. ამის გამო, 1022 წლის ზამთარში ჰოვანეს-სმბატი კონსტანტინოპოლში დიდი ამალით თავად ეწვია ბიზანტიის იმპერატორ ბასილი II ბულგართმმუსვრელს, რათა დახმარება და საკუთარი თავის ერთადერთ მემკვიდრედ აღიარება ეთხოვა. ბასილი ამ ყველაფერზე დასთანხმდა, ოღონდ, მხოლოდ იმის სანაცვლოდ, თუ სომხეთი მის მხარეს დაიჭერდა საქართველოს მეფე გიორგი I-თან მიმდინარე ომში.

შემდეგი წლების განმვალობაში აშოტმა რამდენჯერმე განაახლა შიდა ომი, მთელი სამეფოს ტახტის მისასაკუთრებლად, თუმცა ბიზანტიური მხარდაჭერით ზურგგამაგრებული ჰოვანეს-სმბატი მას წარმატებით იგერიებდა. ამის მიუხედავად, ძმებს შორის არსებული კონფლიქტი ასუსტებდა ქვეყანასაც და ბაგრატუნების დინასტიასაც.

1039 წელს აშოტ IV გარდაიცვალა, თუმცა მემკვიდრე დარჩა. მისგან განსხვავებით, ჰოვანეს-სმბატი არასოდეს დაქორწინებულა და არც შვილები ჰყოლია, ამიტომაც 1041 წელს უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა, რის შემდეგაც ერთიანი სომხეთის მეფე აშოტის ძე, გაგიკ II გახდა, თუმცა არა დიდი ხნით. 1045 წელს ბიზანტიის იმპერიამ დაიპყრო მთელი სომხეთი, რითაც დასრულდა ბაგრატუნების მმართველობა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • René Grousset, L'Empire du Levant : Histoire de la Question d'Orient, Paris, Payot, coll. « Bibliothèque historique », 1949 (réimpr. 1979), 648 p. (ISBN 978-2-228-12530-7), p. 152-156.
  • René Grousset, Histoire de l’Arménie des origines à 1071, Paris, Payot, 1947 (réimpr. 1973, 1984, 1995, 2008), 644 p., p. 541-547 & 556-568.
  • Cyrille Toumanoff, Les dynasties de la Caucasie chrétienne de l'Antiquité jusqu'au xixe siècle : Tables généalogiques et chronologiques, Rome, 1990, p. 122-123.