ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰიტო ჩაკო (ალბ. Hito Çako; დ. 3 მარტი, 1923 — გ. 5 დეკემბერი, 1975, ტირანა) — ალბანელი გენერალი და პოლიტიკოსი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალბანეთის სახალხო სოციალისტური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარი პოლიტსამმართველოს მეთაური, ალბანეთის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, ალბანეთის სახალხო გმირი. ბრალი დასდეს რევიზიონიზმსა და სამხედრო შეთქმულებაში და სიკვდილით დასაჯეს.

ჰიტო ჩაკო
დაბადების თარიღი 3 მარტი, 1923(1923-03-03)
გარდაცვალების თარიღი 5 დეკემბერი, 1975(1975-12-05) (52 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტირანა
მოქალაქეობა  ალბანეთი
განათლება მიხეილ ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია
ჯილდოები Hero of Albania

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა თეპელენის სამხრეთ რაიონის სოფელში, ღარიბი გლეხის ოჯახში.[1] საშუალო სკოლა სარანდაში დაამთავრა. მეორე მსოფლიო ომის დროს შეუერთდა ალბანეთის კომუნისტურ პარტიას, 1948 წლიდან კი ალბანეთის შრომის პარტიას. შედიოდა კომუნისტური ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმიის რიგებში.

ჩაკომ თავი გამოიჩინა გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლებში. 1944 წლის მაისში გახდა მე-5 ბრიგადის კომისარი, 1945 წლის მაისში კი დივიზიის მეთაური. ომის შემდეგ სასწავლებლად სსრკში გაგზავნეს. დაამთავრა ფრუნზეს და ვოროშილოვის სახელობის სამხედრო და კრილოვის სახელობის სამხედრო-საზღვაო აკადემიები. ალბანეთში დაბრუნების შემდეგ მსახურობდა საზღვაო ძალებში: იყო ფლოტის პოლიტკომისარი და მეთაურობდა სამხედრო-საზღვაო ავიაციას.

1960 წელს, რეპრესიების მორიგი ტალღის დროს, ალბანეთის საზღვაო ძალების მეთაური თემე სეიკო დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს. მის ნაცვლად ენვერ ხოჯამ მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად ჩაკო დანიშნა. ის არ იყო სამხედრო-საზღვაო პროფესიონალი, მაგრამ საზღვაო ძალებში მკაცრ პარტიულ-პოლიტიკურ კონტროლს ახორციელებდა.

სამი წლის შემდეგ ჩაკო ალბანეთის სახალხო არმიის პოლიტსამმართველოს უფროსად და თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. იყო ალბანეთის ცენტრალური კომიტეტის წევრი და სახალხო კრების დეპუტატი. იგი მკაცრად მისდევდა ენვერ ხოჯას სტალინურ პოლიტიკურ-იდეოლოგიურ გეზს. 1962 წლიდან ჩაკო უკვე ატარებდა გენერლისა და სახალხო გმირის წოდებებს.

სასამართლო პროცესი და დასჯა

რედაქტირება

1974 წლის 16 დეკემბერს შეიარაღებული ძალების ოთხი გენერალი: თავდაცვის მინისტრი ბექირ ბალუკუ, გენერალური შტაბის უფროსი პეტრიტ დუმე, მისი მოადგილე რაჰმან ფარლაკუ და შეიარაღებული ძალების პოლიტსამმართველოს უფროსი ჰიტო ჩაკო ალბანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების დირექტორატმა (სიგურიმი) ცენტრალური კომიტეტის მორიგ პლენუმზე დააკავა, როგორც „პარტიისა და ხალხის მტრები“. გამოძიებამ ისინი დაადანაშაულა „საბჭოთა და იუგოსლავიის რევიზიონისტებთან“ კავშირსა და სამხედრო შეთქმულებაში „ფაშისტურ-რევიზიონისტული დიქტატურის დამყარებისა და კაპიტალიზმის აღდგენის მიზნით“.

სასამართლო პროცესზე ჩაკომ აღიარა, რომ ის „ერეოდა პარტიულ საქმეებში, შეცვალა პარტიული კომიტეტების შემადგენლობა, ჩაუნერგა მათ სამხედრო ბიუროკრატიის სული“. ბალუკუმ და ფარლაკუმ განსაკუთრებით აღნიშნეს მისი როლი „რევიზიონისტული გეზისკენ“ სწრაფვაში.

1975 წლის 5 ნოემბერს სპეციალურმა სამხედრო სასამართლომ არანიტ სელიის ხელმძღვანელობით ბალუკუს, დუმასა და ჩაკოს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, ფარლაკუს კი 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, სამივე მათგანს ჩამოართვეს ჯილდოები და სახალხო გმირის წოდება. ერთი თვის შემდეგ ჩაკო ბალუკუსა და დუმესთან ერთად დახვრიტეს.[2]

ხსოვნა და ოჯახი

რედაქტირება

1992 წელს, კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ, მოხდა ჩაკოს რეაბილიტაცია. 2000 წელს სიკვდილით დასჯილი გენერლების ნეშტები აღმოაჩინეს და ხელახლა დაკრძალეს.

ჩაკო დაქორწინებული იყო და სამი შვილი ჰყავდა. სადამსჯელო ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, დაკავების შემდეგ, მისმა მეუღლემ განქორწინება მოითხოვა. ჩაკოს ხსოვნა უკვდავყვეს თავისი დიდი ოჯახის წევრებმა, ძმებმა და დებმა.[3]

  1. Aranit Çela: Në emër të Popullit, Beqir Balluku, Petrit Dume e Hito Çako të pushkatohen!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-15. ციტირების თარიღი: 2020-02-16
  2. 5 nëntor 1975, pushkatimi i gjeneralëve Balluku, Dume e Çako. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-19. ციტირების თარიღი: 2020-02-16
  3. «Ç’më tha vëllai im Hito Çako para pushkatimit, mjer kë zë lapsi…». ციტირების თარიღი: 2020-02-16
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰიტო_ჩაკო“-დან