ჰიტოპადეშა
ჰიტოპადეშა (სიტყვასიტყვით „სასარგებლო დარიგებანი“) — სანსკრიტზე დაწერილი იგავ-არაკების კრებული. შედგენილია „პანჩატანტრის“ საფუძველზე, მაგრამ მასში ბევრი ისეთი იგავ-არაკი გვხვდება, რაც „პანჩატანტრაში“ არ არის, ანდა, თუ არის, საფუძვლიანადაა გადამუშავებული. ამდენად, ჰიტოპადეშა სავსებით დამოუკიდებელი ნაწარმოებია. შეიქმნა დაახლოებით XIII საუკუნეში. ავტორობას მიაწერენ ნარაიანას. ნაწარმოები ჩარჩოვანია, აგებულია ოთხ სიუჟეტურ ქარგაზე (მეგობართა შეძენა, მეგობართა განშორება, ომი, ზავის დადება), რომელშიც ჩართულია იგავ-არაკები. მოქმედ პირებად გამოყვანილნი არიან ცხოველები და ფრინველები. ჰიტოპადეშა გამოირჩევა ენის სისადავით. უხვადაა ჩართული ლექსები, ანდაზები, რჩევა-დარიგებანი. ჰიტოპადეშა დიდაქტიკური ჟანრის ნაწარმოებია. მასში მოთხრობილ არაკთა ერთი ნაწილი მეტ-ნაკლებად გადამუშავებული სახით გვხვდება სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისაში“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ იგავ-არაკთა სიუჟეტები მოარული იყო აღმოსავლურ ლიტერატურაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 673-674.