ჰისტოგენეზი
ჰისტოგენეზი (ძველბერძნ. – ἱστός – ქსოვილი + γένεσις – წარმოქმნა, ჩამოყალიბება) — ჩანასახის ქსოვილის მაღალდიფერენციულ, მორფოლოგიურად და ფუნქციურად განსხვავებულ ქსოვილად ჩამოყალიბების პროცესი. ემბრიონოგენეზის ადრეულ საფეხურზე საჩანასახე ფურცლების ერთგვაროვანი უჯრედების შრეში ჩნდება განსხვავებული სტრუქტურის მქონე უჯრედების გროვები, რომელთაგან შემდგომ გარკვეული ორგანოები და ორგანოთა სისტემები ვითარდება. ჩანასახის ქსოვილთა წარმოქმნის შემდეგ დეტერმინირებულ უბნებში იწყება უჯრედთა მორფოლოგიური სხვაობის გამოვლინება, რაც გამოწვეულია გენების მოქმედებით, რომლებიც განაპირობებენ ამ უჯრედებისათვის დამახასიათებელ სპეციფიკური ბიოქიმიური პროცესების ჩამოყალიბებას. ამრიგად, ჰისტოგენეზის შედეგად მიიღება სპეციფიკური სტრუქტურები და შესაძლებელი ხდება გარკვეული ფუნქციის შესრულება, რაც თავის მხრივ განაპირობებს ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური პროცესების მიმდინარეობას. ჰისტოგენეზი მოიცავს ემბრიონული განვითარების პერიოდს; ჰისტოგენეზი გვხვდება პოსტემბრიონულ პერიოდში და შემდგომ ზრდასრულ ორგანიზმშიც, რეპარაციული რეგენერაციის, აგრეთვე მთელი რიგი პათოლოგიური პროცესების დროს — მეტაპლაზია, სიმსივნური ზრდა და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 672.