ჰემანგიომა (ბერძ. haima — სისხლი, angeion — სისხლძარღვი, oma — სიმსივნე) — კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც საფუძვლად უდევს სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალური განვითარება. ჰემანგიომების მცირე ნაწილი წარმოადგენს ჭეშმარიტ სიმსივნეს, მაგრამ სისხლძარღვოვანი ჭეშმარიტი სიმსივნური წარმონაქმნების გარჩევა სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნებისაგან ძნელია. სისხლძარღვოვანი სიმსივნეების 60–80% გვხვდება სახის არეში. ჰემანგიომა ხშირად თანდაყოლილია და იზრდება ორგანიზმის ზრდასთან ერთად. ღრმად მდებარე ჰემანგიომა ზოგჯერ მოზრდილ ასაკში ვლინდება. ბავშვებში შესაძლებელია სიცოცხლის პირველ წელს თანდაყოლილმა ჰემანგიომამ უკუგანვითარება განიცადოს.

ჰემანგიომა
კაპილარული ჰემანგიომა
დარგი ონკოლოგია Edit this on Wikidata
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 30033
ICD-10 D18.0 (ILDS D18.010)
ICD-9 228.0
MedlinePlus 001459
eMedicine eMedicine: derm/201
MeSH D006391

გავრცელება და ლოკალიზაცია

რედაქტირება

ჰემანგიომები გვხვდება ახალშობილთა 3–5%-ში. გოგონებში გვხვდება 2–3-ჯერ უფრი ხშირად ვიდრე ბიჭებში. ჰემანგიომა შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში, როგორც მის ზედაპირზე ასევე შინაგან ორგანოებში. თუმცა 60–80% გვხვდება სახისა და კისრის მიდამოში. ჰემანგიომების 1/3 ლოკალიზდება ღვიძლში. ხშირად ჰემანგიომა შერწყმულია განვითარების სხვა თანდაყოლილ მანკებთან. აღწერილია მისი საოჯახო გადაცემის შემთხვევები. სახეზე შეიძლება ლოკალიზდეს ტუჩზე, ლოყაზე, ცხვირზე, ენაზე და ასე შემდეგ.

 
კაპილარული ჰემანგიომა.

მიკროსკოპულად ჰემანგიომა შედგება კაპილარული ტიპის მცირე ზომის სისხლძარღვოვანი არხებისგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია შემაერთებელი ქსოვილით. კაპილარები გამოფენილია ენდოთელური უჯრედების ერთი შრით. განარჩევენ ჰემანგიომის რამდენიმე ტიპს: მარტივს (კაპილარული), ჰიპერტროფიულ-კაპილარულს, კავერნულს, დატოტვილს, კომბინირებულს (კაპილარულ-კავერნული) და ტელეანგიექტაზიას.

კაპილარული ჰემანგიომა

რედაქტირება

მარტივი ანუ კაპილარული ჰემანგიომა შედგება კაპილარული სისხლძარღვებისგან და მოიცავს 30–40% სისხლძარღვოვანი სიმსივნეებისა. აქვს წითელი ან მოწითალო–მოლურჯო ფერი. იგი არ არის წამოწეული კანიდან. არ გააჩნია მკვეთრი საზღვრები. მასზე თითით ზეწოლა იწვევს გაფერმკრთალებას ან სრულ გაქრობას, ზედაწოლის მოხსნის შემდეგ კი სწრაფად აღიდგენს თავის ფერს.

კავერნული ჰემანგიომა

რედაქტირება

კავერნული ჰემანგიომა შედგება ეპითელიუმით გამოფენილი და სისხლით სავსე დიდი ღრუებისგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ანასტომოზებით. ზოგჯერ ღრუები განცალკევებულია შემაერთებელქსოვილოვანი ძგიდით. ამ ფორმის დროს კანი მკვეთრად შეცვლილია. კავერნების (ღრუების) გამო აქვს ხორკლიანი ზედაპირი, იძენს მოლურჯო-მეწამულ ფერს. რბილ-ელასტიური კონსისტენციისაა. კავერნოზული ჰემანგიომის დროს ზიანდება კანი, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, კუნთი, სახეზე ლოკალიზაციისას პირის ღრუს ლორწოვანი გარსი და ყბების ძვლები.

ჰიპერტროფიულ-კაპილარული

რედაქტირება

ჰიპერტროფიულ-კაპილარულ ჰემანგიომას აქვს წითელი ან მეწამულისფერი შეფერილობა. კონსისტენციით მკვრივ-ელასტიურია, ამობერილია ირგვლივმდებარე ჯანმრთელი ქსოვილიდან. ზედაპირი ხორკლიანია მკვეთრი საზღვრების გარეშე. ზედაწოლით ფერის დაკარგვის სიმპტომი მკვეთრად არ არის გამოხატული.

დატოტვილი ჰემანგიომა

რედაქტირება

იგი შედგება გაფართოებული არტერიული და ვენური სისხლძარღვებისგან. მისთვის დამახასიათებელია პულსაცია და აუსკულტაციის დროს ისმის სისტოლური შუილი. შეფერილობა აქვს ლურჯი. კონსისტენციით რბილ–ელასტიური. წამოწეულია დაუზიანებელი ქსოვილებთან შედარებით და არ აქვს მკვეთრი საზღვრები.

შერეული ჰემანგიომა

რედაქტირება

შერეული ჰემანგიომა შეიცავს მარტივი, კავერნული და დატოტვილი ჰემანგიომის უბნებს. თუმცა მასში ჭარბობს ერთი ფორმის შემადგენლობა. შეიძლება მისი ელემენტები შეთავსებული იყოს ლიმფანგიომასთან. შეიძლება იყოს წითელი, მოწითალო–მეწამულის ან მოლურჯო ფერის. რბილ–ელასტიური. წამოწეულია ირგვლივმდებარე ჯანმრთელი ქსოვილებიდან.

ტელეანგიექტაზია

რედაქტირება

იგი არის წითელი ფერის, რბილი კონსისტენციის. არ არის წამოწეული ირგვლივმდებარე ქსოვილებიდან, აქვს მკვეთრი საზღვრები. ზედაწოლით კარგავს ფერს.

მკურნალობა

რედაქტირება

არსებობს ჰემანგიომების მკურნალობის რამდენიმე მეთოდი: მასკლეროზირებელი თერაპია, კრიოთერაპია, ელექტროკოაგულაცია, ენდოვასკულური ოკლუზია.

მასკლეროზირებელი თერაპია

რედაქტირება

მასკლეროზირებელი თერაპია გამოიყენება მცირე ზომის ჰემანგიომები სამკურნალოდ. მას დაფუძვლად უდევს სიმსივნის ერთმომენტიანი ინფილტრაცია ეთილის სპირტის 70%–იანი ხსნარით. ბავშვებში მიზანშეწონილია კავერნული (გავრცელების სიღრმით 0,8 სმ–ზე) და ჰიპერტროფიული კაპილარული (გავრცელების სიღრმით 0.5 სმ–ზე) ჰემანგიომების დროს. მასკლეროზირებელი თერაპიის მეთოდი ეფუძნება იმას, რომ სპირტის შეყვანით სისხლძარღვოვანი წარმონაქმნის ქსოვილში ვითარდება ქიმიური დამწვრობა, რასაც მოჰყვება ასეპრიური ანთება და შემდეგ — ნაწიბურის ჩამოყალიბება. კავერნული ფორმის დროს სპირტი შეჰყავთ უშუალოდ წარმონაქმნის ღრუში. მასკლეროზირებელი ხსნარი შეყავთ იქამდე, სანამ არ წარმოიქმნება მკვრივი ინფილტრატი, რომელიც ცდება ჰემანგიომის ფარგლებს 0.5–1,5 სმ–ით.

კრიოდესტრუქცია

რედაქტირება

ჰემანგიომის კრიოდესტრუქცია (ადგილობრივი მოყინვა) მცირედ ტრავმულია. ეს მეთოდი წარმატებით გამოიყენება კაპილარული და შემოსაზღვრული ზედაპირული ჰემანგიომების დროს. ამ შემთხვევაში ხშირად მიიღწევა სრული განკურნება. კრიოდესტრუქცია წარმოებს თხევადი აზოტით ან ნახშირმჟავას ყინულით.

ელექტროკოაგულაცია

რედაქტირება

ელექტროკოაგულაცია (მოწვა) გამოიყენება როგორც დამოუკიდებელი მეთოდი, ძირითადად ტუჩის წითელი ყაეთნის სოლიტარულ ტელეანგიექტაზიებისა და მცირე ჰემანგიომური უბნების ლიკვიდაციისთვის მათი არარადიკალური მოცილების შემდეგ. ამ ემთხვევაში მიიღწევა მკურნალობის რადიკალიზმი და დამაკმაყოფილებელი კოსმეტიკური შედეგები.

ენდოვასკულური ოკლუზია

რედაქტირება

ამ მეთოდის დროს, კათეტერით შედიან პათოლოგიურ კერამდე და ჰემანგიომის მკვებავ არტერიაში შეყავთ საემბოლიო ნივთიერება. ეს იწვევს სიმსივნეში სისხლის ნაკადის მოდენის შეწყვეტას და სიმსივნის რეორგანიზაციას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ომარ ნემსაძე., ქირურგიული სტომატოლოგია, გამომცემლობა „დასტაქარი“. თბილისი 2005;
  • კოლესოვი ა.ა., ბავშვთა ასაკის სტომატოლოგია. გამომცემლობა „მთაწმინდელი“. თბილისი 2006.