ჰელენა ბობინსკა (პოლ. Helena Bobińska) (დ. 9 მაისი, 1887, ვარშავა, — გ. 9 ივნისი, 1968, იქვე) — პოლონელი მწერალი, ჟურნალისტი.

ჰელენა ბობინსკა

1905 წლიდან იყო პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის სოცალი-დემოკრატიული პარტიის წევრი. მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში. მისი ძმა იყო პოლონელი მწერალი და პოლონეთის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იულიან ბრუნი, პირველი ქმარი კი — პოლონელი კომუნისტი სტანისლავ ბობინსკი (დახვრიტეს 1937 წელს). 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, 1917 წელს გადასახლდა საბჭოთა რუსეთში. თანამშრომლობდა საბჭოთა პოლონურ- და რუსულენოვან ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ჟურნალებში. ერთხანს იყო კიევის პოლონური სახელმწიფო თეატრის ლიტერატურული ხელმძღვანელი. ასევე იყო საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის წევრი (1934-1938). მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წელს დაბრუნდა პოლონეთში და განაგრძო ლიტერატურული მოღვაწეობა. ავტორია საყმაწვილო მოთხრობებისა, რამდენიმე რომანისა, ლიტერატურული თარგმანებისა, მოგონებებისა.

ბობინსკას ყველაზე ცნობილ ნაწარმოებთა შორისაა რომანი „ქაბუნაურთა შთამომავლის შურისძიება“ (1930), რომელიც ავტორის ხევსურეთში მოგზაურობის საფუძველზეა დაწერილი. მასში აღწერილია ხევსურეთის პეიზაჟები, ზნე-ჩვეულებები, აგრეთევ თბილისი, მისი ძველი უბნების კოლორიტული სურათები. ნაწარმოები მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი. II მსოფლიო ომის დროს რომანი, ბობინსკას სხვა გამოცემების მსგავსად, იკრძალებოდა ნაცისტურ გერმანიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.
  • Литературная энциклопедия. — В 11 т.; М.: издательство Коммунистической академии, Советская энциклопедия, Художественная литература. Под редакцией В. М. Фриче, А. В. Луначарского. 1929—1939.