ჰარპიები (ჰარპაგოს – მტაცებელი; ტაცება; ხარბი) — ქარიშხლიანი ქალღმერთები, შმაგი ქარიშხლისა და ორომტრიალის სწრაფი ღმერთქალები, მტაცებელი ურჩხულები, ნარევი სახეები, ხარბი დემონები. ზოგი ღმერთებს უწოდებს, ზოგი დემონებს,რომელთაც ქალის თავი, ფრინველის ტანი და კლანჭები ჰქონდათ. ჰომეროსი უბრალოდ პოდარგეს ეძახის, ესაა აქილევსის ცხენების ქსანთოსის და ბალიოსის დედა (პოდარგოს - სწრაფი, „ფეხმარდი“, მენელაოსის და ჰექტორის ცხენებსაც ეწოდათ). ეს მტაცებელი ფრთოსნები, რომელნიც მეფე ფინევსს მიუჩინეს და სანოვაგეს პირიდან აცლიდნენ, ერთი ვერსიით უგზო-უკვლოდ დაკარგულებსაც დააცხრებიან, სულებს იტაცებენ. ჰესიოდეს მიხედვით მშვენიერ კულულებიანი ქალღმერთებია, თავმანტისა და ოკეანიდ ელექტრას ასულები, სახელად აელე და ოკიპეტე. შემდეგ ბოროტი მტაცებელი ფრთოსანი ქალწულების სახე მიიღეს, რიცხვმაც იმატა (აელოპე, თიელა, კელენო და ა.შ.). მათი სახე განსაკუთრებით ჩამოყალიბდა აპ. როდოსელის „არგონავტიკაში“, სადაც ანაზდეულად ღრუბლებიდან მოფრენილი ჰარპიები სუფრას უცარიელებენ და სასახლეს უყროლებენ თრაკიელ მისანს, ბრმა მეფე ფინევსს. მტაცებლებს ძმები — ბორეადები დაედევნებიან და სამუდამოდ განდევნიან, ან სტროფადებთან ეწევიან, კლავენ და ზოგი ვერსიით თვითონაც კვდებიან. აქ, სტროფადებთან ნახა ენეასმა საზარელი, ჭანგებიანი, მუდამ მშიერი ჰარპიები - ბოროტი კელენო და მისი დები. როგორც კი ენეასმა და მისმა მხლებლებმა სუფრა გაშალეს, ყრანტალით დაესხნენ თავს, შესანსლეს სანოვაგე და ააყროლეს იქაურობა. ბოლოს ხმლით შეუტიეს, მაგრამ ვერა ავნეს რა. კლდეზე შემომჯდარმა „ფურია კელენომ“ უწინასწარმეტყველა: ქალაქს გალავანს ვერ შემოავლებთ, ვიდრე შიმშილით ისე არ გამწარდებით, რომ მამიდასაც კი დახრავთო.

ჰარპია
ჰარპიები ტყეში, გუსტავ დორე, 1861

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აკაკი გელოვანი – მითოლოგიური ლექსიკონი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1983