ჰალიკარნასის ალყა

ჰალიკარნასის ალყა
ალექსანდრეს სპარსეთის კამპანიის ნაწილი

ალყის ამსახველი რუკა
თარიღი აგვისტო,[1] ძვ. წ. 334
მდებარეობა ჰალიკარნასი (ახლანდელი ბოდრუმი)
შედეგი მაკედონელების გამარჯვება
მხარეები
მაკედონია სპარსეთის იმპერია
მეთაურები
ალექსანდრე დიდი
მემნონ როდოსელი
ორონტობატესი
ეფიალტე
ჰალიკარნასის ალყა ვიკისაწყობში

ჰალიკარნასის ალყა — დაპირისპირება ალექსანდრე დიდსა და აქემენიდური სპარსეთის არმიას შორის, რომელსაც დაქირავებული ბერძენი მემნონ როდოსელი მეთაურობდა, რომელიც ძვ. წ. 334 წლის აგვისტოს გაიმართა. ჰალიკარნასი მეორე ქალაქი იყო მცირე აზიაში, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია მაკედონელებს, მილეტის შემდეგ. სამხედრო მოქმედებები ჰალიკარნასის ახლოს მდებარე პატარა ქალაქ მინდუსისთვის ბრძოლით დაიწყო, თუმცა ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი აღება. ამას მოჰყვა რამდენიმე დაპირისპირება ქალაქის კედლებთან მაკედონელებსა და სპარსელებს შორის. ასეთ ბოლო ბრძოლაში მილასას კედელთან, როდესაც ათენელმა ეფიალტემ თავისი ხალხით იერიში მიიტანა მაკედონელებზე, ალექსანდრე კინაღამ დამარცხდა კიდეც რეზერვში მყოფ ვეტერან მეომრებს, რომ არ ემძლავრათ. შვიდთვიანი ალყის შემდეგ მემნონმა ქალაქი ზღვით დატოვა არმიის უდიდესი ნაწილით, კარიის სპარსელი სატრაპი ორონტობატესი კი ციტადელებში გამაგრდა, სადაც ალყის შემდეგ დაახლოებით 1 წელი კვლავ ახერხებდა გამაგრებას.

ალყამდე ცოტა ხნით ადრე ალექსანდრეს კარიის ყოფილი სატრაპი, ადა ეწვია, ალინდას სიმაგრე გადასცა და თავის შვილად გამოაცხადა, რითიც მაკედონელმა მოსახლეობის კეთილგანწყობა მოიპოვა. ჰალიკარნასი პირველი ადგილი იყო, სადაც ალექსანდრემ გამგებლად მაკედონელ მეთაურთან ერთად ადგილობრივი სატრაპიც დატოვა.

წინაპირობები

რედაქტირება

ძვ. წ. 334 წლის მაისში ალექსანდრე მაკედონელმა ჰელესპონტი გადაკვეთა თავისი არმით. პლუტარქე[2] გვამცნობს, რომ ალექსანდრეს არმიის რაოდენობა სხვადასხვა წყაროების მიხედვით 34,000-დან 46,000 მეომრამდე მერყეობს.[3]

სანამ არმია 160[4] ტრირემის მეშვეობით ჰელესპონტს კვეთდა ალექსანდრემ მოინახულა დანგრეული ტროა, აქილევსის საფლავი და სხვა მითოლოგიური ღირსშესანიშნაობები. ამის შემდეგ კი ალექსანდრემ მცირე აზიაში ბერძნული ქალაქების განთავისუფლება დაიწყო. სპარსელები დიდი ხანი იგნორირებას უწევდნენ მაკედონიის არმიის მოქმედებას, თუმცა შემდეგ სასწრაფოდ შეიკრიბა საბჭო საბრძოლო გეგმის შესადგენად ქალაქ ზელეაში. კრებას ესწრებოდნენ არსამესი, რეომითრესი, პეტინესი, ნიფატესი, სპითრიდატესი, მემნონ როდოსელი და სხვა მეთაურები.[5] მათ შორის საუკეთესო იყო დაქირავებული ბერძენის, მემნონ როდოსელის გეგმა. მისი გეგმის მიხედვით, სპარსელებს გადამწყვეტი ბრძოლისთვის თავი უნდა აერიდებინათ და ომი უნდა გაეჭიანურებინათ, უკანდახევისას კი მტრისთვის არმიის მომარაგება გაერთულებინათ. ამავე დროს თავიანთი სახმელეთო და საზღვაო ძალები მაკედონიისკენ უნდა გადაესროლათ და ომი აზიიდან ევროპაში გადაეტანათ.[6] თუმცა სპარსელმა მეთაურებმა ეს გეგმა არ მოიწონეს. მათ გადაწყვიტეს ალექსანდრესთან ბრძოლა გაემართათ. ორი არმია ერთმანეთს მდინარე გრანიკოსთან დაუპირისპირდა, სადაც სპარსელებმა და მათმა მოკავშირე ბერძნებმა გამანადგურებელი დამარცხება იწვნიეს. ბრძოლის ველზე დაიღუპა სპარსელთა მეთაურობის უმეტესობა. სპარსელებთან შედარებით მაკედონელთა რიგებში დანაკარგები გაცილებით მცირეა.

გრანიკოსის ბრძოლის შემდეგ ალექსანდრემ ჯერ ფრიგიის სატრაპია დაიმორჩილა[7], შემდეგ კი ლიდიის სატრაპიის დედაქალაქი სარდისი, რომელიც ციტადელის მეთაურმა მითრინესმა ჩააბარა მაკედონელებს.[8] ალექსანდრე დიდის არმიამ ასევე აიღო დაქირავებული ბერძნების მიერ გამაგრებულები ეფესო. მცირე აზიაში ალექსანდრეს მხოლოდ ორმა ქალაქმა, მილეტმა და ჰალიკარნასმა გაუწია წინააღმდეგობა. მილეტის დაცემის შემდეგ მან ჰალიკარნასზე გაილაშქრა.

მდგომარეობა ალყამდე

რედაქტირება

ძვ. წ. 344 წელს კარიის სატრაპი, იდრიეუსი გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისი სურვილის თანახმად სატრაპი გახდა მისი ცოლი/და ადა. ამ ფაქტმა მათი უმცროსი ძმის, პიქსოდარუსის უკმაყოფილება გამოიწვი, რომელმაც საბოლოოდ ძვ. წ. 340 წელს შეძლო დის დამარცხება და ის ჰალიკარნასიდან გააძევა. ადამ ალინდას ციხესიმაგრეს შეაფარა თავი. ძვ. წ. 334 წელს პიქსოდარუსის სიკვდილის შემდეგ დარიოსმა ახალ სატრაპად დანიშნა პიქსოდარუსის სიძე, ორონტობატესი. ამავე წელს ალექსანდრეს ადა ეწვია და ალინდას სიმაგრე ჩააბარა. მან მაკედონელი საკუთარ შვილად გამოაცხადა, ალექსანდრემ კი ის კვლავინდებურად კარიის სატრაპი გახადა და ადგილობრივები მიიმხრო, თუმცა სატრაპიის დედაქალაქი ჯერ კიდევ მტრის ხელში იმყოფებოდა.[9]

დარიოს III-მ მემნონ როდოსელი მთელი მცირე აზიის მმართველად დანიშნა და მიანიჭა შეუზღუდავი ძალაუფლება ალექსანდრეს წინააღმდეგ ბრძოლაში. მასვე დაექვემდებარა მთელი სპარსული ფლოტი, რომელიც 400 ტრირემს ითვლიდა თავის რიგებში.[10][11]

 
მინდუსის კარიბჭის ნანგრევები

ალექსანდრე გაემართა კარიისკენ, რათა გაენადგურებინა სპარსული არმია, რომელიც ჰალიკარნასში იყო კონცენტრირებული, ათენელი ეფიალტეს 2000 დაქირავებულ მეომართან ერთად.[11][12] გარნიზონს მეთაურობდნენ მემნონ როდოსელი და ორონტობატესი. მათ თან ახლდათ ფლოტი, რომელიც ქალაქის ნავმისადგომს იცავდა. ჰალიკარნასი მდებარეობდა პატარა ნახევარკუნძულზე. გამომდინარე იქიდან, რომ მაკედონელებს ფლოტი არ ჰყავდათ, მემნონს ნებისმიერ დროს შეეძლო ბრძოლის განმავლობაში არმია ქალაქიდან გაეყვანა თავისი ტრირემებით. ამავე მიზიზის გამო მისთვის მარტივი იყო ქალაქის მომარაგება საკვებით ან თუნდაც დამხმარე ძალით. ქალაქის დამცველთა კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ჰალიკარნასის კედლები ახლახან იყო აშენებული და არქიტექტორებს მიღებული ჰქონდათ ზომები საალყო მანქანების წინააღმდეგ.[13] მისი კედლები 45 ფუტის სიმაღლის და 6 ფუტის სიგრძის იყო, რომელსაც გარედან შემოვლებული ჰქონდა 45 ფუტის სიგრძის და 22 ფუტის სიღრმის თხრილი. ერთის ნაცვლად ჰალიკარნასს სამი ციტადელი ჰქონდა: აკროპოლისი ჩრდილო–დასავლეთით; სიმაგრე სამხრეთ–დასავლეთით ზღვის ნაპირზე და სალმაკისი, ნავსაგდურის შესასვლელთან.[12]

ალყის პირველ დღეს მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება მოხდა მილასას კარიბჭესთან, როდესაც გარნიზონის ჯარისკაცები გარეთ გაიჭრნენ მათკენ მომავალი მაკედონელებისკენ, თუმცა ალექსანდრემ მარტივად უკუაგდო ისინი.[10] იცოდა რა, რომ წარმატების მისაღწევად ზურგში დატოვებული საალყო არტილერია დასჭირდებოდა, ალექსანდრემ გადაწყვიტა ის ზღვით გადმოეტანა პატარა სანავსადგურო ქალაქ, მინდუსში, რომელიც ჰალიკარნასისგან დასავლეთით, 10 მილის მანძილზე მდებარეობდა. მოქალაქეთა ერთი ჯგუფი მანამდე დაუკავშირდა მას და შეჰპირდა, რომ ღამით, მაკედონელთა მოახლოებისთანავე შეუშვებდა მათ ქალაქში. ალექსანდრემ ქალაქისკენ წაიყვანა ჰიპასპისტები, ჰეტაირები, მშვილდოსნები, აგრიანელები, ამინტასის, პერდიკასის და მელეაგრეს ქვეითები, მაგრამ კარიბჭე დახურული დაუხვდა. საალყო მანქანების არ ქონის მიუხედავად, მან შეძლო კედლის ნაწილის და კოშკის დანგრევა. ქალაქმა მალევე მიიღო დახმარება ჰალიკარნასიდან, რამაც ალექსანდრესთვის მისი აღება შეუძლებელი გახადა. ისიც კვლავ ჰალიკარნასს მიუბრუნდა.[10][12]

რამდენიმე დღე მაკედონელები ახორციელებდნენ უწყვეტ, წარუმატებელ იერიშებს ქალაქის კედლებზე.[14] ალექსანდრემ მაინც მოახერხა საალყო დანადგარების ზღვით მოწოდება და როგორც იქნა შეეძლო ეფექტიანი ალყის წარმოება.[14] უპირველეს ყოვლისა მან ამოავსებინა თხრილი, რათა კედელთან საალყო მანქანების მიტანა გამხდარიყო შესაძლებელი, რის გამოყენებითაც მაკედონელებმა ჩამოაქციეს ორი კოშკი და მათ შორის არსებული კედელი, ასევე მძიმედ დააზიანეს მესამე კოშკი.[15] ამ ადგილას იერიში მაკედონურმა ფალანგებმა მიიტანეს, თუმცა მემნონის ქვეითებმა და ქალაქის კედლებზე განლაგებულმა მშვილდოსნებმა ისინი მარტივად უკუაგდეს.[15] მემნონმა ღამით მაკედონელების საალყო კოშკების დაწვაც სხცადა, თუმცა უშედეგოდ. დაიღუპა გარნიზონის 170 მეომარი, მაკედონელების დანაკარგმა კი 16 მკვდარი და 300 დაჭრილი შეადგინა.[10]

როდესაც გარნიზონის ჯარისკაცები მილისას გალავანში არსებული ხვრელის უკან ნამგლისებრ კედელს აშებებდნენ, ორი მთვრალი მაკედონელი პერდიკასის ფალანგებიდან შეიარაღდა და კედელს შეუტია ერთმანეთისთვის სიმამაცის დამტკიცების მიზნით. ქალაქის რამდენიმე მცველი მათკენ გამოეშურა, მაგრამ ორმა მაკედონელმა ახლოს მოსულები დახოცეს, შორს მდგომნთ კი შუბები სტყორცნეს. საბოლოოდ მათ ვეღარ გაუძლეს მოწინააღმდეგეთა შემოტევებსა და მათკენ ნასროლ შუბებს. პერდიკასისა და მემნონის სხვა მეომრები მალევე მივიდნენ იმ ადგილას და ქალაქის კედელთან გამართეს ბრძოლა. მაკედონელებმა მოწინააღმდეგეები უკუაგდეს ჰალიკარნასში, რომელიც ძლივს გადაურჩა დაცემას.[16] შეტაკების შემდეგ ალექსანდრემ მცირეხნიანი ზავი მოითხოვა გალავანთან დაღუპულთა დასაბრუნებლად და დასამარხად. ათენელები, ეფიალტე და თრასიბულუსი წინააღმდეგნი იყვნენ, თუმცა მემნონი მაინც დათანხმდა მაკედონელს.[14]

მეორე დღეს ალექსანდრემ საალყო მანქანებით იერიში მიიტანა ნამგლისებრ კედელზე. მემნონმა მეომრები გამოგზავნა მათ წინააღმდეგ, რომლებმაც ერთი კოშკის დაწვა მოახერხეს, თუმცა ფილოტამ და ჰელანიკუსმა მეორე კოშკი გადაარჩინეს. მათ დასახმარებლად ალექსანდრეს გამოჩინისთანავე მოწინააღმდეგეები ქალაქში დაბრუნდნენ.[16]

საალყო მანქანების დაწვის მეორე მცდელობის კრახის შემდეგ, მემნონმა მაკედონელებზე იერიში ეფიალტეს მიანდო. როდესაც ალექსანდრემ კვლავ განალაგა თავისი საალყო მანქანები ნამგლისებრი კედლის წინ, ათენელმა თავისი 2000 მეომარი ორ რაზმად გაჰყო. პირველმა რაზმმა იერიში მიიტანა პირდაპირ საალყო კოშკებზე, მეორე რაზმმა კი, რომელსაც თავად ეფიალტე ედგა სათავეში, ტრიპილონის კარიბჭიდან დატოვა ქალაქი და მაკედონელთა ძალას მოულოდნელად დაესხა ფლანგიდან. მათ იცავდნენ ნამგლისებრი კედლის უკან აღმართულ 150 ფუტიან კოშკზე განლაგებული შუბოსნები, მშვილდოსნები და კატაპულტები. ისედაც არახელსაყრელ ვითარებაში ჩავარდნილი ალექსანდრეს წინააღმდეგ ბრძოლაში მემნონიც ჩაერთო თავისი დამხმარე ძალით.[17][18]

საბოლოოდ, ბრძოლის ბედი პტოლემეს გამოცდილმა მაკედონელებმა გადაწყვიტეს, რომელთაც ისეთი ძალით შეუტიეს ეფიალტეს რაზმს, რომ მალე მეთაურიც მოკლეს და ამით დაპანიკებულ ბერძნებს გაქცევა აიძულეს. გაქცეულებმა თხრილზე გაკეთებული ხიდი ჩაანგრიეს თავისი რაოდენობით და ბევრი 22 ფუტის სიღრმეში ჩავარდა, სადაც მაკედონელებმა მოუსწრაფეს სიცოცხლე მშვილდებითა და შუბებით. დანარჩენები ქალაქის კარიბჭესთან დახოცეს, რადგან გარნიზონის შეშინებულმა მეომრებმა ის ბერძნების დაბრუნებამდე დახურეს. ალექსანდრეს მარტივად შეეძლო სრულად დაემორჩილებინა ქალაქი თუ განაგრძობდა შეტევას, თუმცა საპირისპიროდ მოიქცა, რადგანაც კვლავ ჰქონდა გარნიზონის დანებების იმედი. ალექსანდრემ სულ დაკარგა 40 მეომარი, თუმცა დაჭრილთა რაოდენობა სავარაუდოდ 10–ჯერ ან 20–ჯერ უნდა აღემატებოდეს ამ რიცხვს. მეთაურთაგან დაიღუპნენ პტოლემე, მისი ორი რაზმიდან ერთ–ერთის მეთაური, ადეუსი და მშვილდოსანთა მეთაური, კლეარქუსი.[19]

მემნონმა და ორონტობატესმა მალევე გადაწყვიტეს არმიის ქალაქიდან გაყვანა, რადგან ხალხის სიმცირის გამო მის დაცვას ვეღარ ახერხებდნენ. მათ ცეცხლი წაუკიდეს სამხედრო არსენალებს და ხის კოშკს, რომელიც ქალაქის კედელთან აეგოთ. ცეცხლი ასევე მოედო ახლომახლო სახლებს, რამაც ჰალიკარნასის დიდი ნაწილის დაწვა გამოიწვია. ორონტობატესი საუკეთესო მეომრებთან ერთად ორ სანაპირო ციტადელში გამაგრდა, მემნონმა დანარჩენები კი კუნძულ კოსზე წაიყვანა. ალექსანდრემ ქალაქში შესვლის შემდეგ, გადაწყვიტა არ ებრძოლა იქ გამაგრებულ მტერთან, რადგანაც ეს უმნიშვნელოდ ჩათვალა, მაშინ როდესაც დანარჩენი ქალაქი მის ხელში იყო. თანაც ციტადელები სანაპიროზე იყო განლაგებული და მათი ზღვიდან მომარაგება შესაძლებელი იყო სპარსელებისთვის. ალექსანდრემ ისინი კედლებითა და თხრილით შემოსაზღვრა, ქალაქი მიწასთან გაასწორა და იქ დატოვა 3,000 დაქირავებული ბერძენი ქვეითი და 200 მხედარი პტოლემეს (ლაგუსის ძე[20]) ხელმძღვანელობით.[21]

ორონტობატესის ძალამ ჰალიკარნასში კიდევ დაახლოებით 1 წელი გაძლო, რის შემდეგაც ის პტოლემესა და ასანდრუსს ღია ველზე დაუპირისპირდა და დამარცხდა. მან 50 მხედარი და 700 ქვეითი დაკარგა, ასევე 1000 მეომარი ტყვის სახით. ბრძოლის შემდეგ ორივე ფორტი დანებდა და ჰალიკარნასის ალყაც საბოლოოდ დასრულდა.[20]

შედეგები

რედაქტირება

ჰალიკარნასის 7-თვიანი[22] ალყა მიჩნეულია ალექსანდრე დიდის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ სამხედრო ოპერაციად თავისი მთელი კარიერის მანძილზე. მას არ გამოუმჟღავნებია არანიარი განსაკუთრებული უნარი მისი წარმოებისას და გრძელ, ტრადიციულ ალყას დაჰყაბულდა. ის მეტწილად რეაგირებდა მემნონის შეტევებზე, ვიდრე თავად მოქმედებდა და ეფიალტეს ღამის შეტევის დროს რამის დათმო კიდეც ბრძოლა. სამაგიეროდ, თანამედროვე ისტორიკოსები მაღალ შეფასებას აძლევენ სპარსეთის სამსახურში მყოფი დაქირავებული ბერძენის, მემნონ როდოსელის სამხედრო მოქმედებებს. მისი წყალობით ჰალიკარნასი ერთადერთი ადგილი გახდა, რომელიც ალექსანდრემ სრულად გამარჯვებული ვერ დატოვა.[23] მიუხედავად იმისა, რომ მაკედონელმა შეასრულა თავისი მიზანი, ანუ სპარსელებს წაართვა კიდევ ერთი ნავმისადგომი, ჰალიკარნასის სახით, ზოგი ამ ბრძოლად სპარსელების უკანასკნელ გამარჯვებადაც მიიჩნევს. მემნონმა შეძლო დროზე, დიდი დანაკარგის გარეშე დაეტოვებინა ქალაქი და თან სპარსელებს გადაჯგუფების შესაძლებლობა მისცა.[24]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. იონა ლენდერინგი - სტატიები ანტიკურ ისტორიაზე, ალექასნდრე დიდი: ქრონოლოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-19. ციტირების თარიღი: 2011-01-02.
  2. პლუტარქე - ალექსანდრე, გვ. 10
  3. დიოდორეს მიხედვით არმია შეადგენდა 32,000 ქვეითსა და 4,500 კავალერისტს, არიანესა და ებოტის მიხედვით კი 30,000 ქვეითს და 5,000 კავალერისტს
  4. ფლავიუს არიანე, ალექსანდრეს კამპანიები – 1.11.
  5. არიანე - 1. 12
  6. დიოდორე სიცილიელი, ისტორიული ბიბლიოთეკა, VIII ნაწილი (XVII წიგნი), გვ.169
    არიანე, 1.12.9.
  7. ჯეიმზ ეშლი - მაკედონიის იმპერია: ფილიპე II-ისა და ალექსანდრე დიდის ომები, ძვ. წ. 359-323, გვ.203
  8. არიანე - 1.17
  9. იონა ლენდერინგი - სტატიები ანტიკურ ისტორიაზე,ადა დაარქივებული 2013-05-01 საიტზე Wayback Machine.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 არიანე - 1.20
  11. 11.0 11.1 დიოდორე – XVII. 23
  12. 12.0 12.1 12.2 ეშლი - გვ.206
  13. იონა ლენდერინგი - სტატიები ანტიკურ ისტორიაზე,ალექსანდრე დიდი დაარქივებული 2011-05-14 საიტზე Wayback Machine.
  14. 14.0 14.1 14.2 დიოდორე – XVII. 25
  15. 15.0 15.1 ეშლი - გვ.207
  16. 16.0 16.1 არიანე - 1.21
  17. დიოდორე – XVII. 26
  18. ეშლი – გვ.208
  19. არიანე – 1.22
  20. 20.0 20.1 ეშლი – გვ. 209
  21. არიანე – 1.23
  22. ეშლი – გვ. 204
  23. ეშლი – გვ. 210
  24. იონა ლენდერინგი – სტატიები ანტიკურ ისტორიაზე, მემნონ როდოსელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-14. ციტირების თარიღი: 2011-10-08.