ჰაარეცი
ჰაარეცი (ებრ. הארץ) ("დედამიწა", დედანში ეწოდება Hadashot Ha'aretz "დედამიწის სიახლეები") — ისრაელის უძველესი ყოველდღიური გაზეთი. დაარსებულია 1918 წელს. დღეისათვის ორ ენაზე, ებრაულად და ინგლისურად გამოდის ბერლინერის ფორმატში. ინგლისური ვერსია გამოდის და ვრცელდება საერთაშორისო ჰერალდ თრიბუნთან (International Herald Tribune) ერთად. ორივე ენოვან ვერსიას ინტერნეტშიც ნახავს მკითხველი. ჩრდილოეთ ამერიკაში გაზეთი ყოველკვირეულად გამოდის, პარასკევის ნომერთან ერთად მთელი კვირეულის ამბების მიმოხილვით.
ისრაელში გამომავალ სხვა პერიოდიკასთან შედარებით, ჰაარეცი მოკლე სათაურებს იყენებს. ნაკლები ადგილი ეთმობა ფოტოს, უფრო ფართოდ არის გაშლილი პოლიტიკური ანალიზი. გაზეთის რედაქტორის გვერდები მთავრობაშიც ზეგავლენით სარგებლობს. გარდა სიახლეებისა, ჰაარეცი დიდ ადგილს უთმობს სოციალურ და გარემოსდაცვითი შინაარსის პრობლემებს. პერიოდიკის ფურცლებზე წავიკითხავთ წიგნების მიმოხილვებს, კრიმინალურ ქრონიკას და პოლიტიკურ კომენტარებს.
ისტორია
რედაქტირებაჰაარეცი პირველად 1918 წელს გამოვიდა პალესტინაში როგორც ბრიტანული სამხედრო უწყების დაფინანსებული გამოცემა. 1919 წელს გაზეთს რუსმა სიონისტებმა მოჰკიდეს ხელი. თავდაპირველად გაზეთს "ჰადაშოთ ჰაარეცი" ერქვა. გამოცემის ლიტერატურული გვერდები იმდროის ებრაელ მწერლებს იზიდავდა. პირველი ნომრები იერუსალიმში გამოდიოდა, თუმცა, 1923 წლიდან თელ-ავივში გადავიდა. იმხანად რედაქტორი მოშე გლუეკსონი იყო, რომელიც ამ პოსტს 1922-დან 1937 წლამდე იკავებდა. სალმან შოკენი, მდიდარი გერმანელი-ებრაელი სიონისტი, რომელსაც მაღაზიათა ქსელი ჰქონდა გერმანიაში, 1937 წელს გაზეთს ყიდულობს. მისი ვაჟი გერშომ შოკენი გაზეთის რედაქტორი ხდება და ამ პოზიციაზე 1990 წლის ჩათვლით რჩება.