ჯულია ლენონი

(გადამისამართდა გვერდიდან ჯულია სტენლი)

ჯულია ლენონი (ინგლ. Julia Lennon, ქალწულობის გვარი სტენლი, ინგლ. Stanley; დ. 12 მარტი, 1914, ლივერპული, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო — გ. 15 ივლისი, 1958, იქვე) — ინგლისელი მუსიკოსის ჯონ ლენონის დედა. ჯონი იყო მისი პირველი და ერთადერთი შვილი ალფრედ ლენონთან ქორწინებიდან. შემდგომში მას ჰყავდა ერთი ქალიშვილი „ტაფფი“ უილიამსისაგან — ვიქტორია, რომელიც უარყო ოჯახის ზეწოლის გამო და კიდევ ორი ქალიშვილი: ჯულია და ჯაკი ჯონ „ბობი“ დიკინსთან ქორწინებიდან.

ჯულია ლენონი
მშობლიური სახელი Julia Lennon
დაბადების თარიღი 12 მარტი, 1914
ჰედ სტრიტი, 8 (ამჟამად დანგრეულია), ლივერპული, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
გარდაცვალების თარიღი 15 ივლისი, 1958(1958-07-15)
პროფესია დიასახლისი, ოფიციანტი
მეუღლე(ები) ალფრედ ლენონი (1938-1958)
შვილ(ებ)ი ჯონი, ვიქტორია, ჯულია და ჯეკი
მშობლები მამა: ჯორჯ სტენლი
დედა: ენი მილუორდი

ჯულია ცნობილი იყო თავისი სიფიცხითა და იმპულსიურობით, თუმცა ის აგრეთვე იყო მუსიკალური ნიჭითა და დიდი იუმორის გრძნობით დაჯილდოებული. მან ჯონს უყიდა მისი პირველი გიტარა და წააქეზა გამხდარიყო მუსიკოსი, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც იყო მისი და მიმი სმიტი. ის თითქმის ყოველდღე ნახულობდა ჯონს და ხშირად ღამითაც ტოვებდა თავისი და ბობი დიკინსის სახლში.

1958 წლის 15 ივლისს მას თავისი დის, მიმის სახლის შორიახლოს დაეჯახა პოლიციელის მანქანა. ჯონმა დიდი ტრავმა მიიღო მისი დაღუპვისგან, რაც შემდგომში აისახა კიდეც მის შემოქმედებაში სიმღერების „Julia“ („ჯულია“) და „Mother“ („დედა“) სახით.

წინარეისტორია

რედაქტირება

ჯულია სტენლი, შემდგომ ოჯახში ჯუდის სახელით ცნობილი, იყო ხუთ დას შორის მეოთხე, რომელიც დაიბადა 1914 წელს ლივერპულში ჰედ სტრიტის 8-ში. ლენონმა მოგვიანებით დაურთო, რომ „სტენლის გოგონები“ იყვნენ „ხუთი, ფანტასტიკური, ძლიერი, ლამაზი და ინტელექტუალური ქალი“. მათი მამა ჯორჯი განთავისუფლდა საზღვაო სამსახურიდან და დაიწყო მუშაობა ლივერპულისა და გლაზგოს ხსნის ასოციაციაში სადაზღვევო გამომძიებლად. მან ოჯახი საცხოვრებლად გადაიყვანა უოლტონის გარეუბანში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ პენი-ლეინის უბანში ტერასული ტიპის პატარა სახლში მისამართზე ნიუკასლ როუდის 9. მისი დედა ენი ჯეინ სტენლი გარდაიცვალა 1945 წელს და ჯულიამ თავის თავზე აიღო მამაზე მზრუნველობა, რაშიც მიმისაგან არც თუ ისეთ დიდ თანადგომას იღებდა.

ქორწინება ალფრედ ლენონთან

რედაქტირება

ალფრედ (ფრედი) ლენონი — მის ოჯახში „ალფის“ სახელით წოდებული — იყო მუდამ ხუმარა და მახვილგონიერი ადამიანი. ის დიდხანს ვერ ჩერდებოდა სამსახურებში, ვინაიდან ერჩივნა ლივერპულის ვოდევილების თეატრებსა და კინოთეატრებში სიარული, სადაც ყველა ბილეთების გამყიდველს იცნობდა სახელებით. სწორედ ლივერპულში, კამდენ-როუდზე განლაგებულ კინოთეატრ „ტროკადეროში“ შეამჩნია მან პირველად ქერათმიანი გოგონა ნათელი ღიმილითა და მოგრძო პირისახით. მას ერქვა ჯულია სტენლი.

ალფრედმა მეორედ ჯულია ნახა სელფონ პარკში, როდესაც თავის მეგობართან ერთად წასული იყო გოგოების შესაბმელად. ლენონი, რომელსაც ეხურა ქვაბისებრი ქუდი და ეჭირა სიგარეტის მუნდშტუკი, დაინახა ძელსკამზე მჯდომი „ეს პატარა უსახლკარო“ გოგონა. ჯულიამ (რომელიც იმ დროს სულ 14 წლისა იყო) უთხრა, რომ მისი ქუდი „სულელურად“ გამოიყურებოდა, რაზედაც 15 წლის ალფრედმა უპასუხა, რომ სამაგიეროდ ჯულიას ჰქონდა „ლამაზი“ შესახედაობა და მის გვერდით დაჯდა. ჯულიამ სთხოვა ალფრედს მოეძრო ქუდი, მანაც მოიხადა და პირდაპირ სელფონ პარკის ტბაში გადაისროლა. ჯულია ხშირად იპყრობდა ქუჩაში მზერით მამაკაცებს. ის იყო მომხიბვლელი და კარგი აღნაგობის გოგონა დიდი ყავისფერი თვალებით, თუმცა მაღალ ქუსლებზე მდგომი სიმაღლეში აღწევდა 5,2 ფუტს. ის ყოველთვის კარგად ჩაცმული იყო და ღამით მაკიაჟით იძინებდა, რათა დილით გაღვიძებულს ლამაზი შესახედაობა ჰქონოდა. ჯულია ხშირი სტუმარი იყო ლივერპულის საცეკვაო დარბაზებისა და კლუბების, სადაც მას ხშირად იწვევდნენ საცეკვაოდ ჯარისკაცები, მეზღვაურები, ოფიციანტები და სხვ. ამბობდნენ, რომ ის იუმორით სავსე პიროვნება იყო და შეეძლო მთელი დღისა და ღამის მანძილზე ემღერა პოპულარული სიმღერები. იმასაც ამბობდნენ, რომ მისი ხმა წააგავდა ვერა ლინის ხმას მაშინ, როდესაც ალფრედის ხმა წააგავდა ლუი არმსტრონგისა და ალ ჯოლსონის ხმას. ჯულია უკრავდა უკელელეზე, აკორდეონსა და ბანჯოზე (ისევე, როგორც ალფრედი), თუმცა არასდროს მისდევდნენ მუსიკას პროფესიონალიზმის მისაღწევად. ისინი მთელი დღეები ერთად დაეხეტობოდნენ ლივერპულში და ოცნებობდნენ იმაზე, თუ რას გააკეთებდნენ მომავალში: როგორ გახსნიდნენ მაღაზიას, კაფეს, ბარს ან კლუბს.

1938 წლის 3 დეკემბერს, პირველი შეხვედრიდან 11 წლის შემდეგ, ჯულია და ალფრედი დაქორწინდნენ ჯულიას მიერვე წამოყენებული შეთავაზების საფუძველზე. ქორწინების აქტი შედგა ბოლტონ სტრიტის სამოქალაქო აქტების რეგისტრატურაში. ჯულიას ოჯახის არც ერთი წევრი არ დასწრებია ცერემონიას. ჯულიამ ქორწინების მოწმობას წააწერა „cinema usherette“ (კინოს ბილეთების გამყიდველი). მათ თაფლობის თვე გაატარეს რესტორან Reece's-ში კლეიტონ სქვერზე (სადაც შემდგომში ჯონ ლენონმა იზეიმა სინტია პაუელზე დაქორწინება), შემდეგ კი წავიდნენ კინოთეატრში. ჯულიამ შეაბიჯა ნიუკასლ როუდის 9-ში ქორწინების მოწმობის ფრიალით და დაიძახა „აგე! - მე მასზე დავქორწინდი“. ეს იყო ერთგვარი დაუმორჩილებლობის ჟესტი თავისი მამის წინააღმდეგ, რომელიც ემუქრებოდა მას იმით, რომ შვილად აღარ სცნობდა, თუ შეყვარებულთან თანაცხოვრებას გაბედავდა. ამ პირველ ღამეს ჯულია დარჩა მამის სახლში, ხოლო ალფრედი დაბრუნდა თავის საცხოვრებელში. მეორე დღეს ალფი დაბრუნდა ზღვაში სამი თვით, გაემგზავრა რა გემით ვესტ-ინდოეთში.

თავიდან სტენლების ოჯახმა სრული იგნორირება გაუკეთა ალფრედს, მიაჩნდათ რა, რომ ის იყო „ყველასათვის გამოუსადეგარი — ნამდვილად მიუღებელი ჩვენი ჯულიასათვისო“. ჯულიას მამა ალფრედისგან მოითხოვდა ეჩვენებინა რაიმე კონკრეტული მაგალითი იმისა, რომ ის შესძლებდა ჯულიას მატერიალურად რჩენას, მაგრამ ფრედის ერთადერთი იდეა იყო სამსახური დაეწყო ხმელთაშუაზღვის სავაჭრო საზღვაო ფლოტის გემზე ოფიციანტად. ის დაბრუნდა ლივერპულში რამდენიმე თვით ზღვაში ყოფნის შემდეგ და გადავიდა სტენლების ოჯახში ნიუკასლ როუდზე. მან თავი წარუდგინა ადგილობრივი თეატრის ხელმძღვანელობას როგორც „გემის საესტრადო არტისტი“, თუმცა უშედეგოდ. ამასობაში ჯულიასთვის ცნობილი გახდა, რომ ის 1940 წლის იანვრიდან დაფეხმძიმებულიყო. როდესაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, ალფრედი გააგზავნეს სამუშაოდ სავაჭრო ფლოტის მეზღვაურად, თუმცა ის რეგულარულად უგზავნიდა ფულს ჯულიას, რომელიც ცხოვრობდა ნიუკასლ როუდის 9-ში მის პატარა ჯონთან ერთად. როდესაც ალფრედმა 1943 წელს თვითნებურად დასტოვა სამსახური, ფულის მიღება ჯულიას შეუწყდა.

ჯონ ლენონი დაიბადა 1940 წლის 9 ოქტომბერს ლივერპულში, ოქსფორდ-სტრიტის სამშობიარო სახლში. ეს დღე იყო ერთ-ერთი იმათთაგანი, როდესაც გერმანული ლუფტვაფეს თვითმფრინავები მასიურად ბომბავდნენ ქალაქს. მიმის დილით შეატყობინეს, რომ გამთენიისას 6 საათსა და 30 წუთზე შეეძინა დისშვილი. მიმი, რომელსაც შვილი არ უჩნდებოდა, ავიაციური დაბომბვის საშიშროების მიუხედავად გახარებული გაიქცა სამშობიაროსაკენ და როდესაც პირველად აიყვანა ხელში ახალშობილი ჯონი, ეს იყო მისთვის უბედნიერესი მომენტი.

1945 წლის ნოემბერში ლენონმა სწავლა ვულტონის დაწყებით სკოლაში დაიწყო. ჯულია კი ნახევარი განაკვეთით მუშაობდა მისი სკოლის მახლობელ კაფეში. ასე რომ, მას შეეძლო მეთვალყურეობა გაეწია ჯონისათვის და საღამოს სკოლიდან შინ წამოეყვანა. მამის ოჯახის მხრიდან განუწყვეტელი კრიტიკისაგან გაბეზრებულმა ჯულიამ სულ მალე საკუთარი ცხოვრება დაუკავშირა ბობი დიკინსს.

1946 წლის ივლისში მიმის სახლს ესტუმრა ლენონის მამა — ალფრედი და პატარა ჯონი წაიყვანა ბლეკპულში. მას ახალ ზელანდიაში გამოუჩნდა სამუშაო და გადაწყვეტილი ჰქონდა თან წაეყვანა თავისი შვილი, მაგრამ მოულოდნელად მამა-შვილს თავს დაადგა ჯულია. ცოლ-ქმარს შორის გაიმართა კამათი და მათ ორჯერ დააყენეს ჯონი არჩევანის წინაშე: ან დედა ან მამა. ორჯერვე ჯონმა მამასთან გამგზავრება არჩია, მაგრამ, როდესაც თვალცრემლიანი ჯულია უკან გაბრუნდა, ჯონი ტირილით გამოედევნა დედას. გულდაწყვეტილი ალფრედი მარტო გაემგზავრა ახალ ზელანდიაში.

როდესაც ჯონი წამოიზარდა, მას დაუოკებელი ლტოლვა გაუჩნდა მუსიკისადმი. მიმი მეტად მკაცრი აღმზრდელი გამოდგა და ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ჯონის ამ მიდრეკილებას. სამაგიეროდა მისი ქმარი ჯორჯ სმიტი უფრო ალერსიანი იყო ჯონის მიმართ და სწორედ მან უყიდა ჯონს პირველი მუსიკალური ინსტრუმენტი. ეს იყო პირის გარმონი. ამასობაში ჯულიამაც მოუწონა ჯონს მუსიკისადმი ლტოლვა და პირველმა შეასწავლა მას ბანჯოზე დაკვრა. შემდეგ გიტარაც უყიდა და „The Quarrymen-ში“ მონაწილეობასა და პოლ მაკ-კარტნისთან ურთიერთობაც მოუწონა. ლენონი მეცხრე ცაზე იყო, ვინაიდან მან დედამისში დაინახა არა მარტო მშობელი, არამედ მეგობარი და მასწავლებელიც.

ეს იყო ჯონის ცხოვრებაში უბედნიერესი ხანა, მაგრამ იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. მას ცხოვრება უმზადებდა მწარე გამოცდას, რომლისაგან გამოწვეული სტრესიც ჯონს მთელი ცხოვრებისა და შემოქმედების მანძილზე გაჰყვა.

ჯულიას სიკვდილი

რედაქტირება

ჯულია მიმის სახლს თითქმის ყოველდღე სტუმრობდა, სადაც ისინი საუბრობდნენ და მიირთმევდნენ ჩაის ნამცხვრით დილის ოთახში ან, როცა თბილოდა — იდგნენ ბაღში. 1958 წლის 15 ივლისის საღამოს ნეიჯელ უოლი ესტუმრა ჯონ ლენონს და დაინახა ჭიშკართან მისაუბრე ჯულია და მიმი. ჯონი შინ არ დახვდა, ვინაიდან ის ამ დროს იმყოფებოდა ჯულიას სახლში ბლუმფილდ როუდზე. უოლიმ გააცილა ჯულია მენლავ ავენიუს იქით ავტობუსის გაჩერებამდე გზაში ხუმრობა-ხუმრობით. დაახლოებით 9 საათსა და 30 წუთზე უოლი დაშორდა მას და ჯულია გადავიდა ქუჩაზე ორ საგზაო ხაზს შორის. ხუთი წამის შემდეგ უოლის შემოესმა ”ხმამაღალი ბრახუნი” და რომ შემოტრიალდა, დაინახა „ჰაერში ატყორცნილი“ ჯულიას სხეული, რომელიც შეჯახების ადგილიდან 100 ფუტის მოშორებით დაეცა. უოლი გაიქცა უკანვე მიმისაკენ და ისინი ელოდნენ სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლას. მიმი ისტერიულად ტიროდა.

ჯულიას სასიკვდილოდ დაეჯახა სტანდარდ ვანგარდის ავტომობილი ნომრით LKF 630, რომელსაც მართავდა პოლიციელი მოსწავლე მძღოლი ერიკ კლაგი. შემდგომში მან განაცხადა: „მისის ლენონმა უბრალოდ გაირბინა ჩემს წინ. მე არანაირად არ შემეძლო ამეცილებინა მისთვია. არ ამიჩქარებია, გეფიცებით. ეს იყო უბრალოდ ერთ-ერთი იმ საშინელ მოვლენათაგაგანი, რაც ხდება“. კლაგი გამართლებულ იქნა ყველა ბრალდებისგან და მხოლოდ დროებით შეუჩერეს უფლებამოსილება. როდესაც მიმიმ ვერდიქტი მოისმინა, ის ისე განრისხდა, რომ კლაგს მთელი ხმით უყვიროდა „მკვლელო!“. მოგვიანებით კლაგმა დატოვა პოლიცია და გახდა ფოსტალიონი. აღსანიშნავია, რომ 1964 წელს მისი მოვალეობის სფეროში შედიოდა, მიეტანა ფანების წერილებით სავსე ტომრები პოლ მაკ-კარტნის სახლში — ფორტლინ როუდის 20 ნომერში.

ჯონმა ვერ შეძლო შეეხედა დედამისის გვამისათვის, როდესაც ის სანახავად იქნა მიყვანილი სეფტონის მთავარ საავადმყოფოში და ის იმდენად იყო დადარდიანებული, რომ მთელი პანაშვიდის განმავლობაში მიმის მუხლებში ჰქონდა თავი ჩარგული. ამ ამბის შემდეგ ჯონი რამდენიმე თვის მანძილზე არ ელაპარაკებოდა უოლის.

ჯულია დაკრძალულ იქნა ალერტონის სასაფლაოზე ლივერპულში. მის საფლავზე წარწერა არ გაკეთებულა, თუმცა ახლახან ამოცნობილ იქნა „CE (Church of England - ინგლისის ეკლესია) 38-805“ ნომრის მიხედვით. სასაფლაოზე ეს ადგილი მდებარეობს ბლუმფილდ როუდის 1 შენობიდან დაახლოებით 1.19 კილომეტრის მოშორებით აღმოსავლეთით. სტენლების ოჯახი იმედოვნებს, რომ საბოლოოდ გაკეთდება ჯულიას საფლავზე წარწერა.

გავლენა ჯონ ლენონზე

რედაქტირება

ჯულიას სიკვდილმა ისეთი ტრავმა მიაყენა მოზარდ ჯონს, რომ შემდგომი ის ორი წლის განმავლობაში ეტანებოდა სასმელს და ხშირად ერთვებოდა ჩხუბებში. ამ ტრაგედიამ მასში ემოციური სირთულეები გამოიწვია, რაც თან სდევდა ცხოვრების ხანგრძლივი მონაკვეთის მანძილზე, თუმცაღა ამანვე შეუწყო ხელი მაკ-კარტნისთან დაახლოებაში, ვინაიდან მანაც დაკარგა დედა ადრეულ ასაკში. ჯულიას ხსოვნა ისეთი სიმღერების შექმნის შთაგონების წყაროდ იქცა, როგორებიცაა „The Beatles-ის“ „Julia“ თავისი ზღაპრული წარმოსახვებით გამოთქმული ფრაზით: „hair of floating sky glimmering“ („ცაში ციმციმით მონავარდე თმები“), რაც ჯონის ჭაბუკობის ხანიდან მისი დედის ხსოვნის გამოძახილია.

ჯონი აღნიშნავდა: „ეს იყო იოკოსა და დედაჩემის თავისებური შეხამება, რომელიც ერთ არსში გაერთიანდნენ“. სიმღერები „Mother“ და „My Mummy's Dead“ დაიწერა არტურ იანოვის „Primal Scream“ თერაპიის ზეგავლენით, რომელიც შევიდა ჯონ ლენონის 1970 წელს გამოცემულ სოლო ალბომში „John Lennon/Plastic Ono Band“.

ლენონის პირველი შვილის ჯულიანისათვის სახელიც სწორედ დედის პატივსაცემად იქნა შერქმეული.

  • In His Life: The John Lennon Story (2000)
  • Nowhere Boy (2009)