ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი (ყოფილი ჯო ენის სამედიცინო ცენტრი) ― საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი თბილისში, საქართველოში მოქმედი „ააიპ“ იურიდიული სტატუსის მქონე ვიწროსპეციალიზებული მესამეული საფეხურის სასწავლო დაწესებულება.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დაარსება ჯო ენ მაკგოვენის სახელთანაა დაკავშირებული. აშშ-ში ირაკლი მეტრეველთან შეხვედრის შემდეგ, ჯო ენმა სანქტ-პეტერბურგში უკვე მოქმედი ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრის ანალოგის საქართველოში დაარსების სურვილი გამოთქვა.[1][2]

1993 წელს ქართველი ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფი სანქტ-პეტერბურგში, ჯო ენ მაკგოვენის მიერ დაარსებულ კარდიოქირურგიულ კლინიკაში გაემგზავრა სასწავლებლად.[3] მალევე, 1996 წლის 16 სექტემბერს კლინიკის ანალოგი თბილისში დაარსდა, როგორც ბავშვთა კარდიოლოგიისა და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულება.[4] ამავე წელს გულის მანკით დაბადებულ ბავშვებზე პირველი ოპერაციები ჩატარდა. მომდევნო წლიდან კლინიკური ლაბორატორია ამოქმედდა, ხოლო 1998 წელს გულის თანდაყოლილი პათოლოგიებით დაავადებულ პაციენტთა ფსიქოლოგიური დახმარების მიზნით, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამსახური შეიქმნა.

1999 წელს ჯო ენის სამედიცინო ცენტრმა დამოუკიდებლად შექმნა უფასო დონორობაზე დამყარებული ე.წ. უსაფრთხო „სისხლის ბანკი“.[1]

2000 წელს ცენტრს მოზრდილთა გულსისხლძარღვთა ქირურგიისა და გადაუდებელი კარდიოლოგიის განყოფილება დაემატა, რომელშიც 2003 წლიდან ანგიოკარდიოგრაფიული ლაბორატორია ფუნქციონირებს.[4]

2006 წლიდან ცენტრში მოქმედებს სიცოცხლის ექსტრაკორპორული შენარჩუნების/ELSO პროგრამა. ამავე წელს ცენტრში არითმოლოგიის სამსახური შეიქმნა.

2022 წელს ჯო ენის სამედიცინო ცენტრის პარტნიორი ევროპის უნივერსიტეტი გახდა და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ეწოდა. ჰოსპიტალს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თამარ ზარგინავა უხელმძღვანელებს.[5][6][7][8]

ორგანიზაცია და მართვა

რედაქტირება

დამფუძნებელთა საბჭო ნიშნავს ცენტრის გენერალურ დირექტორს, რომელიც ცენტრის მენეჯმენტზეა პასუხისმგებელი. დამფუძნებელთა საბჭო ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში არ ერევა, თუკი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ არის აუცილებელი, როგორიცაა ახალი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა, დამატებითი დეპარტამენტის გახსნა და სხვ.[2]

ცენტრის დაფინანსების წყარო დონორი ორგანიზაციები და ჯანდაცვის პროგრამებია, როგორიცაა: ჯანდაცვის საყოველთაო სახელმწიფო პროგრამა და რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა. ორგანიზაციის შემოსავლების 80% საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაზე მოდის, ხოლო დარჩენილი 20% პაციენტებისა და სადაზღვევო კომპანიების პირდაპირ გადახდებზე.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 კანდელაკი, ნ. (14 აგვისტო, 2017). „ჯო ენის სამედიცინო ცენტრი“ ― საქართველოში ბავშვთა კარდიოქირურგიის განვითარების წარმატებული ისტორია და დღევანდელობა. თბილისელები. წვდომის თარიღი: 15 მაისი, 2022.
  2. 2.0 2.1 2.2 Tengiz Verulava, Ana Lordkipanidze, Nino Besiashvili, Mirian Todria, Zviad Lobjanidze, Revaz Jorbenadze & Ekaterine Eliava (2019) Obstacles in the Development of Nonprofit Hospitals in Georgia დაარქივებული 2022-06-13 საიტზე Wayback Machine. , Hospital Topics, 97:2, 39-45, DOI: 10.1080/00185868.2019.1571875
  3. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი. ჯო ენ მაკგოვენი დაარქივებული 2022-05-15 საიტზე Wayback Machine. . Joann.ge. წვდომის თარიღი: 15 მაისი, 2022.
  4. 4.0 4.1 ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრი დაარქივებული 2021-12-06 საიტზე Wayback Machine. . Directory.ge. წვდომის თარიღი: 15 მაისი, 2022.
  5. Georgian News Agency. (28 აპრილი, 2022). „ევროპის უნივერსიტეტი“ ჯო ენის სამედიცინო ცენტრის მფლობელი გახდა. ghn.ge. წვდომის თარიღი: 15 მაისი, 2022.
  6. ევროპის უნივერსიტეტი ჯო ენის სამედიცინო ცენტრის პარტნიორი გახდა დაარქივებული 2022-11-21 საიტზე Wayback Machine. . (2022). eu.edu.ge. წვდომის თარიღი: 15 მაისი, 2022.
  7. European University Becomes Partner of Tbilisi-based Jo Ann Medical Centre. (April 29, 2022). Agenda.ge. Retrieved 15 May, 2022.
  8. ჯო ენის სამედიცინო ცენტრმა საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სტატუსი მიიღო დაარქივებული 2022-11-21 საიტზე Wayback Machine. . (28 აპრილი, 2022). jandacva.ge. წვდომის თარიღი: 15 მაისი, 2022.