ევროპის უნივერსიტეტი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ევროპის უნივერსიტეტი (მრავალმნიშვნელოვანი).

ევროპის უნივერსიტეტი — კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თბილისში. უნივერსიტეტი 2011 წელს ლაშა კანდელაკიშვილმა დააარსა. 2022 წლისთვის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 3 ფაკულტეტი: სამართალი, ბიზნესი, განათლება და ტექნოლოგიები, მედიცინა და სავეტერინარო მედიცინა. უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორია ნინო ტალიაშვილი.

შპს ევროპის უნივერსიტეტი[1]
დევიზი განათლება ქმნის მომავალს
დაფუძნდა 21 იანვარი, 2011
დამფუძნებელი (-ები) ლაშა კანდელაკიშვილი
ტიპი კერძო
რექტორი ნინო ტალიაშვილი
პრორექტორები თამარ ზარგინავა
სოფიო ხუნდაძე
პრეზიდენტი ლაშა კანდელაკიშვილი
მისამართი დ. გურამიშვილის გამზ. №76
დ. სარაჯიშვილის ქ. №17[1]
ქალაქი თბილისი
ქვეყანა საქართველო
ტელეფონი (+995 32) 2 000 171
კამპუსი ირინა ენუქიძის №5
მეტსახელი EU
კავშირები ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია
https://eu.edu.ge/, https://eu.edu.ge/ge და https://eu.edu.ge/en

ისტორია რედაქტირება

 
უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 21 იანვრის №1 გადაწყვეტილებით დაწესებულებამ 5 წლის ვადით სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი მოიპოვა. 2012 წლისათვის უნივერსიტეტი 3 საგანმანათლებლო პროგრამას: საექთნო საქმის საბაკალავრო, ფარმაციის საბაკალავრო და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებდა. სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა 246 სტუდენტით იყო განსაზღვრული.

2013 წლის ბოლოს უნივერსიტეტმა ფინანსებისა და საბანკო საქმის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაცია მოიპოვა, ხოლო 2014–2017 წლებში — სხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე, მათ შორის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც უცხოელი სტუდენტების ყველაზე დიდი წილი მოდის. 2022 წლიდან უნივერსიტეტში ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2021 წლის 16 ივნისის №583093 გადაწყვეტილებით, ევროპის უნივერსიტეტმა 6 წლის ვადით, 2027 წლამდე, მიიღო ავტორიზაცია. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2016 წლის 13 დეკემბრის №30 გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა 1500 სტუდენტით განისაზღვრა, 2019 წლის 26 ივლისის №28 გადაწყვეტილებით ― 3000 სტუდენტით, ხოლო 2021 წლის 16 ივნისს − 3500 სტუდენტით.

2019 წელს უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ ევროპის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების 7 წლიანი გეგმა დაამტკიცა.[2]

2021 წლის 29 ოქტომბრიდან ევროპის უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ინდივიდუალური ასოცირებული წევრია.[3]

3 ფაკულტეტის ფარგლებში უნივერსიტეტი 16 საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს, რაც მოიცავს უმაღლესი განათლების ორი საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი) და მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამებს.

ევროპის უნივერსიტეტი ორ სასწავლო კორპუსსა და საერთო საცხოვრებელს ფლობს. უნივერსიტეტს აქვს რექტორის მიერ დამტკიცებული ლოგო, ბეჭედი და ტიტულოვანი ფურცელი.[1]

2022 წელს ევროპის უნივერსიტეტმა ჯო ენის სამედიცინო ცენტრი შეიძინა. ცენტრს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ეწოდა. ჰოსპიტალს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თამარ ზარგინავა უხელმძღვანელებს.[4][5][6][7]

საგანმანათლებლო პროგრამები რედაქტირება

უნივერსიტეტში 3 ფაკულტეტი ფუნქციონირებს, რომელთა ფარგლებშიც საგანმანათლებლო პროგრამები ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე ხორციელდება.

სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი რედაქტირება

ევროპის უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული სამართლის, განათლების, ბიზნესისას და ტექნოლოგიების ფაკულტეტია, რომელიც ყოველწლიურად საერთაშორისო სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებს მასპინძლობს. ფაკულტეტის დეკანია იოსებ კელენჯერიძე.

სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე 10 საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება:

საბაკალავრო პროგრამები:

  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ტურიზმი
  • სამართალი
  • ინფორმატიკა
  • საერთაშორისო ურთიერთობები

სამაგისტრო პროგრამები:

  • განათლების ადმინისტრირება
  • მენეჯმენტი

ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამები:

  • საბაზო/საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული (საბაკალავრო-სამაგისტრო) საგანმანათლებლო პროგრამა
  • საბაზო/საშუალო საფეხურის ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგიის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული (საბაკალავრო-სამაგისტრო) პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა

მედიცინის ფაკულტეტი რედაქტირება

მედიცინის ფაკულტეტი[8] 2014 წლიდან ფუნქციონირებს. მედიცინის ფაკულტეტის დეკანია ნათია ჯოჯუა.

ფაკულტეტს თანამშრომლობის ხელშეკრულება საქართველოს 70-მდე კლინიკასა და სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო უნივერსიტეტებთან აქვს გაფორმებული. 2020 წლიდან გამოიცემა სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი „Biomedical and Core Clinical Research Practice“. ფაკულტეტს აქვს სიმულაციის ცენტრი, ხოლო ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე მედიცინის კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს. მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები დარგის წამყვანი სპეციალისტების მეთვალყურეობით პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიან ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.

მედიცინის ფაკულტეტზე 5 საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება:

ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები:

  • დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამა (ქართულენოვანი)
  • დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამა (ინგლისურენოვანი)
  • სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა (ქართულენოვანი)
  • სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა (ინგლისურენოვანი)

საბაკალავრო პროგრამა:

  • ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი რედაქტირება

სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი[9] 2019 წელს შეიქმნა. სტუდენტების პირველი ნაკადი ფაკულტეტმა 2022 წელს მიიღო. სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანია ვაჟა ქვაჭრელიშვილი. სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტზე ხორციელდება ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა.

ორგანიზაცია და მართვა რედაქტირება

დაფუძნებიდან 2019 წლის 31 ოქტომბრამდე უნივერსიტეტის რექტორი ლაშა კანდელაკიშვილი იყო. 2019 წლიდან უნივერსიტეტის რექტორი ნინო ტალიაშვილია. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვიცე-რექტორის მოვალეობას თამარ ზარგინავა ასრულებს, ხოლო ხარისხის განვითარების მიმართულებით ― სოფიო ხუნდაძე.

უნივერსიტეტის მართვის კოლეგიური ორგანოა ევროპის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო, რომელსაც რექტორი თავმჯდომარეობს.[10]

სამეცნიერო საქმიანობა რედაქტირება

 
ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის ლოგო

ევროპის უნივერსიტეტში 4 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ფუნქციონირებს, რომელთა ფარგლებშიც საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალები გამოიცემა.

სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი რედაქტირება

2015 წელს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, განათლების, ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტთან სამართლის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა. ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალია „საქართველო და მსოფლიო“, რომელშიც სამართლის თემატიკის სამეცნიერო სტატიები იბეჭდება. ჟურნალში სტატიები ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან ესპანურ ენებზე ქვეყნდება ინგლისური რეზიუმეს სავალდებულო თანხლებით.[11]

სამართლის ინსტიტუტმა უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს: „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები და მათი დაძლევის გზები“ (2015) [12], „სისხლის სამართლის მეცნიერების თანამედროვე ტენდენციები“ (2016)[12], „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები“ (2018,[13] 2019[14]) და „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“.[15]

გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი რედაქტირება

გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი 2016 წელს დაარსდა. ინსტიტუტი ევროპის უნივესიტეტის სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტთან ერთად გამოსცემს ორენოვან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალს „გლობალიზაცია და ბიზნესი“, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბიზნესის, ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ინოვაციური და ტექნიკური პროცესების აქტუალურ საკითხებს.[16] ინსტიტუტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.

გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა შემდეგ კონფერენციებს: „ევროპული ინტეგრაცია და საქართველო“[17](2016), „ცოდნის ეკონომიკის აქტუალური პრობლემები გლობალიზაციის პირობებში“[18] (2017), „აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში“ (2018,[19] 2020), „ეკონომიკური პოლიტიკა: ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთმოქმედების თანამედროვე გამოწვევები“ (2019), „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები“ (2020).

მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი რედაქტირება

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი 2020 წელს დაარსდა „ს.ს. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ბაზაზე, რომელსაც პროფესორი ზაზა ავალიანი ხელმძღვანელობს. კვლევით ინსტიტუში 1 უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და 3 მეცნიერ-თანამშრომელი მუშაობს. ინსტიტუტი გამოსცემს საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალს „Biomedical and Core Clinical Research Practice“.

აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტი რედაქტირება

აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტი ევროპის უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიურ მუზეუმთან ერთად გამოსცემს სამეცნიერო-კვლევით ჟურნალს „არქეოლოგია“.

უნივერსიტეტში შექმნილია ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც რექტორის წინაშეა პასუხისმგებელი და მიზნად ისახავს სამუზეუმო ექსპონატების მოძიებას. შეძენას, დაცვასა და შენახვას, რესტავრაციას, კონსერვაციას, გამოფენასა და პოპულარიზაციას.[1] უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია ბიბლიოთეკა, რომლის ფონდის კატალოგი ელექტრონულ საბიბლიოთეკო პროგრამაში, Openbiblio, არის ასახული. ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის ხელმძღვანელია ალექსანდრე ნონეშვილი.

რეიტინგი რედაქტირება

2022 წელს ევროპის უნივერსიტეტი Times Higher Education Impact Rankings-ის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში მოხვდა. ევროპის უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოდან და საერთო რეიტინგში 1001+ ადგილს იკავებს.[20]

საერთაშორისო ურთიერთობები რედაქტირება

ევროპის უნივერსიტეტი 23 სახელმწიფოს 50 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.

ქვეყანა უნივერსიტეტი ქვეყანა უნივერსიტეტი
  უკრაინა   პოლონეთი
  ლატვია   ბულგარეთი
  რუმინეთი   იტალია
  ჩინეთი   ლიეტუვა
  პორტუგალია
  • პორტოს ბიზნეს სკოლა
  ჩეხეთი
  ესპანეთი   აშშ
  საფრანგეთი   ავსტრია
  • ბურგენლენდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი
  ხორვატია
  • PAR საუნივერსიტეტო კოლეჯი
  ისრაელი
  სამხრეთი კორეა   ინდონეზია
  • კომპიუტერული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი
  თურქეთი   ბელარუსი
  ყაზახეთი   ყირგიზეთი

საერთაშორისო ასოციაციები რედაქტირება

ევროპის უნივერსიტეტი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორისაა:

  • ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია
  • ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაცია (მედიცინის ფაკულტეტი)[21]
  • ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაცია (მედიცინის ფაკულტეტი)[22]
  • პროგრამირების ასოციაცია[23]

საერთაშორისო პროექტები რედაქტირება

2020 წელს ევროპის უნივერსიტეტი ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების ორგზის გამარჯვებული გახდა. დაფინანსდა უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი ჟან მონეს პროექტი „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების დანერგვა ქართულ სკოლებში“ და მოდული „ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დმეოკრატიზაციის ინსტრუმენტი“.

სტუდენტური ცხოვრება რედაქტირება

 
ევროპის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი

ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი 2016 წელს ჩამოყალიბდა. სტუდენტების ინიციატივით, 2015 წელს ქორეოგრაფიული ანსამბლი შეიქმნა. 2018 წელს ჩამოყალიბდა ფრენბურთის გოგონათა გუნდი, ხოლო 2019 წელს კალათბურთის გოგონათა გუნდი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 შპს ევროპის უნივერსიტეტის დებულება. 2020. eu.edu.ge. წვდომის თარიღი: 21 თებერვალი, 2022.
  2. ევროპის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო. შპს ევროპის უნივერსიტეტის 2019 – 2025 წლების სტრატეგიიის დოკუმენტი. 3 იანვარი, 2019. ოქმი 1. eu.edu.ge. წვდომის თარიღი: 21 თებერვალი, 2022.
  3. European University Association. EUA Welcomes 19 new members. 15 November 2021. წვდომის თარიღი: 18 მარტი, 2021.
  4. Georgian News Agency. (28 აპრილი, 2022). „ევროპის უნივერსიტეტი“ ჯო ენის სამედიცინო ცენტრის მფლობელი გახდა. ghn.ge. წვდომის თარიღი: 15 მაისი, 2022.
  5. ევროპის უნივერსიტეტი ჯო ენის სამედიცინო ცენტრის პარტნიორი გახდა დაარქივებული 2022-11-21 საიტზე Wayback Machine. . (2022). eu.edu.ge. წვდომის თარიღი: 15 მაისი, 2022.
  6. European University Becomes Partner of Tbilisi-based Jo Ann Medical Centre. (April 29, 2022). Agenda.ge. Retrieved 15 May, 2022.
  7. ჯო ენის სამედიცინო ცენტრმა საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სტატუსი მიიღო დაარქივებული 2022-11-21 საიტზე Wayback Machine. . (28 აპრილი, 2022). jandacva.ge. წვდომის თარიღი: 15 მაისი, 2022.
  8. შპს ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დებულება. 12 მარტი, 2020. ბრძანება №53. eu.edu.ge. წვდომის თარიღი: 21 თებერვალი, 2022.
  9. შპს ევროპის უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დებულება. 12 მარტი, 2020. ბრძანება №56. eu.edu.ge. წვდომის თარიღი: 21 თებერვალი, 2022.
  10. შპს ევროპის უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს დებულება. 12 მარტი, 2020. ბრძანება №57. eu.edu.ge. წვდომის თარიღი: 21 თებერვალი, 2022.
  11. სამართალი და მსოფლიო. სამართლის ინსტიტუტის პერიოდული გამოცემის ოფიციალური ვებგვერდი.
  12. 12.0 12.1 5 წელი ერთად. ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. 2020. eu.edu.ge. გვ. 68-75. წვდომის თარიღი: 27 თებერვალი, 2022.
  13. ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის 2018 წლის ანგარიში. ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. 2018. eu.edu.ge. გვ. 7. წვდომის თარიღი: 27 თებერვალი, 2022.
  14. ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის 2019 წლის ანგარიში. ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. 2019. eu.edu.ge. გვ. 12. წვდომის თარიღი: 27 თებერვალი, 2022.
  15. ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის 2021 წლის ანგარიში. ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. 2019. eu.edu.ge. გვ. 6. წვდომის თარიღი: 27 თებერვალი, 2022.
  16. გლობალიზაცია და ბიზნესი ჟურნალის ოფიციალური ვებგვერდი.
  17. საერთაშორისო სამეცნიერ-პრაქტიკული კონფერენცია: ევროპული ინტეგრაცია და საქართველო. ევროპის უნივერსიტეტი. თბილისი. 2016. eu.edu.ge. წვდომის თარიღი: 27 თებერვალი, 2022.
  18. ცოდნის ეკონომიკის აქტუალური პრობლემები გლობალიზაციის პირობებში. ევროპის უნივერსიტეტი. თბილისი. 2017. eu.edu.ge. წვდომის თარიღი: 27 თებერვალი, 2022.
  19. აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში. ევროპის უნივერსიტეტი. თბილისი. 2018. eu.edu.ge. წვდომის თარიღი: 27 თებერვალი, 2022.
  20. Impact Rankings 2022. The Times Higher Education (2023). ციტირების თარიღი: 2023-01-31
  21. The Asociation of Medical Schools in Europe. Members and Membership. წვდომის თარიღი: 21 თებერვალი, 2022.
  22. Association for Dental Education in Europe. Members Directory: Georgia. წვდომის თარიღი: 21 თებერვალი, 2022.
  23. Association for Computing Machinery. Participating Institutions. წვდომის თარიღი: 21 თებერვალი, 2022.