ჯო ენ მაკგოვენი (ინგლ. Jo Ann McGowan; დ. 18 ივლისი, 1939, კალიფორნია ― გ. 23 სექტემბერი, 1996, სანქტ-პეტერბურგი) ― ამერიკელი ქველმოქმედი, არაკომერციული ორგანიზაციების, „Global Healing“-ისა და „Heart to Heart International Children's Medical Alliance“-ის (ამჟამად „Heart to Heart Global Cardiac Care“) დამფუძნებელი[1] და აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოში ჯო ენის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელი.

ჯო ენ მაკგოვენი
Jo Ann McGowan

ჯონ ენ მაკგოვენი
დაბ. თარიღი 18 ივლისი, 1939
დაბ. ადგილი კალიფორნია, აშშ
გარდ. თარიღი 23 სექტემბერი, 1996 (57 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ფილანტროპი
ცნობილია როგორც „Global Healing“-ის დამფუძნებელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯო ენ მაკგოვენი 1939 წლის 18 ივლისს, კალიფორნიაში, აშშ-ში დაიბადა. წლების მანძილზე ჰოლივუდში მოღვაწეობდა, რომელსაც 1985 წლის შემდეგ ნელ-ნელა ჩამოშორდა.

1988 წელს სანქტ-პეტერბურგში კინოფესტივალზე ყოფნისას ჯო ენმა, რომელიც ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, თარჯიმანი გაიცნო, რომლის შვილსაც გულის მანკი ჰქონდა. რადგანაც სანქ-პეტერბურგში გულის მანკის მკურნალობა შეუძლებელი იყო, მაკგოვენმა გოგონა სამშობლოში წაიყვანა სამკურნალოდ და აშშ-ში ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შემდეგ სანქტ-პეტერბურგში კარდიოქირურგიული კლინიკის დაარსება გადაწყვიტა. 1989 წელს ჯო ენი ქირურგებთან ერთად საბჭოთა კავშირში დაბრუნდა და სანქტ-პეტერბურგის N1 საბავშვო ჰოსპიტალში გულის თანდაყოლილ დაავადებათა მქონე ბავშვების სამკურნალო ინტენსიური პროგრამა დანერგა.[1]

მალე ჯო ენ მაკგოვენმა არაკომერციული ორგანიზაცია „Heart to Heart International Children's Medical Alliance“ (ამჟამად „Heart to Heart Global Cardiac Care“) დააარსა, რომელიც დღეისთვის ოკლენდში, კალიფორნიაშია დაფუძნებული და მსოფლიო მასშტაბით გულის თანდაყოლილი დაავადებების მქონე ბავშვების სამკურნალოდ მუშაობს.[1]

ჯო ენ მაკგოვენმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის სისტემის შექმნაში. აშშ-ში ირაკლი მეტრეველთან შეხვედრის შემდეგ, ჯო ენმა სანქტ-პეტერბურგში უკვე მოქმედი ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრის ანალოგის საქართველოში დაარსების სურვილი გამოთქვა.[2][3] ჯო ენმა მეორე არაკომერციული ორგანიზაცია „Global Healing“ დააფუძნა.[1]

ჯო ენ მაკგოვენი საქართველოში ბავშვთა კარდიოლოგიისა და გულის ქირურგიის კლინიკის გახსნიდან ზუსტად ერთ კვირაში,[4] 1996 წლის 23 სექტემბერს, სანქტ-პეტერბურგში, მის მიერვე დაფუძნებულ კლინიკაში, გულის ინსულტით გარდაიცვალა.[3] ქველმოქმედის ანდერძის თანახმად, მისი ორგანოები ტრანსპლანტაციისთვის გამოიყენეს, ხოლო ფერფლი სამ ნაწილდა გაყვეს და კალიფორნიაში, სანქტ-პეტერბურგსა და თბილისში ჯო ენის სამედიცინო ცენტრის კლინიკის ეზოში) დაკრძალეს. საქართველოში დაარსებულ გულის ქირურგიის ცენტრს სახელი მის პატივსაცემად ეწოდა.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Jo Ann McGowan: How One Woman's Mission to Save the Life of a Child Transformed an Entire Healthcare System. (March 7, 2018). Global Healing. Retrieved May 15, 2022.
  2. კანდელაკი, ნ. (14 აგვისტო, 2017). „ჯო ენის სამედიცინო ცენტრი“ - საქართველოში ბავშვთა კარდიოქირურგიის განვითარების წარმატებული ისტორია და დღევანდელობა. თბილისელები. წვდომის თარიღი: 15 მაისი, 2022.
  3. 3.0 3.1 Tengiz Verulava, Ana Lordkipanidze, Nino Besiashvili, Mirian Todria, Zviad Lobjanidze, Revaz Jorbenadze & Ekaterine Eliava (2019) Obstacles in the Development of Nonprofit Hospitals in Georgia დაარქივებული 2022-06-13 საიტზე Wayback Machine. , Hospital Topics, 97:2, 39-45, DOI: 10.1080/00185868.2019.1571875
  4. ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრი დაარქივებული 2021-12-06 საიტზე Wayback Machine. . Directory.ge. წვდომის თარიღი: 15 მაისი, 2022.