ჯოყოლოს ეკლესიები
ჯოყოლოს ეკლესიები — ეკლესიები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს ტერიტორიაზე.
პირველი ეკლესია დგას სოფლის დასავლეთით 2-2,5 კილომეტრზე, ჭობიოსხევში. განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. ეკლესია სამნავიანია. თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია: შუა ნავის აფსიდის ჩრდილოეთ გვერდი, ჩრდილოეთ კედელი და დასავლეთ კედლის მცირე ნაწილი. ჩრდილოეთ ნავი (მთელ სიგრძეზე) და სამხრეთ ნავის დასავლეთ კედლის ნაშთი. ეკლესიის აღმოსავლეთით სამიოდე მეტრზე გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობის ნანგრევები შეიმჩნევა.
მეორე ეკლესია დგას სოფლის ჩრდილოეთით 8 კილომეტრზე, მდინარეების ტოლოშისხევისა და ბაწარის შესართავთან. განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. სამეკლესიანი ბაზილიკა (12 X 11 მ), ნაგებია მოზრდილი რიყის ქვით. წყობის რიგების სწორხაზოვნება დაცულია. შენობის კუთხეები და არქიტექტურული ელემენტები კარგად გათლილი შირიმის ქვით ყოფილა გამოყვანილი. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია: შუა ეკლესიის აბსიდის ნაწილი მის ღერძზე გაჭრილი პარალელურწირთხლებიანი სარკმლის ძირის დონეზე, ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილი და ჩრდილო-დასავლეთ კუთხე; სამკვეთლოს გეგმის კონტური; ჩრდილოეთ ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის კვალი, დასავლეთ გარშემოსავლელის დასავლეთ კედლის ნაწილი და დასავლეთ კედელში გაჭრილი შესასვლელის ჩრდილოეთ წირთხლი.
მესამე ეკლესია დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 4,5 კილომეტრზე მდინარე ძიბაწელის ხეობაში, მდინარის ერთ-ერთი შენაკადის მარცხენა ნაპირზე, პატარა ტერასაზე, რომელიც სამხრეთიდან გამაგრებულია კონტრფორსებიანი საყრდენი კედლით. განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. ეკლესია გეგმით კვადრატულია (8 X 8 მ), შეიცავს სამ ნავს. შუა და სამხრეთ ნავი ერთდროულადაა აგებული, ხოლო ჩრდილოეთის მოგვიანებითაა მიშენებული.
მეოთხე ეკლესია დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 5 კილომეტრზე, მდინარე ძიბაწელის მარცხენა ნაპირზე, ტყეში. განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. ძეგლი სამეკლესიანი ბაზილიკაა (12,5 X 11,7 მ), ნაგებია მოზრდილი, თითქმის თანაბარი ზომის რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით.
მეხუთე ეკლესია დგას სოფლის დასავლეთით 1-1,5 კილომეტრზე, მკვეთრად დაქანებულ ტყიან ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,4 X 3,7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ფასადების წყობაში აქა-იქ შირიმის ქვაცაა ჩართული. წყობა ირეგულარულია. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია აბსიდის ჩრდილოეთ ნახევრის მნიშვნელოვანი ნაწილი, სამხრეთ კედელი;
მეექვსე ეკლესია დგას სოფლის სამხრეთ-დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, ბალთაგორად წოდებულ გორაკის ძირში. განეკუთვნება XVIII-XIX საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (4,9 X 4,2 მ), უაბსიდო, ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელის წირთხლები და ლავგარდანი აგურისაა. შესასვლელი სამხრეთიდანაა, კარი ორივე მხრიდან თარაზულადაა გადახურული.
მეშვიდე ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, მთის ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,2 X 4,2 მ), ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ საკურთხეველი, მაგრამ მასაც მნიშვნელოვანი ნაწილი აკლია. სამხრეთ და დასავლეთ კედლები მთლიანადაა დანგრეული, ხოლო ჩრდილოეთისა ნახევარი მეტრის სიმაღლეზეღა დგას.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 174-176.