ჯონ ჰენკოკის ცენტრი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯონ ჰენკოკის ცენტრი (John Hancock Center) მდებარეობს მიჩიგანის ავენიუს 875-ში, ჩიკაგოში, ილინოისი. 100-სართულიანი 344 მ სიმაღლის ცათამბჯენის პროექტი ეკუთვნის ინჟინერ-კონსტრუქტორ ფაზლურ ხანს კომპანიიდან სკიდმორ, ოუინგს ენდ მერილ (SOM). დასრულების ჟამს 1969 წელს ის იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ნიუ-იორკის საზღვრებს გარეთ. ამჟამად ჰენკოკის ცენტრი სიმაღლით ჩიკაგოში მესამე და აშშ-ში კი - მეოთხე ცათამბჯენია, სირს ტაუერის, ეონ ცენტრისა და ემპაირ სტეიტ ბილდინგის შემდეგ. შენობაში განლაგებულია ოფისები და რესტორნები, ასევე 700-მდე საცხოვრებელი ბინა, რომლებიც თავის მხრივ მსოფლიოში ყველაზე მაღალ საცხოვრებელ ბინებად ითვლება.

ჯონ ჰენკონის ცენტრი
ღამის ჩიკაგოს ხედი ჰენკონის ცენტრიდან ჩრდილოეთით.

95-ე სართულზე განლაგებულია რესტორანი, რომელსაც ამჟამად "The Signature Room on the 95th Floor" ჰქვია. რესტორნიდან ჩიკაგოსა და მიჩიგანის ტბის თვალწარმტაცი ხედი იშლება. თუმცა ქალაქის საუკეთესო ხედი რესტორნის ქალთა საპირფარეშოდან სჩანს. და ამის გამო ხშირად აქ მამაკაცებსაც მოჰკრავთ თვალს. ჰენკოკის ცენტრის ობსევატორია კონკურენციას უწევს სირს ტაუერის სკაიდეკს, რომელიც ქალაქის ცენტრის მეორე ბოლოში მდებარეობს. ჰენკოკის ცენტრი კომერციულ უბანში მდებარეობს, მაშინ როდესაც სირს ტაუერი ფინანსურ უბანშია. 94-ე სართულზე განლაგებული ობსერვატორიიდან იშლება ჩიკაგოს ხედის ოთხივე მხარე. სპეციალურად გამოყოფილ ბადით შემოვლებულ ადგილას მსურველებს შეუძლიათ გამოსცადონ ზედაპირიდან 305 მეტრზე არსებული ქარების ძალა. 44-ე სართულზე ე.წ. სკაილობია, სადაც ამერიკის ყველაზე მაღალი შიგა საცურაო აუზია. 96-ე სართულზე კოქტეილ ბარია, საიდანაც კოქტეილთან ერთად მზის ჩასვლის პროცესში ჩიკაგოს ხედის ცვლილებას შეიძლება დააკვირდეთ, თუმცა აქ მოხვედრამდე შესაძლოა ლიფტთან საკმაო ხანს ლოდინმა მოგიწიოთ.

ცათამბჯენის გამორჩეული X-ფორმის ჯვარედინი ლითონის კარკასის ექსტერიერი ფაქტობრივად მინიშნებაა იმაზე, რომ კონსტრუქციის ”კანი” სინამდვილეში მისი მილისებური სისტემის ნაწილია. ეს იდეა შენობის პროგრესული ჩანაფიქრის კონცეფციის ნაწილია, რითაც შესაძლებელი გახდა რეკორდული სიმაღლის მიღწევა (მილისებური სისტემა შენობის ჩონჩხია, რომელიც მას ხელს უწყობს ქარებისა და მიწისძვრების დროს მდგრადობის შენარჩუნებაში). ეს ასევე საშუალებას იძლევა შენობის შიგა ფართი საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოთავისუფლდეს არქიტექტორის ნებასურვილის შესაბამისად. სხვა მრავალ ნიშანთვისებასთან ერთად ექსტერიერის გადაწყვეტის ამგვარმა ფორმამ ჯონ ჰენკოკის ცენტრს არქიტექტურული შედევრის რეპუტაცია მიანიჭა.

შენობის ინტერიერი 1995 წელს განახლდა; ვესტიბიული მარმარილოთი და დამუშავებული კირქვის ფილებით მოპირკეთდა. ელიფსის მსგავსი მოედანი შენობის წინ საზოგადოებრივ ოაზისს წარმოადგენს მრავალი სეზონური ნარგავებითა და 4 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერით.

შენობა უდიდესი კოშკების მსოფლიო ფედერაციის წევრია. მას ასევე უამრავი ჯილდო აქვს მიღებული მისი განსაკუთრებული სტილის გამო. 2002 წლის 9 მარტს 100 კმ/სთ სიჩქარის ქარმა 43-ე სართულიდან მოგლიჯა შენობის ფასადის ფილა, რომელმაც რამდენიმე მანქანა დაამტვრია და სამი ადამიანი იმსხვერპლა.

ყოველწლიური კიბეზე ამსვლელთა შეჯიბრი 94-ე სართულამდე მიჩიგანის ავენიუს დონიდან ობსერვატორიის პლატფორმამდე სახელწოდებით ”დაჯაბნე ჰენკოკი” (Hustle up the Hancock) ტარდება თებერვლის ბოლო კვირას. სარეკორდო დრო დაფიქსირდა 2006 წელს - 9 წუთი და 39 წამი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება