ჯემშიდ გიუნაშვილი
ჯემშიდ შალვას ძე გიუნაშვილი (დ. 1 მაისი, 1931, თეირანი, ირანი — გ. 21 იანვარი 2017, თბილისი, საქართველო) — ქართველი ენათმეცნიერი, ირანისტი; ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1970), დიპლომატი; 1994-2004 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯემშიდ გიუნაშვილი დაიბადა ირანის დედაქალაქ თეირანში, ემიგრანტ ინჟინერ შალვა გიუნაშვილის ოჯახში. 1947 წელს გიუნაშვილების ოჯახი რეპატრიაციის წესით დაბრუნდა საქართველოში, ხოლო 1951 წელს გადასახლებული იქნა სამხრეთ ყაზახეთში. 1953 წელს ექსტერნის წესით დაამთავრა შუა აზიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანულ-ავღანური ფილოლოგიის განყოფილება ქალაქ ტაშკენტში, გადასახლებიდან გათავისუფლების შემდეგ გიუნაშვილი ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ტაშკენტის უნივერსიტეტში (1956-1958), შემდეგ თსუ-ში (1958-1994), ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1958-1960), აღმოსავლეთმცოდნ. ინსტიტუტში (დაარსებიდან – 1994 წლამდე) და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში (1991-1994). 1994 წლიდან 2004 წლის მაისამდე გიუნაშვილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. 2004 ივნისიდან განაგრძო ფართო სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. მისი კვლევის სფეროა ირანის ენათმეცნიერება და ფილოლოგია. ავტორია მრავალი შრომისა, რომელთაგან საერთო აღიარება მოუპოვა სპარსული ენის ფონეტიკასა და ფონოლოგიაში, აგრეთვე ლექსიკოლოგიასა და ტექსტოლოგიაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა. ირანის საზოგადოების სხვადასხვა ფენებში, მ. შ. ფერეიდნელთა შორის, ეწევა ქართული ენის, ლიტრის, კულტურის, საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციას. გიუნაშვილის უშუალო მონაწილეობითა და რედაქტორობით საქართველოს საელჩომ გამოსცა ფარშიდ დელშადის მიერ თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ სრული ტექსტი (პირველად სპარსულ ენაზე, თეირანი, 1998), ხოლო გილანის უნივერსიტეტმა – ლ. გეგუჩაძის „ქართული ენა სპარსულენოვანთათვის“ (ფარდინ ქომაის თარგმანი, რაშთი, 2004). გიუნაშვილი იყო „ევროპის ირანისტების საზოგადოების“ წევრი (1998) და „საქართველო-ირანის სამეცნიეროკულტურული ურთიერთობისა და თანამშრომლობის საზოგადოების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე (1994). 1994-2004 წლებში ასრულებდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობას.[1]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- „თარიხ-ე სისტანის“ თბილისური ნუსხა, თბ., 1971; სპარსული ენის სახელმძღვანელო, თბ., 1987;
- ფერეიდნელის ოროველა, თბ., 2003;
- Фонетика персидского языка, Тб., 1964 (თანაავტ. შ. გაფრინდაშვილი);
- Система фонем литературного персидского языка, «თსუ შრომები», 1965, ტ. 116;
- Филологические заметки, თб., 1978; 1978;
- Concerning Georgian-Persian Bilingualism. Bilingualism in Iranian Cultures, Bamberg, 1992;
- Concerning the Textological Value of Evidence of the Historical Geography of Iran, «Proceedings of second European Conference of Iranian Studies», Rome, 1995;
- Georgian–Iranian Studies, Tbilisi–Tehran, 1997;
- Georgian Efforts Aimed at National stability and security, «Central Asia and the Caucasus Review», # 42, Tehran, 2003.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩიქოვანი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 37-38.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჯემშიდ გიუნაშვილი - მეგობრობის მაცნე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2015-06-04.