ჯარების ურთიერთმოქმედება

ჯარების ურთიერთმოქმედება — ოპერაციაში (ბრძოლაში), საერთო მიზნის მისაღწევად ამოცანებით, მიმართულებებით, საზღვრებით (რაიონებით) და მოქმედების დროით გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობის, ჯარის გვარეობების, ფლოტის ძალებისა და სპეციალური ჯარების შეთანხმებული თანამოქმედება. ჯარების ურთიერთმოქმედების აუცილებლობა არმიის ჩასახვისთანავე წარმოიშვა. იარაღის სრულყოფამ, ჯარის გვარეობების გაჩენამ, არმიის ორგანიზაციული სტრუქტურისა და საბრძოლო წყობის განვითარებამ ურთიერთმოქმედების მნიშვნელობა გაზარდა. პირველ მსოფლიო ომში ავიაციის, ტანკების, ჯარის ახალი გვარეობების, კავშირის ტექნიკური საშუალებების, შემდგომში შეიარაღებული ძალების ახალი სახეობების გამოჩენამ განაპირობა შეიარაღებული ძალებსა და ოპერატიულ გაერთიანებებს (არმიები, არმიათა ჯგუფები, ფრონტები) შორის ურთიერთმოქმედების ორგანიზაციის სრულყოფა. ჯარების ურთიერთმოქმედება საბრძოლო მოქმედების ერთ-ერთი ძირითადი პრინციაპია. საბრძოლო მოქმედების მიზნისა და მასშტაბის მიხედვით ჯარების ურთიერთმოქმედება შეიძლება იყოს ტაქტიკური, ოპერატიული ან სტრატეგიული. ტაქტიკური ჯარების ურთიერთმოქმედების ორგანიზაცია ხდება ადგილზე ან რუკაზე და ითვალისწინებს ბრძოლაში მონაწილე ყველა ძალისა და საშუალების შეთანხმებულ მოქმედებას. ოპერატიული ჯარების ურთიერთმოქმედება ნიშნავს ერთი სტრატეგიული ან საოპერაციო მიმართთულებით მოქმედი შეიარაღებული ძალების ოპერატიული გაერთიანებებისა და შენაერთების შეთანხმებულ მოქმედებას, ხოლო სტრატეგიული ჯარების ურთიერთმოქმედება — ფრონტებისა და შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობის ოპერატიული გაერთიანებების (რომლებიც ოპერაციას ატარებენ ერთი ან რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით) შეთანხმებულ გამოყენებას.

ლიტერატურა

რედაქტირება