ჯადოსნური ქვეყანა (ვოლკოვი)
ჯადოსნური ქვეყანა — სამყარო, აღწერილი ალექსანდრე ვოლკოვის რომანებში. ვინაიდან პირველი რომანი, „ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი“ სიუჟეტურად ახლოს არის ფრენკ ბაუმის რომანთან „ოზის საოცარი ჯადოქარი“, ჯადოსნურ ქვეყანას ოზის ქვეყანასთან ბევრი რამ აქვს საერთო. მიუხედავად ამისა, შემდეგი ხუთი წიგნი ჯადოსნური ქვეყნის შესახებ წარმოადგენს მოვლენებს, რომლებიც ბაუმის ნაწარმოებებისგან განსხვავდება.
ჯადოსნური ქვეყანა | |
---|---|
ალექსანდრე ვოლკოვის წიგნების ადგილმდებარეობა | |
ჯადოსნური ქვეყნის რუკა | |
შემქმნელი | ალექსანდრე ვოლკოვი |
ჟანრი | ფენტეზი |
ინფორმაცია სამყაროს შიდა საკითხებზე | |
ტიპი | ქვეყანა |
პერსონაჟები | მწვანე მხარის ხალხი, მღეჭავები, ხამხამები, მოტარტარეები, მიწისქვეშა მემაღაროები, მარანები, გნომები |
გეოგრაფია
რედაქტირებაჯადოსნური ქვეყანა, ვოლკოვის თანახმად, მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის სიღრმეში, კანზასის შტატიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. შემთხვევით გამვლელებისგან მას იცავენ დიდი უდაბნო და წრიული მთები - წრიული ქედი, რომელიც მოიცავს მთელ ქვეყანას. დამატებითი წინაღობა არის ბნელი ქვების სახით, რომლებიც დიდი ხნის წინ ალქაჯმა გინგემამ განათავსა. ისინი იზიდავენ ყველა უცხო სტუმარს.
თავად ჯადოსნური ქვეყანა, აღწერის თანახმად, არც თუ დიდი - დაახლოებით რამდენიმე ასეულ კილომეტეს მოიცავს, მაგრამ ლანდშაფტების სიუხვით გამოირჩევა.
გეოლოგია და რელიეფი
რედაქტირებაწრიული მთების შიდა ტერიტორია ძირითადად სწორია, მაგრამ არის მთიანი რაიონებიც, მაგალითად მარანების მთა და იასამნისფერი მხარის დასავლეთი. ქვეყნის უნიკალური ნაწილია გამოქვაბული, იგივე მიწისქვეშეთი, სადაც უამრავი ძვირფასი წიაღისეული მოიპოვება. აქ მდებარეობს დამაძინებელი წყლის წყარო, რომელიც იწვევს ძილს და მეხსიერების დაკარგვას.
ქვეყნის მთავარი მდინარეა დიდი მდინარე, რომელიც მწვანე მხარეს სამხრეთ-დასავლეთიდან უვლის და იასამნისფერ ქვეყანაში მიედინება. არსებობს სხვა მდინარეებიც, მაგალითად, აფირა (ზურმუხტის ქალაქის მიდამოები).
ბუნებრივი პირობები
რედაქტირებაძირითადად ჯადოსნურ ქვეყანაში მუდმივი ზაფხულია. მხოლოდ ერთხელ, ალქაჯ არახნას გამო დაისადგურა ზამთარმა. დიდი გამოქვაბულის ტერიტორიაზე ძირითადად, მარადი შემოდგომაა.
ბუნება
რედაქტირებაფაუნა
რედაქტირებაცხოველები და ფრინველები ჯადოსნურ ქვეყანაში საუბრობენ (გარე სამყაროდან მოხვედრილებიც). ძირითადად, აქ იგივე არსებებია, რაც ჩვეულებრივ სამყაროში, მაგრამ არის უცნაური სახეობებიც:
- გორდისკბილა ვეფხვები - მძლავრი ვეფხვები, რომლებიც ცხოვრობდნენ ლურჯ და მწვანე მხარეს შორის.
- მფრინავი მაიმუნები - ემსახურებიან ჯადოსნური ქუდის მფლობელს.
- ექვსთათიანები - მსხვილი არსებები, რომლებიც მიწისქვეშეთში ცხოვრობენ.
- მფრინავი დრაკონები - ასევე მიწისქვეშეთში ცხოვრობენ.
- გიგანტური არწივები - ასეთი იყო კარფაქსი, წიგნიდან „მარანების ცეცხლოვანი ღმერთი“.
- ჯადოსნურ ქვეყანაში ასევე ცხოვრობენ არსებები, რომლებსაც ამერიკაში არასოდეს უცხოვრიათ - ლომები, ვეფხვები, შიმპანზე და სხვები.
ფლორა
რედაქტირებაუცნაურ მცენარეებს შორის წარმოდგენილია:
- მცენარე, რომლითაც ურფინ ჯუსმა მაცოცხლებელი ფხვნილი დაამზადა.
- საოცარი ყურძენი - მათი დახმარებით ქრება გინგემას ქვების ზემოქმედება.
- ბოცვრის ხეები - იზრდება ნაყოფი, რომელიც გემოთი ახლოს არის ბოცვრის ხორცთან. ამ ნაყოფით, ნამდვილი ბოცვრების სანაცვლოდ, იკვებებიან მელები.
- ნუხ-ნუხი - ამ ხეებზე იზრდება თხილი, რომლითაც შესაძლოა ძილის თავიდან აცილება.
- რაფალოო - ხე, რომლისგანაც ყვითელი ნისლის პერიოდში დაამზადეს სასუნთქი ფილტრები.
- ყაყაჩო - დიდი ზომის ყაყაჩოები, დამაძინებელი ეფექტით.
დემოგრაფია
რედაქტირებამიუხედავად მცირე ტერიტორიისა, ჯადოსნური ქვეყანა დასახლებულია მრავალი ხალხით, რომელთა კულტურაც და გარეგნობაც მკვეთრად განსხვავდება. თუმცა, ისინი ერთ ენაზე საუბრობენ. ტიპური წარმომადგენლის სიმაღლეა 130 სანტიმეტრი.
- მწვანე მხარის ხალხი - მათი ზუსტი სახელი უცნობია. ატარებენ მწვანე ფერის სამოსებს.
- მღეჭავები - ეწოდებათ ასე, ვინაიდან ყოველთვის ამოძრავებენ ყბებს. ცხოვრებენ ლურჯ მხარეში. ატარებენ ლურჯი ფერის სამოსებს. ძირითადად მიწათმოქმედებას ეწევიან.
- ხამხამები - ატარებენ იასამნისფერ სამოსებს და ხშირად ახამხამებენ თვალებს. ცხოვრობენ იასამნისფერ მხარეში. აქ ძირითადად არიან ოსტატები და მექანიკოსები.
- მოტარტარეები - უყვართ ბევრი საუბარი. ატარებენ ყვითელი ფერის სამოსს.
- მიწისქვეშა მემაღაროები - მრავალი საუკუნის წინ მიწისქვეშეთში გადასახლებული ხალხის შთამომავლები.
- მარანები - იგივე მხტუნავები - ვარდისფერი მხარის ჩრდილოეთით დასახლებული დაბალი კაცუნები. აქვთ აგრესიული ხასიათი, უყვართ ჩხუბი და ბრძოლა.
- გნომები - მომცრო კაცუნები. ემსახურებოდნენ ალქაჯ არახნას.
ქვეყნის მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა ნახსენებია მხოლოდ ერთხელ წიგნში „ყვითელი ნისლი“ - რამდენიმე ათეული ათასი მოსახლე.
ავტორი წერდა, რომ ზურმუხტის ქალაქის ირგვლივ არსებული არხის ტერიტორია მოიცავს 4 მილს, ანუ 3.3. კვადრატულ კილომეტრს. ასეთ ტერიტორიაზე ეტევა დაახლოებით 50.000 მოსახლე.
სახელმწიფოები
რედაქტირებაჯადოსნური ქვეყანა იყოფა ხუთ დიდ ტერიტორიად:
- ლურჯი მხარე (მღეჭავები), დასავლეთი
- ვარდისფერი მხარე (მოტარტარეები), სამხრეთი
- იასამნისფერი მხარე (ხამხამები), აღმოსავლეთი
- ყვითელი მხარე, ჩრდილოეთი
- მწვანე მხარე, ცენტრალური ნაწილი
დასახლებული პუნქტები
რედაქტირებაქალაქები
რედაქტირებაჯადოსნური ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სოფლებში ან ფერმებში. მჭეჟავებს, მარანებსა თუ ხამხამებს, გამომდინარე ტექსტიდან, ქალაქები არ აქვს.
- ზურმუხტის ქალაქი - მწვანე მხარის დედაქალაქი და ჯადოსნური ქვეყნის მთავარი ქალაქი, აშენებული გუდვინის მიერ. მორთულია ზურმუხტებით და მწვანე მარმარილოთი. სინამდვილეში შიდა მოპირკეთება შესრულებულია უბრალო შუშით, რომელიც მნახველს მწვანე ფერის ჰგონია, ვინაიდან ყველა სტუმარი ვალდებულია ატაროს მწვანე სათვალე.
- ვარდისფერი ქალაქი - ვარდისფერი მხარის დედაქალაქი
- იასამნისფერი ქალაქი - იასამნისფერი მხარის დედაქალაქი, ნახსენებია მხოლოდ პირველ წიგნში, „ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი“. შემდეგ წიგნებში ნახსენებია მხოლოდ იასამნისფერი სასახლე.
- შვიდი მმართველის ქალაქი - მიწისქვეშა ხალხის მთავარი ქალაქი.
- მელათქალაქი - ერთგვარი დასახლება, რომელიც შედგება სოროებისგან, მელების სახელმწიფოს დედაქალაქი.
სასახლეები და ციხესიმაგრეები
რედაქტირება- გუდვინის სასახლე (ზურმუხტის ქალაქი) - მდებარეობს ზურმუხტის ქალაქში. დეტალურად აღწერილი არ არის. ცნობილია, რომ აქვს მთავარი დარბაზი და მრავალი ოთახი.
- იასამნისფერი სასახლე - იასამნისფერი მხარის მმართველთა რეზიდენცია.
- სტელას სასახლე (ვარდისფერი სასახლე) - მდებარეობს ვარდისფერ მხარეში.
- ცისარტყელის სასახელ - მდებარეობს მიწისქვეშა მემაღაროების ქვეყანაში. წარმოადგენს შვიდი მეფის რეზიდენციას. მისი შვიდი კოშკი შეღებილია ცისარტყელის ფერებით.
- კაციჭამიას ციხესიმაგრე - მდებარეობს ლურჯი მხარის ჩრდილოეთით, ყვითელი აგურით მოკირწყლულ გზასთან.
- გურიკაპის ციხესიმაგრე - მდებარეობს ლურჯ მხარეში, ტყეში. მასში დასახლდნენ უცხოპლატელები, რომლებმაც აღმოაჩინეს დიდი ზომის ავეჯი და წიგნები.
სოფლები და დასახლებები
რედაქტირება- კოგიდა - სოფელი ლურჯ მხარეში, მდებარეობს გინგემას გამოქვაბულთან.
- მიწისქვეშა მემაღაროების დასახლება - მდებარეობს ლურჯი მხარის ჩრდილოეთ ნაწილში, ყვითელი აგურით მოკირწყლულ გზასთან.
გზები
რედაქტირებაჯადოსნური მხარის ყველაზე ცნობილი გზაა ყვითელი აგურით მოკირწყლული გზა. იგი აერთიანებს ლურჯ მხარესა და ზურმუხტის ქალაქს. იწყება რამდენიმე გზის გასაყართან, გინგემას გამოქვაბულთან და მთავრდება ზურმუხტის ქალაქთან.
ჯადოქრობა
რედაქტირებაჯადოსნურ ქვეყანას ეწოდება „ჯადოსნური“, ვინაიდან მის ფარგლებში მოქმედებს ჯადოქრობა, რომელიც მთელ რეალურ მსოფლიოში გამქრალია. ეს არ ნიშნავს, რომ ჯადოსნური ქვეყნის მიღმა ჯადოსნური არაფერია, მაგრამ თავად ჯადოსნურ ქვეყანაში საოცრება ჩვეული საქმეა.
ბუნების კანონები
რედაქტირებაჯადოსნური ქვეყნის ტერიტორიაზე გამუდმებით შეიმჩნევა ბუნების ჩვეული წესებისგან გადახრები. ჯადოქარ გურიკაპის ნებით ორი ასეთი უცნაურობაა:
- მუდმივი ზაფხული. ქვეყანაში ყოველთვის თბილა.
- მოლაპარაკე ცხოველები და ფრინველები.
სხვა უცნაურობები ძირითადად, აიხსნება კვლავ და კვლავ გურიკაპის ნებით, მაგრამ პირდაპირი განმარტების მოძიება რთულია:
- უცნაური ცხოველები - მათი ნაწილი რეალურ სამყაროში ან ამოწყდა, ან ჩრდილოეთ ამერიკაში საერთოდ არასოდეს უცხოვრია.
- გეოლოგია - მაგალითად, მიწისქვეშეთი უფრო დიდია, ვიდრე რომელიმე ცნობილი გამოქვაბული.
- ჯადოქრობის თავისებურებანი - ჯადოსნური ნივთები და შელოცვები მოქმედებენ ჯადოსნურ ქვეყანაში, მაგრამ არ მოქმედებენ სამყაროს სხვა ნაწილებში.
- გაცოცხლებული მექანიზმები - ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ საუბრობენ არა მხოლოდ ცხოველები, არამედ ხელოვნური არსებები (ძირითადად, რთული მექანიზმები). ისინი ასევე მოძრაობას იწყებენ.
- ფიზიკის კანონების დარღვევა - მაგალითად, ენერგიის შენახვის კანონი ჯადოსნურ ქვეყანაში არ მოქმედებს. ასევე საგულისხმოა, რომ მფრინავი არსებები აქ უფრო დიდ ზომებს ატარებენ, ვიდრე რეალურ სამყაროში.
უცნაური არსებები
რედაქტირებაექვსივე რომანში გვხვდება ხელოვნური არსებები, რომლებმაც ენა აიდგეს და მოძრაობდნენ:
- საფთხობელა - სამყაროს ჯერ კიდევ მაშინ გრძობდა, როდესაც არ იქნა დასრულებული, ხოლო შემდეგ აღმოაჩინა, რომ შეეძლო საუბარი და მოძრაობა.
- რკინის შეშისმჭრელი - წარსულში იყო ადამიანი, მაგრამ საკუთარმა ნაჯახმა მოჩეხა სხეულის ნაწილები და ისინი შეცვალეს მექანიკური პროტეზებით.
- ურფინ ჯუსის ჯადოსნური ფხვნილით გაცოცხლებული არსებები:
- დათვის ბეწვი, თუთიყუშის ფიტული, ირმის რქები (ოდესღაც ცოცხალი არსებები)
- ხის ჯამბაზი ეოტ ლინგი
- 200-მდე ხის ჯარისკაცი, კაპრალი, პოლიციელები.
- ურფინ ჯუსის ხის გენერალი ლან პიროტი, მოგვიანებით ცნობილი, როგორც ცეკვის მასწავლებელი - გამოჭრილი იქნა იშვიათი პალისანდრისგან.
- მექანიკური ცხენები, ცეზარი და ჰანიბალი - ააგო ფრედ კანინგმა. იკვებებოდნენ მზის ენერგიით და იმართებოდნენ სპეციალური სახელურებით. ჯადოსნურ ქვეყანაში ენა აიდგეს, თუმცა ტექნიკურ თვისებებს კვლავ ფლობდნენ.
- ტილი-ვილი - რკინის გოლიათი, რომელიც ჩარლი ბლეკმა ალქაჯ არახნასთან საბრძოლველად ააგო. თავდაპირველად წარმოადგენდა მოსიარულე მექანიზმს, მაგრამ მოგვიანებით გაცოცხლდა.
ჯადოქრები
რედაქტირებაძირითადად, ცნობილია შემდეგი ჯადოქრები:
- არახნა - გიგანტური ალქაჯი, რომელიც ჯადოქარმა გურიკაპმა მრავალი წლის წინ დააძინა. არახნამ გადაწყვიტა ჯადოსნური ქვეყნის დაპყრობა.
- ბასტინდა - ბოროთი ფერია, ერთ-ერთი ოთხი ჯადოქრიდან. ჯადოსნურ ქვეყანაში მათთან ერთად დაახლოებით 400 წლის წინ გამოჩნდა და თავისთვის აირჩია იასამნისფერი მხარე. ფლობდა ჯადოსნურ ქუდს, რომლითაც მართავდა მფრინავ მაიმუნებს. ელიმ შემთხვევით გაადნო იგი, დაასხა რა წყალი. ბასტინდა გინგემას და იყო.
- ვილინა - ყვითელი მხარის ჯადოქარი. მოხუცი ფერია გრძელი ჭაღარა თმით. თან ატარებდა წინასწარმეტყველებების წიგნს, რომელიც დიდდებოდა და მცირდებოდა. მისი რჩევით ელი გაეგმგზავრა ზურმუხტის ქალაქში.
- გინგემა - ლურჯი მხარის ბოროტი ალქაჯი, ბასტინდას და. ცხოვრობდა გამოქვაბულში, სადაც მას ემსახურებოდა ბუ გუამოკოლატოკინტი (იგივე გუამოკო). ცნობილი გახდა იმით, რომ გამოიწვია საზარელი ქარიშხალი, რომელმაც კანზასის შტატამდე მიაღწია, ჰაერში ასწია ფურგონი, რომელშიც ელი და მისი ძაღლი ტოტო იმყოფებოდნენ და ჯადოსნურ ქვეყანაში გადმოაფრინა. ფურგონი გინგემას თავზე დაეცა, რითაც დასრულდა მისი ლურჯ მხარეში ბატონობა. მისგან დარჩა ჯადოსნური ფეხსაცმლების წყვილი, რომელთა ნამდვილი დანიშნულება, დიდ მანძილზე გადაადგილება, მხოლოდ პირველი რომანის ბოლოს გახდა ცნობილი. გინგემას ასევე შექმნილი ჰქონდა მაგნიტების მსგავსი ქვები, რომლებითაც გარე სამყაროდან მოვლენილ სტუმრებს იზიდავდნენ და არ აძლევდნენ ჯადოსნურ ქვეყანაში მშვიდად შესვლის საშუალებას.
- გურიკაპი - გიგანტური ჯადოქარი, რომელიც მრავალი ათასი წლის ცინ ცხოვრობდა. ცნობილია, რომ სწორედ მან აქცია ჯადოსნური ქვეყანა ჯადოსნურად. მოგვიანებით უცხოპლანეტელებმა მის სასახლეში საკუთარი ბაზა დააარსეს.
- რამინა - ფერია-თაგვი, მინდვრის თაგვების დედოფალი. რკინის შეშისმჭრელმა იგი კატისგან გადაარჩინა. მადლობის ნიშნად იგი ეხმარებოდა ელისა და მის მეგობრებს, შემდეგ კი ელის დას, ენისაც დაუმეგობრდა. მან უწინასწარმეტყველა ელის, რომ მესამე მოგზაურობა ჯადოსნურ ქვეყანაში მისთვის უკანასკნელი იქნებოდა.
- სტელა - ვარდისფერი მხარის ჯადოქარი, მარად ახალგაზრდა და მშვენიერი. მან უამბო ელის ჯადოსნური ფეხსაცმლების დანიშნულების შესახებ. მისივე ინიციატივით მფრინავ მაიმუნთა ბელად უორას გადაეცა მათი მმართველი, ჯადოსნური ქუდი. იმ დროიდან მაიმუნებს აღარაფერი მართავდა, მაგრამ მათ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ სტელასთან და მისი ინიციატივით სწორედ მათ მიაწოდეს საფრთხობელას ჯადოსნური ყუთი, რათა გუდვინისათვის თვალის დევნა შეეძლოთ.
ფსევდო-ჯადოქრები
რედაქტირება- გუდვინი - ამერიკელი, მოხვედრილი ჯადოსნურ ქვეყანაში. იგი მოფრინდა თავის საფრენი გასაბერი ბუშტით. ააშენა ზურმუხტის ქალაქი და 30 წლის მანძილზე წარმატებით არწმუნებდა ყველას, თითქოს დიდი ჯადოქარი იყო. თუმცა, ელიმ და მისმა მეგობრებმა გამოააშკარავეს იგი. მიუხედავად ამისა, გუდვინი დიდი ოსტატი იყო, რომელმაც ელის მეგობრებს სურვილები აუსრულა, რითაც დაამტკიცა, რომ ნამდვილი სასწაულის მოსახდენად არ არის აუცილებელი, იყო ჯადოქარი. ჯადოსნური ქვეყნის მოსახლეობა მას კვლავ თვლიდა ჯადოქრად.
- ურფინ ჯუსი - გინგემას ყოფილი ქვეშევრდომი, რომელმაც თავი მის მემკვიდრედ გამოაცხადა. ჯადოსნური ფხვნილის მეშვეობით გააცოცხლა დათვის ბეწვი, ხის ჯამბაზი ეოტ ლინგი და ხის ჯარისკაცები. რა დაიპყრო ზურმუხტის ქალაქი, განაგრძო ჯადოქრის რეპუტაციის შენარჩუნება - „იკვებებოდა“ ხელოვნური თაგვებითა და წურბელებით (როგორც გინგემა). მას შემდეგ, რაც დაკარგა ზურმუხტის ქალაქზე კონტროლი, თავი გამოაცხადა ცეცხლის მბრძანებლად, იყენებდა რა ჩარლი ბლეკის სანთებელას. მოგვიანებით სიკეთის მხარეს მოექცა.
ჯადოსნური ნივთები
რედაქტირება- ჯადოსნური წიგნები - თითქმის ყველა ჯადოქრის მფლობელობაში.
- ვერცხლის ფეხსაცმლები - გინგემას კუთვნილი ფეხსაცმლები. მათი დახმარებით შესაძლებელია გადაადგილება დიდ მანძილზე.
- ვერცლის სასტვენი - ელი და ენი ამ სასტვენით იძახებდნენ თაგვების დედოფალ რამინას.
- ოქროს ქუდი - ამ ქუდით მფლობელი სამჯერ იძახებდა მფრინავ მაიმუნებს. მათ შეეძლოთ მფლობელისა და მისი მოახლე პირების თითქმის ნებისმიერ ადგილზე გადაყვანა.
- ბასტინდას ქოლგა - ეხმარებოდა ბასტინდას ადგილიდან ადგილზე სწრაფად გადაფრენაში.
- შავი ქვები - გინგემას მიერ შექმნილი მაგნიტური თვისებების მქონე ქვები. გინგემას ისინი ჯადოსნური ქვეყნის საზღვრებთან განალაგა, რათა ყოველი სტუმარი თავისთან მიეზიდათ და მისი ქვეყანაში შესვლა შეეზღუდათ.
- ჯადოსნური ყუთი (ტელევიზორი) - წითელი ხისგან დამზადებული ყუთი, ეკრანით, რომელზეც აისახებოდა ყველაფერი, რის ხილვასაც მისი პატრონი ისურვებდა. ჯადოქარმა სტელამ იგი აჩუქა საფრთხობელას, რათა ამ უკანასკნელს დრო და დრო გართობის საშუალება ჰქონოდა. ყუთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ურფინ ჯუსთან და არახნასთან ბრძოლებში.
- ვერცხლის სალტე - მელათა მეფის მიერ ენისთვის ნაჩუქარი სალტე, რომელიც გაუჩინარების საშუალებას იძლეოდა.
- მფრინავი ხალიჩა - იყენებდა ალქაჯი არახნა.
ზოგადი ისტორიული ცნობები
რედაქტირებადასაბამი
რედაქტირებაჯადოსნური ქვეყანა შეიქმნა ძირითად მოვლენებამდე დაახლოებით 6000-7000 წლით ადრე, ჯადოქარ გურიკაპის მიერ. მანამდე ეს იყო ჩვეულებრივი ქვეყანა, მაგრამ გურიკაპმა მის გარემოს ჯადოსნური თვისებები მიანიჭა. მოხუცებულმა ჯადოქარმა გადაწყვიტა, დაესვენა, ვინაიდან ხალხმა თავი თხოვნებით მოაბეზრა. მომავალი ჯადოსნური ქვეყნის ტერიტორია მას დაუსახლებელი ეჩვენა და ამიტომ მან იგი საცხოვრებლად აირჩია, გარს შემოავლო გაუვალი მთები და უდაბნო. მისივე სურვილით ჯადოსნურ ქვეყანაში დადგა მარადი ზაფხული, ხოლო ცხოველები და ფრინველები ამეტყველდნენ. ვინაიდან ქვეყანაში ხალხები აღმოაჩინა, იგი დასახლდა გაუვალ მთებთან და ხალხს მასთან მიახლოება აუკრძალა.
არახნას დაძინება
რედაქტირებარამდენიმე საუკუნის შემდეგ ჯადოსნურ ქვეყანაში გამოჩნდა ალქაჯი არახნა, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობას უამრავი ტკივილი და ზიანი მოუტანა. გურიკაპი იძულებული იქნა, დაეძინებინა არახნა, ვინაიდან მისი მოკვლა გულკეთილობის გამო ვერ გაბედა. თუმცა, გაღვიძების შემდეგ არახნას ჯადოსნური ძალები დაუბრუნდა.
უცნობი ხანა
რედაქტირებარამდენიმე ათასი წლის შესახებ, რომელიც მოჰყვა არახნას დაძინებას, უცნობია. ცნობილია, რომ ჩამოყალიბდა რამდენიმე სახელმწიფო. არახნა კითხულობდა გნომების, მისი ქვეშევრდომების მიერ აღწერილ ისტორიას, მაგრამ ნახსენები აქვს მხოლოდ რამდენიმე ასეთი სახელმწიფო - ფეომის სამეფო, ბალანაგარის იმპერია, დიდი დამპყრობელი აგრანატი. ამ პერიოდში ასევე გარდაიცვალა და დავიწყებული იქნა გურიკაპიც.
ბოფაროს გადასახლება
რედაქტირებამეფე ბოფაროს, რომელიც ჯადოსნური ქვეყნის დასავლეთით ერთ-ერთ სახელმწიფოს მართავდა, ასევე ჰყავდა მემკვიდრე ბოფარო. ნარანია მრავალი წელი მეფობდა და ბოფარომ გადაწყვიტა მისი ტახტიდან ჩამოგდება. აჯანყება ჩახშობილი იქნა და სასჯელის სახით ბოფარო და მისი მომხრეები სამუდამოდ გადაასახლეს დიდ გამოქვაბულში, ცოლებთან და შვილებთან ერთად. ნარანიას ბრძანებით მათ მემკვიდრეებსაც ეკრძალებოდათ ზედა მიწაზე დაბრუნება.
გადასახლებულებმა მეფედ ბოფარო აირჩიეს. შუატბის ნაპირთან დაარსდა ქალაქი. მას შემდეგ, რაც მოდინარე კარუმმა შესძლო ექვსთათიანი საზარელი არსებების დამორჩილება და დრაკონების მოთვინიერება, ხალხმა მათი მრეწველობაში გამოყენება დაიწყო. მიწათმოქმედების განვითარების შედეგად ეკონომიკამ განვითარება დაიწყო. სულ უფრო მეტი ხალხი მუშაობდა მაღაროებში. ამიტომ ამ მხარეს მიწისქვეშა მემაღაროების მხარე დაერქვა.
ბოფაროს ანდერძი
რედაქტირებაბოფაროს ჰყავდა შვიდი ვაჟი და მემკვიდრე ვერ აირჩია. საბოლოოდ, რათა ინტრიგებისგან თავი დაეცვა, მემკვიდრედ შვიდივე დანიშნა, რათა ყოველი თვე ერთ-ერთი მათგანის მეფობის პერიოდი ყოფილიყო. მისი სურვილი ასრულებული იქნა. აშენდა სასახლე შვიდი ფერის კოშკებით, რომლებშიც თითოეული მეფე ცხოვრობდა. მაგრამ ამას ასევე მოჰყვა პრობლემები - კანონები ყოველ თვეში იცვლებოდა და ადგილი ჰქონდა გაუგებრობებს. სირთულეები გაგრძელდა საუკუნეების მანძილზე.
დამაძინებელი წყლის აღმოჩენა
რედაქტირებამიწისქვეშა ეპოქის მესამე საუკუნის პერიოდში მონადირე ორტეგამ ლაბირინთში აღმოაჩინა მანამდე უცნობი წყლის წყარო, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აძინებდა - უკვე მისი შესუნთქვით. გაღვიძებული ადამიანი კი ვერაფერს იხსენებდა, თუმცა მეხსიერების აღდგენა შესაძლებელი იყო რამდენიმე დღეში, სპეციალური ვარჯიშებით. დამაძინებელი წყლის თვისებებით დაინტერესებულმა დროის მცველმა ბელინომ საკუთარი წინადადება შემოიტანა. ამ დროიდან, შვიდი თვის განმავლობაში ერთ-ერთი მეფე მეფობდა, დანარჩენებს კი ეძინათ.
მარანების გადასახლება ზედა მიწაზე
რედაქტირებამიწისქვეშეთში მემაღაროეთა გარდა ასევე ცხოვრობდა მარანთა ტომი. სხვებისგან განსხვავებით ისინი დასახლდნენ მიწისქვეშა მდინარის ნაპირთან, გამოქვაბულის მსგავს ნაგებობში. მიწათმოქმედება აქ შეუძლებელი იყო. გადიოდა დრო და მარანები თავს მხოლოდ ნადირობით არ იკმაყოფილებდნენ და სცადეს დიდი გამოქვაბულის სხვა ნაწილის დაკავებაც, მაგრამ მემაღაროებმა ისინი ზედა მიწაზე გადაასახლეს. მრავალი წლის მანძილზე მარანები დაეხეტებოდნენ ჯადოსნურ ქვეყანაში და ეჩვეოდნენ დღის სინათლეს. გაველურებულებმა მარანებმა დაივიწყეს ცეცხლის გამოყენება. საბოლოოდ ისინი დასახლდნენ სამხრეთ მხარის მთიან და დაუსახლებელ ნაწილში.
ქვეყნის დაყოფა
რედაქტირებაჩრდილოეთ ამერიკის სხვადასხვა მხარეს ცხოვრობდა ოთხი ჯადოქარი - ორი კეთილი (ვილინა და სტელა) და ორი ბოროტი (დები, გინგემა და ბასტინდა). შეწუხებული ხალხის მიერ, ოთხივემ გადაწყვიტა, უფრო მშვიდი საცხოვრებელი ადგილი აერჩია და არჩევანი ჯადოსნურ ქვეყანაზე შეარჩია. თუმცა, პირველმა ორმა სხვა ორის შესახებ არაფერი იცოდა (და პირიქით). მოგვიანებით გადაწყდა, რომ ყველა საკუთარ მხარეს აირჩევდა. გინგემას წილად ერგო ლურჯი მხარე, ვილინას - ყვითელი, ბასტინდას - იასამნისფერი, ხოლო სტელას - ვარდისფერი. ასევე თითოეულმა დადო ფიცი, რომ საკუთარ მხარეს დიდი ხნით არ დატოვებდა.
გუდვინის გამოჩენა
რედაქტირებაერთხელ ჯადოსნური ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ჩამოფრინდა ბუშტი, რომელმაც ჩამოიყვანა ვინმე ჯეიმზ გუდვინი. სინამდვილეში ეს იყო კანზასელი, მაგრამ ადგილობრივებმა ჩათვალეს, რომ იგი ციდან ჩამოეშვა. მას კეთილ ჯადოქრად თვლიდნენ და გუდვინმაც ეს სიტუაცია გამოიყენა და თავი ცენტრალური, მწვანე მხარის მმართველად გამოაცხადა. რათა გაემყარებინა მდგომარეობა, გუდვინმა დაირქვა „დიდებული და საზარელი“. გავიდა დრო და შეიქმნა მისი, როგორც ჯადოსნური ქვეყნის ყველაზე ძლიერი ჯადოქრის რეპუტაცია, თუმცა სინამდვილეში ყველა მისი ჯადოქრობა მხოლოდ საცირკო ხრიკი იყო.
ზურმუხტის ქალაქის მშენებლობა
რედაქტირებამოგვიანებით გუდვინმა დაიწყო ზურმუხტის ქალაქის მშენებლობა. მისი ჩანაფიქრით, ქალაქს ყველა უნდა მოეხიბლა სიმდიდრითა და მშვენიერებით, ზურმუხტებისა და მწვანე მარმარილოს მეშვეობით. ვინაიდან საკმარისი რაოდენობის ზურმუხტი ვერ შეაგროვა, გუდვინმა სხვა ხერხი სცადა. მისი ბრძანებით, ნებისმიერს, ვინც ქალაქში შევიდოდა, უნდა ეტარებინა მწვანე სათვალეები და არ მოეხსნა ისინი, ვინაიდან, როგორც „ჯადოქარი“ ამბობდა, „მშვენები დააბრმავებდა“.
გუდვინისა და ბასტინდას ომი და შემდგომი მოვლენები
რედაქტირებამმართველობის პირველ ეტაპზე გუდვინმა სცადა ხამხამების ბასტინდას ბატონობისგან განთავისუფლება, გამოიყვანა რა მის წინააღმდეგ დიდი ჯარი. მაგრამ ბასტინდამ დაშალა იგი, მფრინავი მაიმუნების დახმარებით. ამიტომ გუდვინს ეშინოდა მათი და ზურმუხტის ქალაქის თავზე ყოველთვის იდგნენ მცველები, რომლებიც ცას თვალს ადევნებდნენ.
გუდვინს შეეშინდა, რომ ამ წარუმატებლობის შემდეგ მას, როგორც ჯადოქარს, უარყოფენ, ამიტომ ჩაიკეტა თავის დარბაზში და გარეთა რასოდეს გამოდიოდა. სხვადასხვა სტუმარს იგი ევლინებოდა ფიტულებისა და მექანიკური არსებების სახით. მისი ცხოვრების გამოკეტილი წესი გაგრძელდა, სანამ ჯადოსნურ ქვეყანაში არ გამოჩნდა გოგონა ელი, კანზასის შტატიდან.
ელი ჯადოსნურ ქვეყანაში
რედაქტირებაგინგემამ ერთხელ გამოიწვია საშინელი ქარიშხალი, რომელმაც კანზასის შტატამდე მიაღწია და ჯადოსნურ ქვეყანაში გადმოისროლა ფურგონი, რომელშიც გოგონა ელი და მისი ძაღლი ტოტო იმალებოდნენ. ფურგონი თავზე დაეცა გინგემას და გაანადგურა იგი. დარჩა გინგემას წყვილი ფეხსაცმელი, რომელიც მოგვიანებით ჯადოსნური აღმოჩნდა.
ჯადოქარ ვილინას მითითებით, ელი და ტოტო წავიდნენ ზურმუხტის ქალაქში, გზად კი შეიძინეს მეგობრები - საფრთხობელა, რკინის შეშისმჭრელი და ლომი. სამივეს ჰქონდა სურვილები: საფრთხობელას სურდა, გონიერი ყოფილიყო; რკინის შეშისმჭრელი გულს ითხოვდა, ხოლო მშიშარა ლომი - სიმამაცეს. ელი დარწმუნებული იყო, რომ ჯადოქარი გუდვინი მათ ამაში დაეხმარებოდა. მაგრამ გუდვინმა (რომელიც მათ სხვადასხვა სახით გამოეცხადა) მოსთხოვა მოგზაურებს იასამნისფერი მხარის ბასტინდას ბატონობისგან განთავისუფლება. ბასტინდასთან მისული მეგობრები შეიპყრეს, მაგრამ ელის დაეხმარა წყალი, რომელიც მან შემთხვევით გადაასხა ბოროტ ჯადოქარს, რითაც გაადნო იგი.
ზურმუხტის ქალაქში დაბრუნებულებმა აღმოაჩინეს, რომ გუდვინი სინამდვილეში იყო უბრალო ადამიანი კანზასიდან. მიუხედავად ამისა, მან აუსრულა სურვილი სამივე მეგობარს, ხოლო ელის შეჰპირდა კანზასში თან წაყვანას. მაგრამ ბუშტით გაფრენის დღეს ქარმა გაწყვიტა თოკი და გუდვინი მარტო, ელის გარეშე გაფრინდა. ელი, მეგობრებთან ერთად ეწვია ჯადოქარ სტელას, რომელმაც უამბო ჯადოსნური ფეხსაცმლების ძალის შესახებ. გოგონა დაემშვიდობა სხვებს და ტოტოსთან ერთად კანზასში დაბრუნდა.
ელის ჯადოსნურ ქვეყანაში პირველი მოგზაურობის შემდეგ ლურჯი მხარის უხუცესად აირჩიეს პრემ კოკუსი. იასამნისფერი მხარის მმართველად რკინის შეშისმჭრელი აირჩიეს, ხოლო ზურმუხტის ქალაქის მმართველად გუდვინმა გაფრენამდე საფრთხობელა დანიშნა. ხოლო ვარდისფერი მხარის ერთ-ერთ ტყეში ცხოველებმა ლომი საკუთარ მეფედ აირჩიეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მოყვარულთა საიტი დაარქივებული 2017-07-28 საიტზე Wayback Machine.