გრიგოლ ხუნჯუა

(გადამისამართდა გვერდიდან ხუნჯუა, გრიგოლ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხუნჯუა.

გრიგოლ ხუნჯუა (დ. 1 აპრილი, 1895 — გ. 16 მაისი, 1983) — ქართველი გეოდეზისტი, კარტოგრაფი და პედაგოგი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1939), დოცენტი (1939).

გრიგოლ ხუნჯუა
დაბ. თარიღი 1 აპრილი, 1895(1895-04-01)
გარდ. თარიღი 16 მაისი, 1983(1983-05-16) (88 წლის)
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა კანდიდატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გრიგოლ ხუნჯუამ დაამთავრა თბილისის მუშფაკი გეოდეზია-ტოპოგრაფიის სპეციალობით 1920 წელს.

1924 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადგეოგრაფიის და ანთროპოლოგიის კათედრაზე კარტოგრაფის თანამდებობაზე; 1924–28 წლებში მუშაობდა კარტოგრაფიის ინსტიტუტში; 1930 წლიდან ჩაება სახალხო მეურნეობის დარგების განვითარების ღონისძიებებში. ასრულებდა ხიდების და რკინიგზების გეოდეზიური უზრუნველყოფის სამუშაოებს. მისი ხელმძღვანელობით ხიდები აშენდა მტკვარზე (კვათისხევთან), ალაზანზე (ველისციხესთან).[1]

1939 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სატრანსპორტო ინსტიტუტში დოცენტის თანამდებობაზე. იმავე ინსტიტუტში ომის პერიოდში არჩეულ იქნა ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე, შემდეგ კი გეოდეზიისა და მარკშაიდერის კათედრის გამგედ.[1]

1960 წლიდან სამუშაოდ გადმოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის კარტოგრაფია-გეოდეზიის კაბინეტში დოცენტის თანამდებობაზე; 1973 წლიდან — ახლადგახსნილ კარტოგრაფია-გეოდეზიის კათედრის დოცენტად, სადაც კითხულობდა ლექციებს ტოპოგრაფია-გეოდეზიის საფუძვლებში და უმაღლეს გეოდეზიაში.[1]

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1939 წელს თემაზე: „მრუდზე ასაშენებელი ხიდების დაკვალვისა და დაგეგმარების საკითხისათვის“. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომი, მათ შორის სახელმძღვანელოები.[1]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ზოგადი და საინჟინრო გეოდეზიის კურსი. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1977;
  • პრაქტიკული გეოდეზია და კარტომეტრიის საკითხები. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1973;
  • გეოდეზია: სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ. თბ., თბილ. სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 1966;
  • გეოდეზიის კურსი, წ. 2. თბ., ტექნიკა და შრომას გამ-ბა, 1948;
  • გეოდეზიის კურსი, წ. 1. თბ., ტექნიკა და შრომა, 1946.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.