ხულა (შენობა)
ხულა — ქართული ტრადიციული შენობა, გამოიყენებოდა ხმელი ხილის, თხილის, წაბლის, კაკლის, სიმინდის, სხვადასხვა მარცვლოვანისა და თესლეულის შესანახად. არსებობდა ძელური, ფიცრული და მოწნული ხულები. ხულა ეზოში იდგა, როგორც დამოუკიდებელი, ერთსართულიანი და ერთსათავსიანი ნაგებობა. დახურული იყო ყავრის ან კრამიტის ორფერდა ან ოთხფერდა სახურავით, ჰქონდა ხის კარი. ხულასთან ერთად ერთ სახურავში ათავსებდნენ ბეღელსაც. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ხულა ეწოდება მაგარნაჭუჭიან ხილს. სავარაუდოა, რომ ხულის სახელწოდება აქედან წარმოიშვა. დასავლეთ საქართველოში ხულას ხშირად ბეღლის სინონიმად იყენებდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- რუხაძე, ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 513.
- ჯავახიშვილი, ივ., მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისთვის, ტ. 1. თბილისი, 1976
- რუხაძე, ჯ. „ხალხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართველოში“, თბილისი, 1976