ხოფის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

ხოფის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. მდებარეობს აფხაზეთის მთისწინეთის შემაღლებულ გორაზე. გუდაუთიდან დაშორებულია 18 კმ.-ით, ზღვის დონიდან 280 მ. ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენლი ქართული საამშენებლო წარწერის მიხედვით ტაძარი წმ. ნიკოლოზის სახელზე იყო აგებული. ეკლესია აგებულია X საუკუნეში.

ხოფის ეკლესიის წარწერა

1967 წელს ხოფში ადგილობრივმა გლეხებმა მიწის სამუშაოების დროს წარწერიანი ქვები აღმოაჩინეს, რომელიც დ. გულიას სახელობის აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში მიიტანეს. მალე ხელოვნებათმცოდნე ლეონ შერვაშიძემ ხოფში ორი დარბაზული ტიპის ეკლესია აღმოაჩინა, მათ შორის ერთ-ერთის გაწმენდისას დამატებით აღმოჩნდა წარწერიანი ქვების ფრაგმენტები. ამ ფრაგმენტებმა, ადრე აღმოჩენილი წარწერის სხვადასხვა ფრაგმენტებთან ერთად, შექმნეს ქვის ერთიანი ფილა ქართული ასომთავრული წარწერით, რომელიც ხოფის (ხუაფის) ტაძრის ფასადის ქვას წარმოადგენს. ფილის შუაში გამოსახულია რელიეფური, ტოლმკლავებიანი მალტური ჯვარი წარწერით

 
„ჯ(ვარ)ჲ ქ(რისტჱ)სჲ.“

წარწერის ფრაგმენტები თავიდან ინახებოდა დ. გულიას სახელობის აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში, ამჟამად ინახება დ. გულიას სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში.

ხოფის (ხუაფის) ეკლესიები სამეფო კარის ეკლესიები უნდა ყოფილიყო და ერთ-ერთი მათგანი, მასზე დაცული წარწერის შინაარის მიხედვით, წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის სახელზე ააგო ეგრის-აფხაზეთის მეფის გიორგი II-ის (922-957 წწ) მიერ.

ხოფის ეკლესიის წარწერა

რედაქტირება

წარწერის პირველაღმომჩენის ლეონ შერვაშიძის მიხედვით, ტექსტის შინაარსი მოგვითხრობს გიორგი მეფის მიერ, ქალიშვილის - გურანდუხტის დაბადების გამო, წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის სახელზე ტაძრის მშენებლობის ისტორიას:

 
„[ქ] აღ(ა)შ(ე)ნა წ(მიდა)ჲ ე [სე ეკლესიაჲ] [..] მ(ა)მ(ადმ)თ(ა)ვ(ა)რმ[ან], [...] მ(ე)ფ(ო)ბ(ა)სა გ(იორგ)ჲ(ს)სა, /ოდ(ე)ს / [გ(უა)რ(ა)ნდ(უ)ხტ] [დაი]ბადა , [........] მ(ი)სსა. წ(მიდა)ო ნ(ი)კ(ო)ლ(ო)ზ, მ(ეო)ხ ეყავ წ(ინაშ)ე ქ(რისტჱ)სა.“

პალეოგრაფიული თვალსაზრისით, წარწერა კიდურწაისრული დამწერლობის ნიმუშს წარმოადგენს, მაგრამ ქართულ ეპიგრაფიკაში X საუკუნით მყარად დათარიღებული კიდურწაისრული ქვის კალიგრაფიის ძეგლების არსებობა ხოფის წარწერის 922-957 წლებით დათარიღების საშუალებას იძლევა. ხოფის (ხუაფის) ეკლესიის მაშენებელი გიორგი მეფე არის ეგრის-აფხაზეთის მეფე გიორგი II (922-957 წწ.), რომელმაც ქალიშვილის დაბადების გამო მადლიერების ნიშნად, წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის სახელზე ტაძარი ააგო. მოგვიანებით გურანდუხტი „ქართველთა მეფის“ ბაგრატ II-ის ვაჟს გურგენს გაჰყვა ცოლად და ამ ქორწინების შედეგად დაიბადა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III (978-1014 წწ.), რომელიც „სამი ტახტის“ მემკვიდრე გახდა და იწოდა როგორც „მეფე აფხაზთა, ქართველთა“.

ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ,რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შერვაშიძე ლ., აფხაზეთის სამეფოს უცნობი ძეგლები სოფ. ხუაფში. კრებული: არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოში, თბ., 1969
  • Ахаладзе Л. В., Эпиграфичекие памятники Абхазии. Разыскания по истории Абхазии/Грузия, Тб., 1999
  • სილოგავა, ვ., სამეგრელო აფხაზეთის ეპიგრაფიკა, თბ., 2004
  • ახალაძე ლ., ქართული და სომხური წყაროები „აფხაზთა“ მეფეთა ტიტულატურის შესახებ. საისტორიო ძიებანი. ტ. VIII. თბ., 2004
  • ახალაძე ლ., ხუაფის ეკლესიის საამშენებლო წარწერა, აფხაზეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო, ლაპიდარული წარწერები I. თბ, 2005
  • ახალაძე ლ., თანამედროვე აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლები, თბ., 2010
  • ახალაძე ლ., აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლები, აფხაზეთის ისტორიი საკითხები, თბ., 2018
  • Ендольцева Е., Архитектурная пластика Абхазского царства (VIII–XI вв.): Из коллекции Абхазского государственного музея (г. Сухум, РА) Вестник ПСТГУ. Серия V: Вопросы истории и теории христианского искусства. 2019
  • ახალაძე ლ., ხოფის (ხუაფის) წმ. ნიკოლოზის ეკლესიისა და საამშენებლო წარწერის დათარიღების საკითხისათვის. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ. 19. თბ., 2020

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება