ხინჭების ამაღლების ეკლესია
ხინჭების ამაღლების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხინჭებში, 1 კილომეტრზე, სოფელ ხინჭებსა და კოჭბაანს შორის, ბზიან გორად წოდებულ ადგილზე.
ეკლესია გეგმის აღნაგობით იშვიათია. ხუროთმოძღვრული დამუშავების მხრივ იგი გარდამავალ ხანას უკავშირდება. ეკლესია გუმბათოვანია, გარედან ჯვრისსახა ტრიქონის ტიპისაა, შიგნით სამი აფსიდია, აღმოსავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. გარედან სამივე მკლავი სწორკუთხაა. ეკლესია ნაშენია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. გარეთა კედლების წყობაში გამოყენებულია საკმაოდ დიდი არაწესიერი ფორმის ლოდები.
ძეგლი ამჟამად ნანგრევადაა ქცეული. ეკლესიის ნაწილებიდან ყველაზე დიდ სიმაღლეზე აღმოსავლეთ მკლავი დგას. ეკლესიის შემორჩენილი ნაწილები შიგნით და გარეთ მიწითა დაფარული. ჰქონდა თუ არა ეკლესიას აფსიდი დასავლეთითაც, გათხრა-გასუფთავების გარეშე, არ დგინდება. ძეგლს სპეციალური თავისებურობა გააჩნია: გუმბათი აქ ეყრდნობოდა არა კედლებს, არამედ ოთხ მრგვალ წვეტს, რომლებიც მკლავების გადაკვეთის კუთხეებშია გამოყვანილი. სვეტები განცალკევებით კი არ დგას, არამედ კედლებთან არის შეზრდილი.
შესასვლელი ამჟამად მხოლოდ სამხრეთ აფსიდის ღერძზე ჩანს. სარკმელიც ერთია საკურთხეველში იგი ვიწროა, და თითქმის პარალელური წირთხლები აქვს. ეკლესია საქართველოს საეკლესიო არქიტექტურის ძეგლთან ყველაზე ახლოს ისტორიულ პროვინცია ოლთისში მდებარე ბახჩალო-ყიშლას ეკლესიასთან დგას.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 384-385.