ხეოთის წმინდა ბარბარეს ეკლესია

(გადამისამართდა გვერდიდან ხეოთის ეკლესია)

ხეოთის წმინდა ბარბარეს ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთში. ეკლესია დარბაზულია, ამჟამად დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ სამრეკლო, რომელიც აგებულია XV-XVI საუკუნეებში. ადრე ერთ მთლიან განუყოფელ ნაგებობას შეადგენდა. ახლა ეკლესია, სულ განადგურებულია: მთავარი ნაწილი სულ ჩანგრეულია, კედლები მცირე სიმაღლეზე დგას. ეკლესია გართულებული სხვადასხვა პერიოდში აგებული ნარტექსითა და ეკვდერებით (გარე ზომებია 16,1 X 16,4 მ.).

ხეოთის წმინდა ბარბარეს ეკლესია

ხეოთის ტაძრის სამრეკლო

ხეოთის წმინდა ბარბარეს ეკლესია — საქართველო
ხეოთის წმინდა ბარბარეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°33′09″ ჩ. გ. 43°06′33″ ა. გ. / 41.5525778° ჩ. გ. 43.1092861° ა. გ. / 41.5525778; 43.1092861
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

ქართული ხუროთმოძრვრებისათვის ერთდროულად აგებული ეკლესიისა და სამრეკლოს კომპოზიციური ერთიანობა ჩვეული მოვლენაა, მაგრამ ასე უშუალოდ დარბაზულ ეკლესიაში სამხრეთით ჩაშენებული სამრეკლო უჩვეულოა.

დარბზული ეკლესიის გაწმენდისა და საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ (ხელმძღვანელი არქიტექტორ-რესტავრატორი თ. ნემსაძე) კედლების სიმაღლემ 2,4-2,8 მეტრს მიაღწია, ზოგან კი 3 მეტრსაც კი გადააჭარბა (მხოლოდ დარბაზული ეკლესიის გარე ზომებია 6,95X11,35 მ.). ეკლესიაში ორი შესასვლელია, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. მიუხედავად ტაძრის დიდი დანაკარგებისა მაინც შესამჩნევია, რომ აქ საკმაოდ მონუმენტური სივრცე იქნებოდა. ნავის წაგრძელება საგრძნობია და აფსიდი აძლიერებს ამ შთაბეჭდილებას. გრძივ კედლებზე შემორჩენილი ორ-ორი პილასტრით თუ ვიმსჯელებთ, დარბაზის სივრცე პილასტრებითა და საბჯენი თაღებით სამ არათანაბარ ნაწილად იყო დაყოფილი. მოგვიანებით მიშენებულ სათავსოებში გასასვლელად გრძივ კედლებზე პილასტრებს შორის კარის ღიონენია გაჭრილი. ჩრდილოეთის სტოა ორნაწილიანია (სამრეკლოს გარდა მხოლოდ ამ სატავსოს შემორჩა გადახურვა), ტაძრის ეს ნაწილი გვიან მიაშენეს. შენობა ნაგებია ყორე წყობით და ეს განსხვავება საგრძნობია ტაძრისა და სამრეკლოს აღმოსავლეთის ფასადების თლილი ქვით წყობასთან შედარებისას.

სამხრეთიდან ეკლესიასთან ერთად ორიარუსიანი სამრეკლოა აგებული. ასმრეკლოს პირველი სართული საკურთხევლიდან მცირე სამლოცველოს წარმოადგენს. დასავლეთის ნარტექსი მთავარ ტაძარსა და სამხრეთის მინაშენს აერთიანებს. ნარტექსში შესასვლელი დასავლეთის კედლის შუაშია გაჭრილი. შესასვლელიდან პირდაპირ ყრუ კედელია, მარჯვნივ და მარცხნივ პილასტრებით გამოყოფილ სწორკუთხა მონაკვეთებში გასასვლელებია, საიდანაც ეკლესიაში ან მის სამხრეთის მინაშენში ვხვდებით.

სრულად გადარჩენილია მხოლოდ ორიარუსიანი სამრეკლო (სავარაუდოა, რომ აქ ადრე დაზიანებული ტაძარი იყო და ამ დროს, სამრეკლოს აგებასთან ერთად, მისი მნიშვნელოვანი აღდგენა მოხდა). სამრეკლოს პირველი სართული საკურთხევლიან მცირე სამლოცველოს წარმოადგენს (გარე ზომებია 5,9 X 6,5 მ.), რომელშიც ორი შესასვლელია, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. მისი აფსიდი სამრეკლოს ქვედა სართულის სწორკუთხა კონტურშია ჩაწერილი. აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედელში გაჭრილი ორი სარკმელი სუსტად ანათებს სამლოცველოს. საკურთხევლის სატრიუმფო თაღის მსავსად დანარჩენ სამ მხარეს კედლის თაღოვანი ნიშებია, თაღების ამ სისტემას სამლოცველოს გადახურვის კამარა ებჯინება. სამლოცველოს ქვემთთ თაღით გადახურული კრიპტა-სამარხია. საძვლეში ჩასასვლელი დასავლეთიდანაა.

აფსიდში, საკურთნევლის სარკმლის გვერდებზე, სწორკუთხა ნიშებია. საკურთნევლის სარკმლის გვერდებზე, ტრაპეზის ზემოთ ქვის ფილაზე, ორი რელიეფური ჯვარია გამოსახული. ჯვრებს ასომთავრული წარწერები ერთვის. მარჯვენა ჯვრის წარწერაში სავარაუდოდ ქტიტორია მოხსენებული და ასე იკითხება: „ქრისტე ადიდე ულუმპი.. ხანძთელ.., მათ აღაშენეს“ (წაკითხვა მოცემულია ვ. სილოგავას მიხედვით). მარცხენა ჯვრის წარწერა „წმიდა ბარბალე“ (წაკითხვა ვ. ბერიძის მიხედვით) იმ წმინდანს ახსენებს, რომლის სახელზეც ეკურთხა ეკლესია. დღეს მთელი კომპლექსი წმ. ბარბარეს სახელზეა ნაკურთხი.

ორივე წარწერა შეისწავლა ვალერი სილოგავამ და „ეს ორი წარწერა შეიძლება დათარიღდეს X საუკუნით, ან XI საუკუნის დასაწყისით“. ხეოთის სამრეკლოში ჯვრის გამოსანულებიანი ორი ქვა მეორედ გამოიყენეს და სამრეკლო-სამლოცველოში საკურთხევლის სარკმლის გვერდებზე, გამორჩეულ, წმინდა ადგილზე ჩასვეს.

ამ ნაგებობის მეორე იარუსი წრიული გეგმის სამრეკლოა, რომელიც თერთმეტ სვეტზე აღმართული თაღნარია და დახურულია თუნუქით შემოსილი პირამიდული სახურავით (უჩვეულოა თერთმეტი სვეტის აღმართვა, რადგან სხვა შემთხვევბში სამრეკლოს სვეტების რაოდენობა ყოველთვის წყვილია). სვეტები წრიული გეგმის საფუძველზეა აღმართული. სამრეკლოს ფანჩატურში შესასვლელი გახსნილია სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან.

სამრეკლო გარედან დამჯდარი პროპორციებისაა, საგრძნობია ქართული ხუროთმოძღვრებისათვის უჩვეულო სიმძიმე, რასაც აძლიერებს ქვედა კუბზე საგრძნობლად მაღალი ფანჩატური. სამრეკლოს ქვედა სართული შემოსილია კარგად გათლილი ქვის კვადრებით (აღმოსავლეთის ფასადზე ქვის ასეთი წყობა ძირითადი დარბაზული ეკლესიის ფასადზეც გრძელდება). ფასადებს მორთულობა არ აკლია. სამრეკლოზე ორი წარწერის ფრაგმენტია შემორჩენილი. ასომთავრული წარწერა, სამრეკლოს თაღედის საფუძველზე, თითქმის მთლიანად გადაშლილია და სულ სამი ასო იკითხება. კარნიზის ორნამენტულ შემკულობასთან ჩართული შვიდსტრიქონიანი წარწერა მხედრულია, გარკვევით იკითხება პირველი ორი სიტყვა „ამ სამრეკლოსა“ და ბოლო სიტყვა „ამისამა“. პალეოგრაფიულად ორივე წარწერა გვიან ფეოდალური ხანისაა, შესაძლოა სამრეკლიოს აგების თანადროული.

დასავლეთის ფასადზე შესასვლელ კარს სწორკუთნა საპირე-ჩარჩო აქვს შემოვლებული, ასეთი ზომის კარისათვის საკმაოდ განიერი დეკორატიული ზოლით, რომლიც გარედან მოჩარჩოებულია ორი წყვილი ლილვით. შესასვლელის თავზე, საპირეში დაბალი რელიეფის ჯვარია, რომელიც სცდება საპირის ფარგლებს და კედელზე გადადის, შესასვლელის მორთულობის გვერღებზე დეკორატიული მოტივებია ჩასმული.

ორი სარკმელი, სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფასადებზე, თაღოვანია, საპირეები შემოკავებულია შეწყვილებული ლილვით. დეკორი გეომეტრიულია, ქვაზე კვეთის გადაბმა ერთი ქვიდან მეორეზე არაა ერთიანი, თაღოვანი ნაწილი კი ოსტატს განსხვავებული სახის დეკორით შეუვსია. ლილვები, გრეხილი ლილვის გავლენით, შევსებულია ცერად დაღარული ხაზებით. აღმოსავლეთის ფასადზე, საკურთხევლის სარკმლის აქცენტირებისათვის სადა ლილვებით ჰორიზონტალური სწორკუთხა დაბალი მოცულობებია გამოყვანილი.

ფანნატურის ბოძების გარე ზედაპირი შევსებულია ორნამენტული მოტივებით, თუმცა მათ ერთიანი მხატვრული შერჩევა არ ეტყობა. დეკორის რეპერტუარი მრავალგვარია. სვეტები, კაპიტელის მსგავს, დეკორით შემკული ჰორიზონტალური ზოლით მთავრდება, რომელიც სვეტის ზომას არ სცილდება. მასზე ორ ქვაში გამოთლილი თაღია დაბჯენილი, თაღების ნაწილი გაფორმებულია შეწყვილებულლილვიანი შეშკულობით.

სამრეკლოს წიბოებზე კვადრატული ფილებია ჩასმული. სამრეკლოს ქვედა სართულის კარნიზი სამნაწილიანია და შედგენილია ლილვებით და წრეთარგით. ლილვები დამუშავებულია დიაგონალურად დასერილი ღარებით, წრეთარგი შევსებულია გეომეტრიული ორნამენტებით. სამრეკლოს თაღედის საფუძველია წყვილი მასიური ლილვი და თაროსებრი შვერილი (აქაც ლილვები დასერილია დიაგონალური ღარებით). სამრეკლოს ორი ლილვით შემოკავებული, ნაწილობრივ დეკორით შვვსებული ფართო სარტყელი ასრულებს.

გაწმენდის შედეგად აქ ათიოდე სტელა-ჯვარია მიკვლეული. ხეოთის სამრეკლოს შესრულების ხარისხი, დეკორის ხასიათი, ქვაზე კვეთის რეპერტუარი სამრეკლოს XV საუკუნით ათარიღებს. თუმცა დისკების უწყვეტ ჯაჭვიანი კარნიზის ორი ფრაგშენტი, სტელა-ჯვრების არსებობა, ასევე რვა ქვა ასომთავრული წარწერით, იქ ადრეული ხანიდან ეკლესიის კვალზე მიგვანიშნებს (ამდენი ფრაგმენტის სნვა ნაგებობიდან გადმოტანა ნაკლებ სავარაუდოა). პალეოგრაფიული ნიშნებით მოძიებული წარწერები X საუკუნეებს განეკუთვნება. შინაარსით წარწერების ნაწილი მოსახსენებელია, ნაწილი გარდაცვლილთა სულის სახსენებელია.

ტაძარი და მიმდებარე ტერიტორია 1996 წელს გაიწმინდა, ტაძრის სამხრეთის კედელთან წარწერიანი ორი ქვა დევს, სადაც აღნიშნიულია გაწმენდის მოთავეთა ვინაობა და სამუშაოს შემსრულებელთა გვარები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 470.
  • ბოჭორიძე გ. მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1992
  • ბერიძე ვ. სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970
  • სილოგავა ვ. ხეოთის ახალაღმოჩენილი წარწერები, მესხეთი I, თბ., 1997
  • შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები, თბ., 2012
  • ხარაძე კ. სამცხის ბუნებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლები, თბ., 2016
  • გ. მარსაგიშვილი, „ხეოთის წმინდა ბარბარეს ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 510-518