ხელთუბნის ყორღანული ველი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

ხელთუბნის ყორღანული ველი — არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში. სავარაუდოდ თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრით. შედგება ორი ჯგუფისაგან, ე. წ. გორაკების მიწებისა და თანდიწყაროსაგან. გორაკების მიწების (ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილს ზეიანებს და შამპანურებსაც უწოდებს) ყორღანების ჯგუფი მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფელ ხელთუბანსა და სოფელ კვარხითისაკენ მიმავალ სასოფლო გზას შორის. თანდიწყაროს ჯგუდი სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1კმ-ზეა, ამავე სახელწოდების წყაროს მახლობლად, ქვემო ახალსოფლისაკენ მიმავალ გზასა და მეღორეობის ფერმას შორის. მთელი ყორღანული ველი მოხნულია. ყორღანულ ველზე სამი სახის ყორღანებია: ქვამიწაყრილიანი, ქვისზღუდიანი მიწაყრილიანი და ქვაყრილიანი. ყრილები თითქმის მიწასთან არის გასწორებული. შედარებით კარგად შემონახული ხუთი ყორღანის დიამეტრი მერყეობს 15-დან 40 მ-მდე, სიმაღლე - 0,8 მ-მდე.

ველზე გაითხარა ორი ყორღანი (გორაკების მიწების ჯგუფი). N 4 ყორღანი, რომელიც მდებარეობს სოფლიდან 0,5 კმ-ზე, თარიღდება ძვ. წ. XXIV-XXII საუკუნეებით და უნდა ჩაითვალოს თრიალეთის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ყორღანების თანადროულად. გათხრის დროს ერთ-ერთ ყორღანს უკვე აღარ ჰქონდა ყრილი. მის არსებობაზე მიგვანიშნებდა რიყის ქვის ძლიერ დეფორმირებული წრიული სარტყელი (17x14 მეტრი) და ცენტრალურ ნაწილში რიყის ქვების სიჭარბე. სამარხი ორმო (3x2,5 მეტრი, ფსკერთან - 2,5x2 მეტრი, სიღრმე 1,2 მეტრი) ამოჭრილი ყოფილა დაახლოებით ყრილის ცენტრში. იგი დამხრობილი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ. სამარხი კუთხეებმომრგვალებულია. ფსკერზე, ჩრდილო-აღმოსავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის კედლების გასწვრივ, ურმის თვლებისათვის ამოღებულია 0,2-0,25 მეტრი სიღრმისა და ამავე სიგანის თხრილები (ურემი შემონახული არ არის). სამარხი ძლიერ დაზიანებულია, ალბათ გაძარცულიც. ვერ დადგინდა მიცვალებულის დაკრძალვის პოზა. ნაპოვნია ერთი ტუფოგენური ქვის სანაყი და ხუთიოდე თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. აღდგა მხოლოდ ერთი ჭურჭელი. სამარხის თავზე უნდა ყოფილიყო მცირე ქვაყრილი, შემდეგ კი-მიწაყრილი, რომელიც 1,5-2 მეტრი სიგანის რიყის ქვის სარტყელით იყო შემოზღუდული. მეორე ყორღანი მდებარეობა წინა ყორღანის ჩრდილო-აღმოსავლეთით 150მ-ზე. თარიღდება დაახლოებით ძვ. წ. XXIII-XXI საუკუნეებით, რასაც ადასტურებს სამარხეული კერამ. ნაწარმის ერთგვარი მსგავსება მტკვარ-არაქსის კულტურის დასასრულისა და ე.წ. ალაზან-ბედენური პერიოდის მასალებთან.

რადიონახშირბადის დათარიღების დღეისთვის არსებული შესწორებული მნიშვნელობების გათვალისწინებით კი შეიძლება ძვ. წ. XXVII-XXVI საუკუნეებს მივაკუთვნოთ. ეს ყორღანიც მთლიანად იყო გადასწორებული. დასაკრძალავი ორმო მდებარეობდა ყორღანის ცენტრში. ორმო ძელებით გადაუხურავთ. მასზე ჯერ ქვაყრილი (8x6 მეტრი), შემდეგ კი მიწაყრილი (დიამეტრი 23 მეტრი) აღუმართავთ. მიწაყრილისთვის, ჩამორეცხვისა და გაფანტვის თავიდან ასაცილებლად, შემოუვლიათ რიყის ქვის (სიგრძე 1,5 მეტრი) სარტყელი. სარტყელის ჩათვლით ყორღანის დიამეტრი 26 მეტრია. სამარხი ორმო (ზედაპირთან 4x3,25 მეტრი, ფსკერთან 3,55x2,50 მეტრი) სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენაა წაგრძელებული და ამორფული ოთხკუთხედის ფორმა აქვს. მისი სიღრმე მინდვრის ძველი ზედაპირიდან 2,25 მეტრია. სამარხი დაზიანებულია. დამტვრეული და ერთმანეთში არეულია სამარხეული ინვენტარი (თიხის ჭურჭელი, სარდიონის, თეთრი მინის იოტა მძივები, ნიჟარა, ბრინჯაოს მრგვალი ღერო, ოთხწახნაგა, მოკლე, პირამიდულწვერიანი, ბოლოგათხელებულღეროიანი ისრისპირი). სამარხეული მასალა თითქმის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან თავმოყრილი იყო ორმოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სამარხის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში აღმოჩნდა ტალახითა და ქვით საგანგებოდ ნაგები მცირე ბაქანი (0,8x0,8x0,6 მეტრი), რომელიც ფარავდა ამ კუთხეში სამარხის ფსკერთან არსებულ მომცრო (0,6x0,4 მეტრი) ხვრელს (ქვაბულს). ხვრელი ცარიელი იყო. სამარხი ინჰუმაციურია. დაკრძალვის წესი გაურკვეველია. დასაკრძალავ რიტუალში გამოყელებული ყოფილა ოთხთვალა ურემი თუ საზიდარი, რასაც ადასტურებს სამარხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელზე ურმის ერთი თვლის ანაბეჭდი და სამარხის ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით ორმოს ფსკერზე გავლებული ორი პარალელური თხრილი-ღარი.

ლიტერატურა რედაქტირება