ჭოტისუბნის წმინდა მარინეს ეკლესია

ჭოტისუბნის წმინდა მარინეს ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთის სამხრეთით 6 კილომეტრში, ბორცვზე. თარიღდება X საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია დიდი ზომის ქვის ბრტყელი ფილებით. ძლიერ დაზიანებულია: მთლიანადაა ჩანგრეულია სახურავი და კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი; მხოლოდ აღმოსავლეთ კედელს აქვს შემორჩენილი პერანგის ნაწილი და ერთი პატარა სარკმელი. ეკლესია ამოვსებულია მიწითა და ნანგრევებით. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარის არქიტრავზე ხუთსტრიქონიანი წარწერაა, რომელიც ძნელად იკითხება. მასში მოხსენიებულია ეკლესიის მშენებელი ვინმე გაბრიელ გალატოზი. წარწერის ორივე მხარეს გამოსახულია ჯვრები, რომელთა მხრები და თავი წყვილბოლოიანია და სტილიზებული ფრთების გამოსახულებითაა დასრულებული. მეორე, შედარებით მცირე ზომის დაზიანებულწარწერიანი ქვა დარბაზის ჩრდილოეთ კედელშია ჩატანებული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.