ჭინჭარაულების პირველი ციხე-სახლი
ჭინჭარაულების პირველი ციხე-სახლი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კისტანის სამხრეთით, ნასოფლარ ლებაისკარის ტერიტორიაზე. ძეგლი განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ციხე-სახლი ორსართულიანია. ჩრდილოეთიდან ეკვრის გვიანდელი მინაშენი. ძეგლი არის ძლიერ დაზიანებული. სახურავი და სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. მინაშენის მხოლოდ 2,5 მეტრის სიმაღლის კედლებიღაა შემორჩენილი.
ციხე-სახლის პირველი სართული საქონლის სადგომია, შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. მის ორივე მხარეს თითო სათოფურია, სამხრეთ კედელში კი ერთი. კარს წირთხლებში საურდულე ხვრელები აქვს. მეორე სართული საცხოვრებელი და სათავდაცვოა. აღმოსავლეთით შესასვლელი და ერთი სარკმელია, სამხრეთით კი მხოლოდ სარკმელი. დასავლეთ კედელში არის ერთი სათოფური, ჩრდილოეთისაში ორი. ამ უკანასკნელებს გვიანდელი მინაშენი ფარავს. მინაშენი სამეურნეო დანიშნულებისაა. აღმოსავლეთ კედელში შესასვლელი და ერთი სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში ერთი ნიში და ორი სათოფური, დასავლეთით კი ერთი ნიში და ერთი სათოფური.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქალდანი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 267–268.