ჭიკაანის უსანეთის ეკლესია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჭიკაანის უსანეთის ეკლესიაყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელი ჭიკაანის არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფლის მიდამოებში, წიწკანაანთ სერზე. თარიღდება შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ყორე ქვითა და კირის ხსნარით. მოგვიანებით მისთვის დასავლეთიდან მიუდგამთ ნატეხი ქვით და აგურით ნაშენი ორსართულიანი სამრეკლო. ძეგლი დაზიანებულია: ჩამოშლილია ეკლესიის საბურავი და ლავგარდნის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაბზარულია ეკლესიის კედლები, სამრეკლოს მეორე ნაწილის ზედა ნაწილები ალაგ-ალაგ მონგრეულია. ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან აქვს - სამრეკლოს პირველი სართულიდან. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან - თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ვიწრო, პთხკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის სამხრეთით და ჩრდილოეთით მოწყობილია თითო სწორკუთხა, სამალავიანი ნიშა. ერთი ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელი სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. აღმოსავლეთ სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიშენებულია კუბური ფორმის ტრაპეზი. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, რომლის ნახევარწრიული თაღი აფსიდის მხარს ეყრდნობა. საკურთხეველი დარბაზისგან გამიჯნული იყო ქვის კანკელით, რომლის მცირე ნაწილიც ჯერ კიდევ შემორჩენილია. შიგნით ეკლესია გადახურულია ქარგილზე დასხმული ნახევარცილინდრული კამარით. სამრეკლო ნატეხი ქვითა და აგურითაა ნაგები. მისი პირველი სართული გეგმით კვადრატულია. მის ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში გაჭრილია გარედან თაღით, ხოლო შიგნიდან თარაზულად გადახურული შესასვლელი. დასავლეთ კედელში კი - ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელი. სართული გადახურულია დადაბლებული პროპორციების მქონე გუმბათოვანი კამარით. სამრეკლოს მეორე სართული, შიგნიდან და გარედან, რვაწახნაგოვანი ფანჩატურია, რომლის თითოეულ წახნაგში თითო ვიწრო, მაღალი სარკმელია გაჭრილი.

ლიტერატურა

რედაქტირება