წოფი I — გვიანდელი აშელისა და ადრინდელი მუსტიეს ხანის ძეგლი სოფ. წოფის (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მახლობლად. ბანასწყლის მარცხენა ნაპირზე. წარმოადგენს გამარმარილოებული კირქვის ნაპრალში მოწყობილ ღია ტიპის ძეგლს, სადაც ადამიანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობდა. აღმოჩენილია 1957 (აკად. ნ. ბერძენიშვილი), გათხრილია 1957-1958 (გ. გრიგოლია). კულტურული ფენის საერთო სისქე 3 მ-ზე მეტია. გამოვლინდა 5 საცხოვრებელი ჰორიზონტი, რომლებიც ერთმანეთისაგან მხოლოდ შეფერილობით განსხვავდება. მოპოვებულია 2800 ქვის ნივთი (მათ შორის ნუკლეუსები, ანატკეცები, სახოკები, წვეტანები და სხვა). წოფი I-ის ქვის ინდუსტრია არალევალუაზური, არაფაცეტირებულია, ახლოს დგას მუსტიეს კულტურის ვარიანტთან და ჯერჯერობით ცალკეა საქართველოს პალეოლითურ ძეგლებს შორის. წოფი I-ში დადგენილია ცხოველთა 11 სახეობა. წოფი I-ის ფაუნა: ბეწვიანი მარტორქა, ნამარხი ცხენი და ვირი, ნიამორი, დაღესტნური ჯიხვი, კეთილშობილი ირემი, დომბა, დათვი და სხვა.

წოფის ინვეტარში აღმოჩენილია „შომუ-თეფეს ტიპის“ შემადგენელი ნამგლის ჩანართები. არის აგრეთვე ამ ნამოსახლარზე ცნობილი დაკბილული მსხვილრეტუშიანი სამკელი დანა. აქვე ნაპოვნი ორი დიდი ზომის ობსიდიანის ლამელა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გრიგოლია გ., ქვემო ქართლის პალეოლითი (დამარხული გამოქვაბული წოფი I), თბ., 1963;
  • Тушабрамишвили Д. М., Палеолит в Грузии, «საქართველოს მღვიმეები და გამოქვაბულები», 1981, ტ. 9;
  • თუშაბრამიშვილი დ., ქსე, ტ. 11, გვ. 344, თბ., 1987