წიფრანის სამაროვანი

წიფრანის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფრანის ქვემო უბანში. მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირას, ტერასაზე. თარიღდება II-IV საუკუნეებით. 1981-1983 წლებში გათხრა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.

სამაროვანის პირველი უბანი ბორცვზეა. ორმოსამარხები აქ მიწის ზედაპირიდან 0,7-3 მეტრ სიღრმეზე მჭიდროდაა განლაგებული. ერთი სამარხი ძვლებით იყო გამართული. მიცვალებულები ესვენენ მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, ხელფეხმოხრილი, თავით სამხრეთისკენ. სამარხები ძირითადად ინდივიდუალურია. შიგ აღმოჩნდა თიხის და მინის ჭურჭელი, რკინის შუბისპირები, ისრისპირები, დანები, მრავალფეროვანი სამკაულები. მეორე უბანი პირველი უბნისგან ასიოდე მეტრზეა. აქ გათხრილია ტერასულად განლაგებული 10 ორმოსამარხი. ზოგიერთს სამი მხრიდან ქვები ჰქონდა შემოწყობილი. სამარხები მიწის ზედაპირიდან 0,75-1,35 მეტრ სიღრმეშია მოთავსებული. ყველა მიცვალებული დაკრძლულია მარცხნივ გვერდზე, ხელფეხმოხრილი, თავით სამხრეთისკენ. სამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, რკინის დანები, ბრინჯაოს წინწილები, აბზინდები, საკიდები, ზარაკები, ჯიხვის გამოსახულებიანი ფიბულა და სხვა. მოპოვებული მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა რედაქტირება