წინარეხის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი

წინარეხის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსიეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში. ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი მდებარეობს სოფლის ცენტრში, უჭუჭიანთ უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ეკლესია, კოშკი, სამრეკლო და გალავანი.

წინარეხის ღვთისმშობლის ეკლესია და სამრეკლო
სამშენებლო წარწერა აღმოსავლეთის ფასადზე

ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (8,42 X 5,5 მ). აღმოსავლეთ ფასადზე ასომთავრული წარწერის თანახმად აუგია „ტფილელ ეპისკოპოზს“ ბარნაბა ფავნელისშვილს 1588 წელს. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო ნახევარწრიული ნიში. ასეთივე სარკმელია სამხრეთ კედელში. შიდა სივრცე მაღალია და ზევითკენ ვიწროვდება. დარბაზი გადახურულია კამარით, რომელიც გრძივ კედლებს ეყრდნობა.

ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. შელესილობის ქვეშ შეიმჩნევა მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელი გამაგრებულია ორი კონტრფორსით, რომლებიც გადახურულია კრამიტით.

კოშკი ეკლესიის დასავლეთ კედელზეა მიდგმული და სიმაღლით ეკლესიას უსწორდება. ორივე ნაგებობა გადახურულია საერთო ორფერდა სახურავით, შემოვლებული აქვს აგურის ერთიანი თაროსებრი ლავგარდანი. მოგვიანებით ეკლესიის დასავლეთ კედელი გაჭრეს და ფართო თაღოვანი მალით ეკლესია კოშკს შეუერთეს. ეკლესიის იატაკის დონე გააგრძელეს, რის შედეგადაც კოშკის ქვედა სართული ორ ნაწილად გაიყო. კოშკის დასავლეთ კარის ზედა ნაწილი სარკმლად გადაკეთდა. კოშკის ქვედა სართულის შესასვლელები ამოქოლილია. ზედა, ბოლო სართული შეისრული კამარით გადახურული იზოლირებული სათავსია, რომელსაც ჩრდილოეთიდან თაღოვანი შესასვლელი აქვს. დასავლეთ კედლის ცენტრში სათოფურია.

სამრეკლო დგას ეზოს შესასვლელთან, ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით. მისი პირველი სართული მასიურია. მასზე აღმართულია სამრეკლოს ოთხბოძიანი აგურის ფანჩატური. კომპლექსს შემოვლებული აქვს გალავანი.

ლიტერატურა

რედაქტირება